ვის ბრალდება ,,გურიის“ დღევანდელი მდგომარეობა და რატომ არის ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემიის გახსნა ,,ზღაპარი“

gtნუგზარ ცინცაძე(ცანცუა): _,, რაც არ უნდა გავექცეთ ამას, ფეხბურთში კორუფციაა“

,,ჰო და არასთან“ არსებულ ,,თავისუფალ სახლში“ გაიმართა დისკუსია საფებურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიის“ ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსები, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ასევე რიგითი გულშემატკივრებიც. დისკუსია ში მონაწილეობა მიიღეს: გოგი ფაცურიამ_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ,,გურიას“ რამდენიმეგზის დირექტორმა; აკაკი იმნაიშვილმა_ საკრებულოს დეპუტატმა და ყოფილმა ფეხბურთლმა; რამაზ გვარჯალაძემ_ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ,,ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს; გია გოგუაძემ_ ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა და წარსულში ,,გურიას“ პრეზიდენტმა; გია ნაჭყებიამ_ სახელმწიფო აუდიტის სამსახური; თემურ ჩხაიძემ_იყო გრიგოლეთის ბაზის დირექტორი 27 წლის განმავლობაში; დურმიშხან ჩხაიძემ_ ცნობილი ლანჩხუთლი მწვრთნელი და ახლა ლანჩხუთის ქალთა ფეხბურთის სულისჩამდგმელი; ელგუჯა ჩხაიძემ_ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი; რამაზ ფირცხალაიშვილმა_ კაცი, რომელმაც თავის დროზე ,,ჩიბათის“ გუნდი მთლიანად გადმოიყვანა ,,გურიას“ ბაზაზე, რათა ლანჩხუთში ფეხბურთი არ წაშლილიყო; ჯანო ქინქლაძე_ ,,გურიას“ფანკლუბის ხელმძღვანელი და გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარი; ნუგზარ ცინცაძე(ცანცუა)_ალბათ, ყველაზე ექსცენტრული და ამავდროულად პირდაპირი ჩინოვნიკი, მასზე ამბობენ, სადაც ,,გურიაა“, ცანცუაც იქ არისო; ვახტანგ ზენაიშვილი_ ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე; ირაკლი ჩხაიძე_ მუშაობდა ,,გურიაში“; ,,გურიას“ ლეგენდარული ფეხბურთლები: ჯემსუატ ურუშაძე, თამაზ კვირკველია, ომარ პერტენავა, ბეგი სიხარულიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ რიგითი გულშემატკივრებიც;
მოწვეულნი იყვნენ მოქმედი საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც იმის გამო ვერ მოვიდნენ, რომ ამ დღეს კობა მირზაშვილს ინვესტორები ჰყავდა მიყვანილი მერიაში სწორედ ,,გურიას“ თემაზე. ჩვენ დავუკავშირდით ასევე ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ რაიონში არ იმყოფებოდა, ამავე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ლადო გვარჯალაძის მოსვლაც. არ მოვიდა თემურ ალექსაიაც, რომელი გურიის ფედერაციის გენერალური მდივანია, კახა ებრალიძეს თქმით, ის მზადაა ,,გურიას“თემაზე ნებისმიერ დროს ისაუბროს, მაგრამ ახლა გარკვეული მიზეზების გამო შეხვედრას ვერ დაესწრებოდა.



დამსწრე საზოგადოებას პირველმა ,,ჰო და არას“ რედაქტორმა_ ნონა გიგინეიშვილმა მიმართა: ,,მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. ,,თავისუფალი სახლი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა საჭირბოროტო თემაზე შეძლოს საზოგადოებამ თავისი აზრის დაფიქსირება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა საზოგადოებრივმა დარბაზმა უკვე რამდენიმე შეხვედრას უმასპინძლა. გუშინ, ,,თავისუფალმა სახლმა“ უმასპინძლა რეგიონის სოციალურ მუშაკებს და ხელმძღვანელებს, რომლებმაც ,,სოციალური გაკვეთილი“ ჩაუტარეს ლანჩხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. კედლებზე ხედავთ პოსტერებს, სადაც წერია ,,არა ძალადობას“. მიმაჩნია, რომ ფეხბურთი დღეს, სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლია. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დიდი ალბათობით, სწორედ საფეხბურთო სამყაროში არსებულ ძალადობრივ მეთოდებს შეეწირა ჩოჩხათელი ახლგაზრდა კაცი, მსაჯი ილო ტუღუში, თუმცა პატივი ვცეთ გამოძიებას და მის შედეგებს დაველოდოთ. როგორც რიგით გულშემატკივარს ძალიან მტკივა გული, როდესაც ვუყურებ, რომ გუნდი, რომელიც თავის დროზე ვარკვლავებს ეთამაშებოდა, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დადგა დრო, რომ ყველამ ვთქვათ სიმართლე, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამ მიიყვანა ,,გურია“ ამ დონემდე. გიყურებთ და მჯერა, რომ ყველა აქ მყოფი ადამიანი ,,გურიის“ დიდი გულშემატკივარი ბრძანდებით და ამავდროულად საფეხბურთო სამყაროში ჩახედული ხალხი. ღიად ილაპარაკებთ იმ პრობლემებზე, რომელიც კლუბში არსებობს. როგორც მე, ასევე ლანჩხუთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეურაცხყოფილია ,,გურიას“ დღევანდელი მდგომარეობით, იმით, რომ მუდმივად მიმდინარეობს საუბრები გარიგებულ თამაშებზე და ა.შ. გვინდა თქვენი დახმარებით მოსახლეობას გავაგებინოთ, რა მოხდა გუშინ, რა ხდება დღეს და რა გველოდება ხვალ“.
ჯემსუატ ურუშაძე: ,,პირადად მე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ შესაძლოა ვინმეს თავში მოსვლოდა აზრად ,,გურიას“ ბოლო თამაში გაეყიდა. მაგრამ, ამ მატჩში გამოჩნდა გუნდის რეალური პოტენციალი, არსად არ მინახავს, რომ ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი დარჩენილიყოს მეკარესთან პირისპირ. დანარჩენი რაც ხდებოდა მანამდე კი იცით, მე გეტყვით სიმართლეს: დამიძახა ზაზა ურუშაძემ, მივედი კლუბში და საოცარი რამ ვნახე, 100 კაცზე მეტი იყო დასაქმებული ,,გურიაში“ და მე ვიყავი რიგში 126-ე, როგორც თქვენ არ მისულხართ მერე იქ, არც მე. ვუთხარი კოლონიაში გამიშვი მეთქი?ისეთი გარემო იყო იქ შექმნილი. საიდანაც დაიწყო კლუბმა ისტორია, იქ დავეშვით. რომან ბიწაძემ მითხრა ამას წინათ, ,,ჯემსუატ შვიდი მილიონი დაგვიჯდა ,,გურიას“ გაგდებაო, სწორია ის კაცი“.
ბატონი ჯემსუატის შემდეგ გოგი ფაცურიამ მიმართა დამსწრე საზოგადოებას: ,,დარბაზში ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად შეწუხებული არიან ,,გურიას“ ბედით, მიმაჩნია, რაც დღეს ხდება ამ კლუბის ირგვლივ, ეს არის ტრაგედია. სხვა გუნდებმა მოახერხეს, რომ იგივე თანხებით რაც ,,გურიას“ ჰქონდა გამოყოფილი და უფრო მცირედითაც, აინაცვლეს უმაღლეს ლიგაში. ჩვენი გუნდი კი, ჯერ უმაღლესიდან გამოვარდა, შემდეგ პირველი ლიგიდან. მაქვს პატარა გამოცდილება ფეხბურთთან დაკავშირებით, არ მაქვს პრეტენზია, რომ ფეხბურთი ვიცი, მაგრამ გულშემატკივრის დონიდან მაინც მოგახსენებთ ჩემს შეხედულებებზე: ეს შედეგი მოიტანა იმ არაპროფესიონალიზმმა, რომელიც გუნდში სუფევდა, გუნდს საერთოდ არ ჰყავდა სპორტული ხელმძღვანელი. სპორტული ხელმძღვანელი ხომ ღერძია გუნდის და მის ირგვლივ იკვრება ყველაფერი. ვერავინ დამარწუნებს, რომ თუ გულით მიუდგები საქმეს, თუ იქნები შენი საქმის სპეციალისტი, მაშინ ასეთ კრახს განიცდი. სხვადასხვა დროს ვიყავი ,,გურიას“ ხელმძღვანელი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რასაც ორგანიზაცია ჰქვია. სად გინახავთ, რომ თუ მწვრთნელს არ მიეცი დრო და საშუალება, იმუშავოს თუნდაც ერთი წელიწადი, ის შედეგს დაგიდებს. ვიქრობ, რომ ,,გურია“ ბევრი ლანჩხუთელისთვის იყო სულიერი საზრდო და ეს საზრდო მოუსპეს ხალხს. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ყველაფერს ვიწყებთ ნულიდან, ჩემი მოწოდება იქნება, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. არ მინდა წინასწარ იმაზე საუბარი, რაც ჯერ მოლაპარაკების დონეზეა, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ლანჩხუთში მალე გვექნება საფეხბურთო აკადემია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ფეხბურთის ხარისხს ჩვენს რაიონში და არა მარტო ჩვენთან. გვიმბალაურის ტერიტორიაზე ფიქრობენ აკადემიის გაკეთებას“.jems
ბატონი გოგის მიერ გაჟღერებულ თემას საფეხბურთო აკადემიაზე, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთის აზრით, აკადემიის თემა ზღაპარია, ხოლო რამაზ ფირცხალაიშვილის აზრით ეს თემიდან გადახვევა იყო: ,,აქ მოსული ვართ ,,გურიას“ თემაზე და არა ბავშვთა ფეხბურთის საკითზე, ძალიან გთხოვთ ვისაუბროთ იმაზე თუ რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე და მერე სხვა დანარჩენზე“. აკაკი იმნაიშვილის აზრით კი, საფეხბურთო აკადემიის გვიმბალაურში განთავსება შეცდომაა და გაცილებით უკეთსი იქნება, თუ ეს პროექტი გრიგოლეთის ბაზაზე განთავსდება. ,,რა ჯობია, ჭაობში იცხოვრონ, ითამაშონ ბავშვებმა, თუ ზღვის პირას, ნაძვნარში. ამასთან ერთად, ვერ იქნება უსაფრთხოება დაცული. თანაც, გრიგოლეთის ბაზა დასამხარია, როგორც გურიის რეგიონისთვის, ასევე სამეგრელოს და აჭარის რეგიონებისთვის“.
დურმიშხან ჩხაიძე: ,,ჩვენ აქ მოვედით დღევანდელ მდგომარეობაზე სასაუბროდ და არა აკადემიაზე, რადგან ჩვენ, ჯერ არაფერი არ გვაქვს მომავალზე სათქმელი.ერთი გამაგებინეთ, რა მოხდა ასეთი ,,გურიაში“ ბოლო წლების განმავლობაში, რომ გუნდი უმაღლესი ლიგაში მეექვსე ადგილიდან ჩამოვარდა წუმპეში. ერთი გასავარდნი ზონა დაგვრჩა და მორჩა, ამის იქეთ ვერსად ვეღარ წავალთ. ყველა მხარეს თავისი დამახასიათებელი აქვს, ზესტაფონს _ფერო, ჭიათურას_მაღარო, ფოთს_პორტი, ჩვენ რა გვქონდა? ბრენდი სახელად ლანჩხუთის ,,გურია“, რომელიც დაგვისამარეს. ამას თუ მოვესწრებოდი აღარ მეგონა, ლანჩხუთლები დავდივართ ჩოხატაურში ფეხბურთის საყურებლად და საგულშემატკივროდ. მოკიდა ჩოხატაურის ხელმძღანელობამ სერიოზულად ხელი ,,ბახმაროს“ და კაცური შედეგიც მიიღეს და ვინაა ამის მთავარი შემოქმედი? ლანჩხუთლები, თემურ ლორიას თამადობით. უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, რა მოხდა და როგორ მოხდა. მგონია, რომ პატიოსანი ხალხია მოსული ადგილობრივ თვითმმართველობაში და მეიმედება ამათი. მე და გია გოგუაძე სულ ვჭამდით ერთმანეთს, არ მაინტერესებს რომელი პარტიიდანაა, ერთი რამ ვიცი, ფეხბურთში მაგარი კაცია, თუ არაა მითხარით. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები! ასწლიანი ისტორია დაასამარეს, ღმერთი მოთხოვთ პასუხს ,,გურიას“ გაუბედურებისთვის. ჩატარდეს აუდიტი და გაირკვეს ყველაფერი. რაიონის ყოფილი ხელმძღვანელობა უნდა იყოს აქ და პასუხი გასცენ ამ კითხვებს“.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ დავუკავშირდით ყველა მხარეს, ვინც რაიმე ფორმით ჩართული იყო ,,გურიას“საქმიანობაში. სამწუხაროდ ამ ადამიანებმა აიცილეს შეხვედრაზე დასწრების ვალდებულება თავიდან.

გია გოგუაძე: ,,აქ გვესწრება ომარ პერტენავა, ჯემსუატ ურუშაძე, თამაზ კვირკველია, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, ეს ხალხი ვერ ითამაშებდა დიდ ფეხბურთს, რომ არ ჰქონოდათ ხელშეწყობა. ამათთან ერთად უამრავი თაობა გაიზარდა, გუშინწინ შემთხვევით გადავრთე და აჭარის ტელევიზიაზე ვუყურე დღევანდელის მსგავს შეხვედრას, სადაც ბჭობდნენ, დაობდნენ, თუ რატომ უნდა გავარდნილიყო ბათუმის ,,დინამო“ უმაღლესიდან და იქ ითქვა, რომ ,,დინამოზე“ გაცილებით ტიტულოვანი გუნდი ლანჩხუთის ,,გურია“ საერთოდ პირველი ლიგიდანაც გავარდა და ამაზეც წავიდა საუბრები. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები, ამ დარბაზში დაგვხვდა გაკრული პოსტერები, ,,არა ძალადობას“, ეს დიახაც სახასიათოა ,,გურიასთვის“. 1993 წელს მომიწია ,,გურიას“ პრეზიდენტობა, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შევიდა გურჯაანის მეღვინეების ფული, როდესაც ,,გურიამ“ თასი აიღო, პრიზიორი გახდა და ამ დროს გურჯაანმა მთელი ჩვენი გუნდი წაიყვანა. დავრჩით უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელების გარეშე, აქ არის რამაზ ფირცხალაიშვილი და ელგუჯა ჩხაიძე, მთლიანად ჩიბათი თავისი შემადგენლობით წამოვიდა ,,გურიაში“. თემურ ჩხაიძემ 25 წელი შეინარჩუნა ბაზა, უხელფასოდ და ყოველგვარი ანგარების გარეშე. მოიწვიეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც დიდი ფეხბურთი ითამაშეს. მოითქვა გული გუნდმა, მაგრამ დაიწყო ომი, მოვიდა ახალი ჯგუფი და მოხდა ახალი ძალადობა, გუნდი მიიყვანეს იქამდე, რომ ბაზაც იყიდებოდა. რიგითი ლანჩხუთლების ჩარევით მოხერხდა, რომ ბაზა დაგვრჩენოდა. ამის შემდეგ, 2008 წელს კვლავ დაჭირდა ,,გურიას“ ჩვენი დახმარება, შპს ,,გურია 2000“_რომელსაც ჰქონდა 10 000 ლარი ბიუჯეტში, დაყადაღებული აბსოლუტურად ყველა ანგარიში და 250 000 ლარი ვალი სახელმწიფოსი, ამით გაგრძელება არ შეიძლებოდა. გავაკეთეთ ახალი ა(ა.ი.პ), რამაზ ფირცხალაიშვილი იყო პირველი ხელმძღვანელი, ფეხბურთიის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს ვალები ჩამოგვცილებოდა. 700 000 ლარი დაგვიჯდა, რომ გუნდი ზონალურიდან ამოგვეყვანა და უმაღლესში გადაგვეყვანა და მოხდა ახალი ძალადობა, მოვიდა ჯგუფი, რომელმაც იფიქრა, რომ არიქა ფეხბურთით ავშენდებითო, გაყარეს ხალხი და შვიდ მილიონად გუნდი დააბრუნეს იქ, საიდანაც ამოვიყვანეთ. გარდა ამ შვიდი მილიონისა, ამ პერიოდში კიდევ უზარმაზარი თანხებია დახარჯული კლუბში. რაც შეეხება არაპროფესიონალიზმს, უამრავი მილიონია დახარჯული არაფრისმკეთებელი ფეხბურთელების ტრანსფერებზე და შემდეგ მათ ხელფასებზე. გაუშვეს თემურ ლორია, რომელსაც ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდა და მოიყვანეს წარუმატებელი მწვრთნელები. ან მახარაძეს სინდისი არ აქვს? არ გავეკარები ,,გურიასო“ ამბობდა და ყველა დაძახებაზე გამორბის. ძალიან დიდ პატივს ვცემ ლადო გვარჯალაძეს და თენგიზ კიკვაძეს, მაგრამ არაა მათი საქმე ფეხბურთი.“|

გია ნაჭყებიას თქმით, წლებია ,,გურიაში“ უყაირათოდ იხარჯება ფული და ამან გამოიწვია ყველა ფინანსური უხერხულობა. ,,არასდროს არ ყოფილა ,,გურია“ ბიუჯეტზე დამოკიდებული, ეს შემოვიდა ბოლო წლებია და სავალალო შედეგებიც მივიღეთ, ვინც ლანჩხუთში უმუშევარი დარჩა, ყველას ,,გურიაში“ მოუყარეს თავი და ასე რა გამოვა“_განაცხადა ნაჭყებიამ. რასაც არ დაეთანხმა ნუგზარ ცინცაძე(ცანცუა):,, ფორსმაჟორი რომ არის ბატონო გია ფეხბურთში, დამეთანხმებით. ყველა დროს ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, იქ მსაჯებზე ფულის გამოყოფა და ა.შ. თუ ვსაუბროთ ღიად, მაშინ ყველაფერი ვთქვათ. პირველ რიგში მივესალმები ,,თავისუფალი სახლის“ გახსნას და მადლობას ვუხდი ნონა გიგინეიშვილს და მის გუნდს, რომ მოგვცა საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი აზრები და დავაფიქსიროთ პოზიციები. აქ მსხდომებს, ყველას გაგვაჩნია ჩვენი პასუხისმგებლობა ,,გურიასთან“ მიმართბაში და ასევე გვაქვს ხარვეზები, რაც უნდა ვაღიაროთ. ახლა რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ყოველთვის ხდებოდა გახარჯვები, მაგრამ ეს არაა მთავარი ფაქტორი იმისა, რომ დღეს გუნდი ასეთ დღეშია. რა თქმა უნდა ვამეტებდი, ალბათ იცით, რომ სკამის ფეხითაც გავკიდებივარ კიკვაძეს და სხვებს, ვეუბნებოდი: დატოვეთ კლუბი, ეს არ არის პოლიციური სისტემა მეთქი, მაგრამ არ გამიგონეს. ბოლოს საცოდავი ბიჭიც კი შეეწირა ამ ამბებს. დიახ, მსაჯებზეა საუბარი: ყველას მიგვიტანია მსაჯებთან ფული, არ იცით მსაჯები რომ იყიდებიან? არ იცით დღეს საქართველოში თამაშს ისე რომ ვერ გააკეთებ? მაშინ დავაჯინოთ გამომძიებელი და მივყვეთ ბოლომდე, არაა ბატონებო ასე, არც ჩვენ ვართ ანგელოზები, ყველას შეგვიცოდავს და დაგვიშვია შეცდომა. რა უნდა ფეხბურთს? ფეხბურთს უნდა პატრონი და ფული, ხარჯვაც უნდა იცოდე, სწორედ სტუმართმოყვარეობის გამო უყვარდა ყველას ლანჩხუთში ჩამოსვლა. რაც არ უნდა გავექცეთ ამას, ფეხბურთში კორუფციაა. დავანებოთ თავი ოცნებას, ნაციონალებს და ლეიბორისტებს, ხომ ვართ ლანჩხუთელები, ხომ ვუნთქავთ ერთი ჰაერით, ხომ გვაქვს ,,თავისუფალი სახლი“, გამოვიყენოთ ეს სივრცე და დავდგეთ ერთდ პრობლემების გადასაჭრელად “_დაასრულა ემოციური გამოსვლა ცანცუამ. nonka

ჯანო ქინქლაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ზაზა ურუშაძე და კლუბის ყოფილი დირექტორატი არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას: ,, რა მოხდა ,,გურიაში“ და რატომ მივედით ამ შედეგამდე, სწორედ ამ კითხვების დასმა მინდოდა ამ ხალხთან. სად მიდიოდა ეს თანხები, რატომ ვერ მივიღეთ შესაბამისი შედეგი. ნუთუ ვერ გამოინახა კაცი, რომელიც წარუძღვებოდა ,,გურიას“ და თეთრს თეთრზე დააწებებდა, რა გახდა ერთი მენეჯერის პოვნა. აქ არიან ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც ,,გურია“ გამოჭედეს, საერთოდ დაუფასებლები არიან. ასეთი მიდგომები აქვთ ლეგენდებთან დაკავშირებით. ამდენი ფული იხარჯებოდა და რა გახდა ტრაგიკულად დაღუპული მიშა გოგუაძის ოჯახისთვის 3 000 ლარის გადაცემა. კარგი იქნებოდა ეს შეხვედრა ადრე გაგვეკეთბინა, მაგრამ არც ახლაა გვიანი, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს“-განაცხადა ქინქლაძემ.

თემურ ჩხაიძის თქმით ის გაკვირვებულია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება ,,გურიაში“, როდესაც მისი თქმით ირაკლი ფაცურიას ხელმძღვანელობის დროს, თითოეული თეთრის დახარჯვაზე დიდი კონტროლი იყო:,, საზოგადოება ადრე რომ გამოფხიზლებულიყო, შესაძლოა ამ შედეგამდე არ მისვულიყავით“. ლადო გვარჯალაძე ,,ჰო და არასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მე მივდივარ, არ ვიცოდი ამდენი სიბინძურე თუ იყო ფეხბურთშიო. ჯერ რა იცის ლადომ ფეხბურთი, მეორეც ფულისთვის არ მივსულვარო ამბობს, აბა რისთვის მივიდა, სპეციალისტი ეგ არ იყო, ფეხბურთი მაგას არ უყვარდა, რა მოტივი რჩება მეტი? ლადო გვარჯალაძე რომ თანამდებობას იკავებდა ბოლოს, ეს იყო იმედო დუნდუას ადგილი და იმედო დუნდუას ადგილზე, ლადო გვარჯალაძე რომ იქნება, იქ საქმე კარგად წავა? ჩემს დროს, მაქსიმუმ 20 კაცი ემსახურებოდა ,,გურიას“, ახლა 130 კაცი იყო დასაქმებული, როგორ იქნება აქ ყაირათიანი ხარჯვა“.

გია ნაჭყებიას თქმით, უხერხულია ადამიანის ლანძღვა-გინება იმის გამო, რომ იმედო დუნდუას დარი სპეციალისტი ვერაა: ,,ასეთი ადამიანები იყვნენ ერთეულები და არარეალურია მათი საპირწონე სპეციალისტებზე ოცნება. მარტო გვარჯალაძის და კიკვაძის ბრალი არაა ის, რაც მოხდა“.

ელგუჯა ჩხაიძის თქმით, კლუბის მესვეურებმა უნდა გაიგონ, რომ ფედერაციის ოჯახში შედიან და მოერიდონ ზედმეტ ექსესებს: ,,ლანჩხუთმა დაკარგა ავტორიტეტი ფეხბურთის ფედერაციაში, ჩვენი მიხტომებით, ჩვენი უზრდელობით. ფეხბურთში საჭიროა ავტორიტეტი, აქ ყველაფერი ხდება, დაწერილიც და დაუწერელიც, მათ შორის გახარჯვაც. მაგრამ, ეს არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული. კლუბს უნდა ჰყავდეს საკუთარი პატრონი და განკარგოს თავისი ფინანსები ისე, რომ ვერც მე გავიგო და ვერც თქვენ. ხელისუფლებამ მიხედოს ხალხს, გზას, კვალს, ბაღს და ა.შ. ფული, რომელიც ადრე ,,გურიაში“ შემოდიოდა, იყო ნაჯიბგირალი, ჩაის ფაბრიკებიდან, საკონსერვოებიდან წართმეული, მაგრამ ფული იყო მაშინ და აქეთ გვეხვეწებოდნენ დახარჯვას. ურუშაძემ მოიყვანა სპონსორი და ხელფასს უხდიდა, წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? აგერ კაცი შეეწირა, ახალგაზრდა მსაჯი ამათ უმსგავსობებს, თქვენ რა გგონიათ, ფედერაციამ არ იცოდა ,,გურია- ,,თელავის“ გარიგების შესახებ? მაგრამ არ ეყო ავტორიტეტი ,,გურიას“, მსაჯმა გაგიკეთა ყველაფერი, დადო თერთმეტრიანი, რომელიც ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ გამოდიან და ბოდიშის მოხდის მაგივრად, მიცვალებულს ჩირქს ცხებენ და არაკუნებენ ენებს. ,,გურიას“ სჭირდება ხალხი, რომლებმაც იციან საქმე და უყვართ ლანჩხუთი.“
ვახტანგ ზენაიშვილი: ,,ამ დარბაზს, ნონა გიგინეიშვილმა და ამ გუნდმა დაარქვეს ,,თავისუფალი სახლი“, აქ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას უნდა შევუწყოთ ხელი. მადლობას ვუხდი გოგი ფაცურიას, რომ ესწრება ამ შეხვედრას, მაგრამ სად არიან ის ადამიანები ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ ,,გურიაზე“. მათ თავი აარიდეს აქ მოსვლას, ამიტომ ისეთი საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოვაყალიბოთ და შევქმნათ სიტუაცია, რომ მომავალში თავი ვერ დაიძვრინონ მსგავსი შეკრებებისგან. მგონია, რომ ამას მოვახერხებთ, თუ ამას მოვინდომებთ. რაც შეეხება ,,გურიას,“ წმინდა საფეხბურთო პოლემიკაში ვერავისთან შევალ, რადგან არ ვთვლი თავს ამ საქმის ექსპერტად. თუმცა მაქვს ჩემი მოსაზრებები, მათ შორის მენეჯმენტთან დაკავშირებით. მაგალითად, გია გოგუაძემ ახსენა 1993 წელს ,,გურიას“ პრეზიდენტობა, მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი და მთხოვა გოთუასთან სიტყვა შემეწია, რათა გუნდი მისთვის ჩაგვებარებინა, წარმოადგინა რა ხედვები და პროექტები, უყოყმანოდ დათანხმდნენ და ჩააბარეს გუნდი. მაშინ არავის არ გვიფიქრია, რომ ვინმე ჩვენი მხარდამჭერისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა. ვფიქრობ გიამ შესანიშნავად გაართვა თავი მაშინ დაკისრებულ მოვალეობას. სპეციალისტის და მცოდნეს მიხედვით უნდა მოხდეს ფორმირება და ისე კი არა, რომ საარჩევნო შტაბი შექმნა იქ და ყველა შენი მხარდამჭერი დაასაქმო. ბიუჯეტის ფულით რომ ტრამპლინს იკეთებდნენ საარჩევნოდ, აი, ეგ არის ყველაფრის თავი და თავი. ბატონმა ზაზამ, ჩოხასავით მოირგო ,,გურია“ საკუთარი პირადი ინტერესებისათვის. სადაც არის ბიუჯეტის ფული, იქ არის მისი მპარავი, ასე იყო და ასე გაგრძელდება მუდამ. გუნდს უნდა ჰყავდეს კონკრეტული პატრონი, ბიუჯეტს უნდა ჩამოეხსნას.“


აკაკი იმნაიშვილი: ,,ყველა გამომსვლელის პათოსს ვიზიარებ და მეც ვუერთდები თქვენს წუხილს ,,გურიას“ მდგომარეობის გამო. ლანჩხუთში მოგვეძევება კარგი მწვრთნელები, ფეხბურთლები და რაც მთავარია კარგი მენეჯერები. მართალია არის ფეხბურთში გადაცდომები, მაგრამ სჯობს წესიერებით და პატიოსნებით გავიდეთ ფონს“.


ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის პირადად ესწრებოდა ჟორდანიასთან შეხვედრას გოგი ხელაძის კაბინეტში: ,,ლანჩხუთს მუნიციპალიტეტმა ვერ წარუდგინა შესაბამისი საბუთები მერაბ ჟორდანიას და შემდეგ დაიწყო იმაზე საუბრები, რომ ბლეფი იყო ჟორდანიას თემა“.


რამაზ გვარჯალაძე: ,,მივესალმები ,,თავისუფალი სახლის“ გახსნას და მადლობას ვუხდი ნონა გიგინეიშვილს და მის გუნდს იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენი თავისუფალი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ,,გურიას“, სამწუხაროდ, ჩვენ უფრო მეტი ვილაპარაკეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და არ გვითქვამს რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე. რა თქმა უნდა ზაზა ურუშაძე რა ფაროსანაცაა ყველამ ვიცით, მაგრამ ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ. ეს პროცესები მიმდინარეობს კარგა ხანია და არ დაწყებულა გუშინ. არავინ გამოსულა ამ პერიოდში და პასუხი არ მოუთხოვია ,,გურიას“ ხელმძღანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლადო გვარჯალაძე ჩემი ნათესავია, გაკვირვებას გამოვთქვამ იმ ფაქტის გამო, რომ ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა კლუბში. ბიჭი რომ დაიბადებოდა ლანჩხუთში, ამბობდა ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო, ახლა კი დაასამარეს გუნდის იმიჯი და ისტორია.“


შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კობა მირზაშვილმა და მისმა მეგობარმა უკრაინელმა ინვესტორებმა მოინახულეს გრიგოლეთის ბაზა, გაიარეს კონსულტაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან. მირზაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი, ფედერაციის მიერ გამოყოფილი 200 000 ლარით და საკუთარი ფინანსებით ისინი პირდებიან ლანჩხუთლებს, რომ პირველსავე წელს დაბრუნდებიან პირველ ლიგაში, ხოლო შემდეგ უმაღლესში. ინვესტორების თქმით, ისინი კეთილმოაწყობენ გრიგოლეთის ბაზას და ყველაფერს გგუნდის ასაღორძინებლად. ,,ჰო და არას“ ინფორმაციით, პედუტატების უმრავლესობა მზადაა კობა მირზაშვილს გუნდს ენდოს. ,,ჰო და არასთან“ საუბრისას, ლანჩხუთის მერი გამორიცხავს ვინმეს მხრიდან რაიმე პირად ინტერესს: ,,იყვნენ მოსული დაინტერესებული პირები, რომლებმაც თავიანთი ხედვები გაგვაცნეს. მოგეხსენებათ ტრაგედია დატრიალდა ქვიანში და ამის გამო ნაადრევად დავტოვეთ შეხვედრა, თუმცა უახლოეს დღეებში ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩება. არის სხვა ჯგუფებიც, რომელთაც ასევე უნდა მოვუსმინოთ.
-ბატონო ალექსანდრე, როგორც ჩვენი წყაროს ინფორმაციით გავარკვიეთ, ეს ხალხი საკმაოდ რეალური წინადადებით არიან მოსულები და ამავდროულად ამბობენ, რომ საერთოდ არ სჭირდებათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა. მაშინ რაღა დაბრკოლება დარჩა, ვინმეს ინტერესები ხომ არ იმალება ამ წინააღმდეგობის უკან?
-სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ,,გურიას“ ფეხზე დაყენება და ამისთვის ყველაფრის გაკეთბას შევეცდებით. როგორც გითხარით, მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და პატიოსნად.“

მკითხველს შევახსენებთ, რომ კობა მირზაშვილი ადრეც იყო ,,გურიას“ დირექტორი. მისი და ირაკლი ფაცურიას ხელმძღვანელობით კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, შემდეგ ფაცურია გუნდიდან წავიდა და დირექტორი მირზაშვილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ,,გურია“ 12 გუნდიან ჩემპიონატში ზედა ექვსეულში იკავებდა ადგილს, უფინანსობის გამო, მირზაშვილს მოუწია საკუთარი სახსრებით გუნდის შენახვა. მაგრამ, ზაზა ურუშაძემ კლუბში ჩაატარა რეორგანიზაცია და მირზაშვილი სახლში გაუშვა. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ შეძლებს ,,გურიას“ ხელმძღვანელობას ის და მისი გუნდი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია