ჰა, ბურთი - ჰა, მოედანი!!! ვინ მოდის ,,გურიაში“???

kakha ebralidze khariton chkhartishvili 2013,,ჰო და არა“ წინა ნომერში წერდა, რომ ლანჩხუთის მერიამ საფეხბურთო კლუბ ,,გურიის“ მენეჯმენტი დაითხოვა. დიდი ხანია ლანჩხუთში დადის ხმები იმის შესახებ, რომ ,,გურიაში“ კახა ებრალიძეს უნდოდა მოსვლა. როგორც მოგეხსენებათ, წარსულში ის კლუბის ფეხბურთელი იყო, ხელმძღვანელობდა გურიის ფეხბურთის ფედერაციასაც. ბოლო დროს კლუბის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო რეალური გახადა ებრალიძის გუნდში მოსვლა. ,,გურიის“ ადმინისტრაციაში მოსვლის სურვილს ებრალიძის გარდა, კიდევ რამდენიმე ჯგუფი აცხადებს. ჩვენ ინფორმაციის დასაზუსტებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს დავუკავშირდით:
-ბატონო ალექსანდრე, თქვენ დაითხოვეთ საფეხბურთო კლუბ ,,გურიის“ ხელმძღვანელობა, რამდენად რეალურია ხმები იმის შესახებ, რომ გუნდში კახა ებრალიძე მოდის?
-გეტყვით იმას, რომ ,,გურიის“ ბოლოდროინდელი მდგომარეობა საერთოდ არ შეესაბამება კლუბის ისტორიას და ლანჩხუთელი გულშემატკივრის მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბში მოვიდნენ პროფესიონალები და სიტუაცია როგორმე გამოსწორდეს. ჩვენს გუნდში მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაიბაროს ,,გურია“. ამას ერთ ან ორ დღეში ვერ გადავწყვეტთ. ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებაზე არ მიგვიღწევია შეთანხმებას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას ამის შესახებ ვამცნობთ...
როგორც ხედავთ მერი არც ადასტურებს და არც უარყოფს ,,გურიაში“ ებრალიძის შესაძლო მოსვლას. თავად კახა ებრალიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლია და როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად ამცნობს საზოგადოებას.
ვნახოთ ამ ბრძოლაში ვის დარჩება დედოფალი!!!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია