,,თავისუფალი სახლის“ პრეზენტაცია - თავისუფალი სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისათვის

tavisufalii 5799452626391243149 n,,ჰო და არამ“ თავისი ახალი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას და საზოგადოებრივი დარბაზის, იგივე ,,თავისუფალი სახლის“ პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის გახსნას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი სახეები, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, მერის მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ხელოვნების მუშაკები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ,,ჰო და არას“ მეგობრები, ერთგული მკითხველები, როგორც რესპოდენტები , ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ხშირად აქვეყნებენ თავიანთ წერილებს. თავდაპირველად, გვინდა გითხრათ, რომ ,,თავისუფალ სახლში“ გაიმართება როგორც პოლიტიკური დებატები, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მნიშვნელოვანი თემის განხილვა, ჩვენი კარი ღია იქნება თითოეული ლანჩხუთელისათვის, პროექტის მიზანია ლანჩხუთის საზოგადოების გამოცოცხლება და ყველა ტაბუდადებული თემის ხმამაღლა განხილვა, დარბაზი ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის შეკრებების თუ კონფერენციების ორგანიზებას.
ამ დღეს გაფორმდა დამოუკიდებელ გაზეთ ,,ჰო და არას“ და დამოუკიდებელ გაზეთ ,,ლანჩხუთი პლუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაზეთის რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა:- ,,ვფიქრობ, დადგა დრო ადამიანებმა ერთმანეთს მოუსმინონ... გადავწყვიტეთ შევქმნათ თავისუფალი დარბაზი, სადაც სამოქალაქო საზოგადეობა გაერთიანდება და ერთმანეთის გვერდით დავდგებით, ერთად ვიმსჯელებთ, ვიაზროვნებთ. გაზეთის 18 წლიან ისტორიაში იყო ბევრი კარგი და ცუდი მომენტები, საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ,,ჰო და არამ“ ყველა ზეწოლას გაუძლო, მოვედით დღევანდელ დღემდე, ახალ პროექტს ვიწყებთ. არასდროს არ ვყოფილვართ არავისზე ფინანსურად დამოკიდებულები. ჩვენ ყველა ხელისუფლების დროს ვიყავით ობიექტურები, ვიყავით კრიტიკული, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ,,ჰო და არას“ დაარსების დღიდან დღემდე გამოსულია 2700 ნომერზე მეტი, დაბეჭდილია 7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. რომ არა ჩვენი მკითხველის სითბო და სიყვარული და მხარდაჭერა, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდით. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ,,ჰო და არას“ მკითხველებს და ვპირდებით არ დავიშურებთ ენერგიას, რათა მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.“
ნონა გიგინეიშვილის სიტყვის შემდეგ, ,,ჰო და არას“ ახალი პროექტის პრეზენტაცია პირველმა ნაზი გალოგრემ მიულოცა, მან აღნიშნა, რომ ,,თავისუფალი სახლის“ არსებობა აუცილებელი იყო ლანჩხუთის რეალობაში, ქალბატონმა ნაზიმ ხაზი გაუსვა ,,ჰო და არას“ დამოუკიდებლობას, ობიექტურობას და შემდგომი წარმატებები უსურვა. საკუთარი ლექსი წაიკითხა დიმიტრი ბერიძემ, რომელიც ძალიან ემოციური იყო, ის კმაყოფილებას გამოთქვამდა ახალი პროექტის გამო, მან მადლობა გადაუხადა გაზეთს მებრძოლი სულის გამო და მუდამ გვერდით ყოფნა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ მილოცვებთან ერთად იმ დღეს დარბაზმა უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, გაიჟღერა რამდენიმე თემამ, რომელიც ძალზედ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის და გაიმართა დისკუსიები. ტრადიციულად ენერგიული გამოსვლა ჰქონდა საკრებულოს თავმჯდომარეს- ბესიკ ტაბიძეს, მან ისაუბრა პრესის მნიშვნელობაზე, აღნიშნა ,,ჰო და არას“ როლი ლანჩხუთის საზოგადოებაში, მისი თქმით ასეთი წამოწყებები მისასალმებელია და ლანჩხუთელებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა. გია გოგუაძემ წარმატებები უსურვა მთელს ჰოლდინგს, მან თქვა, რომ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმარებიდან სიტყვები ,,ეს მე არ მეხება“და მისი აზრით ეს პროექტი ხელს შეუწყობს ამ მხრივ საზოგადოების გაზრდას, ,,არის თემები, როდესაც ვამბობთ, ეს მე არ მეხება, ეს ჩემი საქმე არაა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი და ა.შ. ეს სიტუაცია როგორმე უნდა გამოვასწოროთ და იმედი მაქვს ,,თავისუფალი სახლი“ იქნება ამის ერთ-ერთი ინიციატორი“-დასძინა გოგუაძემ. ლადო აფხაზავას თქმით, ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა და ის დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში. მან ვრცლად ისაუბრა ,,ჰო და არას“ შესახებ და წარმატებები უსურვა მომავალში. ძალიან საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ კახა ასკურავას და მაცაცო ბურჭულაძეს, დავაანონსებთ, რომ ისინი ,,თავისუფალი სახლის“ ხშირი სტუმრები იქნებიან. მათ რამდენიმე ისეთი თემა გაშალეს, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯონი ცინცაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ,,ჰო და არას“ მისთვის არასდროს უთქვამს უარი წერილის გამოქყვეყნებაზე ან თანამშრომლობაზე. მაგული კუნჭულიამ, გოგი ფაცურიამ, გიორგი ჩახვაძემ, ელგუჯა ჩხაიძემ, ომარ ხუციშვილმა, ირაკლი მარშანიშვილმა, ამირან გიგინეიშვილმა, გელა ზოიძემ, ნონა იმნაძემ, დარეჯან ბიწაძემ და სხვებმა ვრცლად ისაუბრეს როგორც ,,ჰო და არაზე“, ასევე იმ იდეაზე, რამაც იმ დღეს საზოგადოება ერთად შეკრიბა. თითოეულმა სტუმარმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ,,ჰო და არას“ ობიექტურობა და დამოუკიდებლობა, მათ ითხოვეს, რომ მიეცეთ საშუალება, საზოგადოებრივი დარბაზის მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ. დარბაზში წინა პლანზე წამოსწიეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საზოგადოების მყისიერი რეაქციაა საჭირო. პროექტის იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს, საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის სწორად განვითარებისთვის. კახა ასკურავამ აღნიშნა, რომ აქვს ეჭვი, ილო ტუღუშის საქმე იქნება ჩაფარცხული და ამ თემის ირგვლივ საზოგადოების მობილიზაციის სურვილი გამოთქვა, მას სხვებიც დაეთანხმნენ, თან დაამატეს, რომ ამ საქმეს აქტიურად მიადევნებენ თვალს და არ დაუშვებენ არაობიექტურ გამოძიებას.
ვფიქრობთ, რომ პრეზენტაცია წარმატებით შედგა, ,,ჰო და არა“ მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს კეთილი სურვილებისთვის, საქმიანი თანამშრომლობისთვის. დარბაზში მყოფი არცერთი რესპოდენტი არასდროს დამალვია ,,ჰო და არას“ შეკითხვებს, გვქონდა და კვლავ გვექნება ამ ადამიანებთან პროფესიული ურთიერთობა. ნებისმიერ დროს და სიტუაციაში, ,,ჰო და არა“ შეინარჩუნებს თავის სტილს, დამოუკიდებლობას და ობიექტურობას!!!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია