თბილი ტანგო და მხიარული საღამო, რომელიც ლადო აფხაზავას მიუძვნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (ლანჩხუთის რაიონულმა ორგანიზაციამ)

MMMM743928 4990054062528344613 nსაღამომ, რომელიც ლელა ქურიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. ლელა ქურიძე გახლავთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, რომ ლადო აფხაზავა გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებული საქართველოში, ლანჩხუთელმა კოლეგებმა და შემოქმედებითი კუთხით მოღვაწე ადამიანებმა, გადაწყვიტეს ერთი დასამახსოვრებელი საღამო ეჩუქებინათ ლადოსთვის. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრის რანგში იმყოფებოდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და მისი მოადგილეები, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღანელი ნინო ჩიტაძე, აგრეთვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მისი მოადგილე ვლადიმერ ნანაძე და საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე, ლანჩხუთის მერი საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა აღნიშნულ საღამოს. საქართველოს პირველმა პედაგოგმა ცოტათი დაიგვიანა, ხოლო მის დარბაზში შემოსვლას ოვაციებით შეხვდნენ, ეკრანზე გადიოდა ის დაუვიწყარი მომენტები, როდესაც ლადო აფხაზავას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადასცეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პედაგოგები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლიდან, ზოგიერთმა მათგანმა საღამოს გმირს სიმღერა, ლექსი, ცეკვა მიუძღვნა. განსაკუთრებით გაახალისა დამსწრე საზოგადოება სუფსის კოლექტივმა, მათ ლადო აფხაზავას ვარსკვლავი გაუხსნეს. დარბაზი მთლიანად აიყოლია მარინა ბარამიძის და ლადოს ტანგომ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი შემსრულებლის პროფესიის დადგენა გაგიჭირდებოდათ, იმდენად არტისტულები იყვნენ, საღამოზე აქტუალური იყო ,,კომედი შოუს“ სკეტჩები, სტუმრებმა განსაკუთრებით ისიამოვნეს ,,ბუთქუნა და თამაზას“, ასევე ,,ზოიას და მარინას“ ლანჩხუთური ინტერპრეტაციით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლება ყურადღებას იჩენს პედაგოგთა საზოგადოების მიმართ და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებაც ამის ნათელი მაგალითია, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობაც ესწრებოდა. ბესო ტაბიძე თავის სიტყვაში ძალზედ ემოციური იყო, მან ყველას შეახსენა, რომ ლადო აფხაზავა ნიგვზიანელია და ის ამით განსაკუთრებულად ამაყობს, მან გვერდით დგომა აღუთქვა პედაგოგებს და მადლობა გადაუხადა მათ, ღირსეული მოღვაწეობისათვის. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის თქმით, მას ეს დღე არასდროს დაავიწყდება, ის აღფრთოვანებული დარჩა ლელა ქურიძის და ლანჩხუთელების მასპინძლობით. როგორც მან აღნიშნა, ლადო აფხაზავა იმსახურებს ასეთ სიურპრიზებს და ის მის გამო ბედნიერია. პედაგოგებმა მას სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია