პროექტი ,,სოციალური გაკვეთილი“, რომელიც წარმატებით შედგა

hhhhhმედიაჰოლდინგ ,,ჰო და არასთან" არსებულ საზოგადოებრივ დარბაზში გაიმართა ჩიბათის საჯარო სკოლისა და ,,თავისუფალი სახლის" ერთობლივი ღონისძიება. ვუმასპინძლეთ რეგიონის სოციალური სამსახურის მუშაკებს და ხელმძღვანელ პირებს. პროექტის მიზანი იყო: მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სოციალური პრობლემების და სოციალური გამოწვევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ინიციატივა ეკუთვნოდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას, რომელმაც ,,თავისუფალ სახლში“ მოიწვია რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ლომჯარია, უფროსი სოციალური მუშაკი მაია ჯაში, ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკი ნინო ჩხარტიშვილი, ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეკა წილოსანი, ასევე ამ სააგენტოს იურისტი ნინო შატბერაშვილი. შეხვედრას მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ხათუნა ცერცვაძე.


სტუმრების მოსვლამდე, ლადო აფხაზავა შეეცადა მოსწავლეებისთვის აეხსნა, თუ რა დიდ საქმეს აკეთებს სოციალური სამსახური: ,, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მუდმივად უარყოფითი კონტექსტში იხსენიება და მათი დაუღალავი შრომა და საქმიანობა მოსახლეობის დიდი მასისთვის უცნობია, მათ შორის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები საქმეს აკეთბენ ძალიან ჩუმად, როგორც მოგეხსენებათ, ღრმა მდინარეები არ ხმაურობენ. არის შემთხვევები, როდესაც სოციალური მუშაკები შაბათ-კვირასაც მუშაობენ, მათ აქვთ თავიანთი ოჯახები, მაგრამ სამსახურის გამო ყველაფერი გვერდზე აქვთ გადადებული. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ თქვენ მიიღოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ამ სამსახურის შესახებ. ნინო ჩხარტიშვილი, რომელიც არის ლანჩხუთის რაიონში სოციალური მუშაკი, უბრალოდ წარმოუდგენელი ენერგიის და სიკეთის მატარებელი პიროვნებაა, რომელსაც ,,დეიდა ნატოც“ კი შევარქვით“-ასე მიმართა მოსწავლეებს ლადო აფხაზავამ.
სტუმრების მოსვლის შემდეგ, ლადო აფხაზავამ მოსწავლეებს ჰკითხა, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ აღნიშნული სამსახურის შესახებ. უამრავი მოსწავლით გადაჭედილ დარბაზში ერთი მოსწავლეც არ აღმოჩნდა , რომელიც თუნდაც მიახლოებით გააჟღერებდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საქმიანობას. სწორედ ამიტომაც განხორციელდა პროექტი " სოციალური გაკვეთილი" .
რეგიონის სოცილაური სამსახურის უფროსმა, თეა ლომჯარიამ ვრცლად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ეს სამსახური ანხორციელებს:,, სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტო მრავალმილიონიანი ხარჯების განმკარგავი სამსახურია, რომელიც მიმართულია მრავალფეროვანი, მომსახურებისა თუ დახმარების საჭიროების მქონე კონტინგენტის - ბენეფიციართა - სოციალური გასაცემლებით, ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით მაქსიმალური უზრუნველყოფისკენ. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მეურვეობა-მზრუნველობა და სხვა საკითხები.სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი მიზანი მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, უფრო მოქნილ, მარტივ და სწრაფ, მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანაა“_აუხსნა მოსწავლეებს თეა ლომჯარიამ.
ხათუნა ცერცვაძემ სთხოვა მოსწავლეებს, რომ ჩაერთონ სოციალურ პროგრამებში, დაეხმარნონ სხვებს და ამით ცხოვრება შეუმსუბუქონ გვერდით მყოფებს. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ ,,სოციალური გაკვეთილის“ შემდეგ, ბევრ მოსწავლეს გაუჩნდება სურვილი, მომავალში გახდეს სოციალური მუშაკი.
სამსახურის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა მაია ჯაშმა, სოციალურმა მუშაკმა ნინო ჩხარტიშვილმაც სრული ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვებს სოციალური მუშაკის სამიანოიბაზე და აღწერეს ერთი სამუშაო დღ, რომელმაც მოსწავლეებზე ეფექტი მოახდინა.


კომპეტენტური პირების გამოსვლების შემდეგ ,მოსწავლეების პრეზენტაციების ჯერი დადგა, მათ მუშაობა სწორედ იმ პრინციპით მოუწიათ, როგორც სოციალურ სამსახურის მუშაკებს უწევთ თანამშრომლობა, რამაც პრეზენტაციების მაღალი ხარისხი დაანახა მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას. სოციალური სამსახურის წარმომადგენლები აღფრთოვანებულები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხეს და ზუსტი ინფორმაცია მიიღეს ამ სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ბავშვები ხუთ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები, ხუთივე ჯგუფმა წარმოადგინა მათ მიერ გაკეთებული პოსტერები, ყველა მათგანმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
შეხვედრის ბოლოს სტუმრები და მოსწავლეები ერთმანეთს თბილად ჩაეხუტნენ და ასეთ მაჟორულ ნოტაზე, ცოტათი თვალცრემლიანებმა დატოვეს დარბაზი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია