ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქონლის ქურდობა კვლავ განახლდა?!

cxსაინტერესოა, მოქალაქეები რატომ მიდიან  პრობლემებით რედაქციაში და არა _ პოლიციაში?!

,,ჰო და არას“ რედაქციაში მოვიდნენ სოფელ ჩიბათის მაცხოვრებლები. მათი თქმით, მთელს ლანჩხუთში და განსაკუთრებით ჩიბათში, ძალიან მომრავლდა საქონლის ქურდობა. ,,მარტო ჩიბათში ოცამდე ცხენია დაკარგული, იკარგება ძროხებიც, კაციშვილი ჩვენი პატრონი არაა. როდესაც ბესო ტაბიძე იყო პოლიციის უფროსი, დაიბარა ფერმაზე მომუშავე ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული საქონელზე და უთხრა მათ, რომ დაკარგული საქონელი პატრონს აუცილებლად უნდა ენახა, ცოცხალი ან მკვდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიიღებდა. იმ პერიოდში, მართლაც შეწყდა ყოველგვარი ქურდობა და ხალხმაც სული მოითქვა. ახლა, პოლიცია გვეუბნება, რომ ვუთხრათ ვინაა ქურდი და დაიჭერენ, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს?“- სწუხდნენ ჩიბათლები.
ერთ-ერთი დაზარალებული ჭ. ლომაძე აცხადებს, რომ მას ახლახანს ცხენი დაეკარგა, აქვს შიში, რომ სხვა საქონელსაც მოპარავენ. ,,ძალიან უიმედოდ ვარ, თუ ეს ორი ცხენიც მომპარეს, ალბათ ამ ამბავს დავყვები, თუ გავიგე თავს შევაკლავ, მაგრამ ქურდის დადგენა პოლიციის ვალდებულებაა, ხალხს რა შეუძლია?“_აცხადებს ლომაძე.
ზოგადად კრიმინალი რომ მომატებულია, ამაზე სამართალდამცავების გარდა ყველა თანხმდება. საუბარია არა მარტო ქურდობაზე, არამედ მკვლელობებზე, ძალადობაზე, თაღლითობაზე და ა. შ.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსს ნუკრი ცარციძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, მას ჰქონდა მოსახლეობასთნ ამ თემაზე საუბარი, თუმცა ზოგადად. როგორც ცარციძე ამბობს, ოფიციალური მომართვა არც ერთ კონკრეტულ პიროვნებას არ გაუკეთებია საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით. ,,მე მოვინიშნავ ამ პრობლემას და აუცილებლად იქნება პოლიციის მხრიდან რეაგირება, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაგვიკავშირდეს და თავისი პრობლემის შესახებ გვამცნოს“-განაცხადა ცარციძემ.
საინტერესოა, მოქალაქეები რატომ მოდიან მსგავსი პრობლემებით რედაქციაში და არა პოლიციაში?! სამწუხაროდ, ხალხის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ნდობა არის თითქმის ნულის ტოლი. მოსახლეობას მიაჩნია, რომ პრობლემურ თემებს სამართალდამცავები ვერ ან არ მოუგვარებენ.
წერილი უკვე დასაბეჭდად იგზავნებოდა, როდესაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ცხენი იპოვა და მისი პრობლემის შესახებ აღარ დაგვეწერა. სინამდვილეში საქმე რაშია, როდესაც ჩვენ პოლიციაში გადავამოწმეთ ინფორმაცია ჩიბათის თემში საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ სამართალდამცავები მივიდნენ ერთ-ერთ დაზარალებულთან და ჩვენი ინფორმაციით სთხოვეს ამ თემაზე ,,ჰო და არაში“ არაფერი დაეწერა. ჩვენ შევახსენებთ ლანჩხუთელ სამართალდამცავებს, რომ ძალადობრივი მეთოდებს არასდროს კარგი შედეგი არ მოუტანია ქვეყნისთვის, თუნდაც ,,შენიღბულ ზეწოლას“. ასევე დავამატებთ, რომ კარგი იქნება თუ საზოგადოება თეთრზე თეთრს იტყვის და შავზე შავს, და თუ იტყვის, შემდეგ ,,არც მწვადის დაწვის და არც შამფურის“ პოზიციას არ დაიჭერს!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია