როდის აიშენებთ ოქროს სარაიას და როდის დადგება ჩვენთვის ეს ეტაპი?!

muzeumiii78937640798 894988698 nნამდვილად არ გვინდოდა, საზოგადოება კიდევ ერთხელ გადაგვეღალა ჩვენი მუზეუმის პრობლემებით, მაგრამ ქალბატონა ადელინა კილაძემ ,,გაღმა შეედავეს“ პრინციპით ისეთი სტატია გამოაქვეყნა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექციის სახელით, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვა. შევეცდებით ძალიან მოკლედ მოგახსენოთ.
პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ და ამაში ალბათ თქვენც დაგვერწმუნებით, რომ ის მოსაზრებები, რაც თქვენ გაზეთში გამოქვეყნდა ჩვენი მუზეუმის სახელით, ასახავს ყველა თანამშრომლის პოზიციას და არა მხოლოდ ნონა იმნაძის.
ამ სტატიაში, ზოგადად ვწერდით გაერთიანებაში მომუშავე მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანებზე, რომლებიც ძირითადად უფუნქციოა და ვითხოვდით ხელფასების თანასწორად გადანაწილება. თუ კონკრეტულად გაინტერესებთ ქალბატონო ადელინა, თქვენი მეუღლე, რომელიც მუზეუმების კურატორად გყავთ გაფორმებული, რას აკეთებს მუზეუმებისთვის, ჩვენ მაგალითად არაფერში დაგვხმარებია.
ამჯერად, თავს ვიკავებთ იმ გახმაურებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრისგან, რომელიც თქვენს გაერთიანებაში მოხდა და როცა ამდენი ფული წყალში იყრება, ჩვენი მუზეუმის 40-წლიანი ნაშრომი (და არა ავთანდილ მახარაძის?) წიგნის ,,ძველი და ახალი ლანჩხუთისგამოცემა“, რომლის ანალოგი ჯერ ლანჩხუთში არ გამოცემულა და რომელშიც მთელი რაიონის ისტორიაა შესული, საქილიკო არ უნდა გახადოთ.
თქვენ ვერ გვასწავლით სპონსორის მოზიდვას, თუ რაიმე ღირებული გაკეთებულა მუზეუმში, ჩვენს მიერ მოძიებული შპონსორების წყალობაა, დაწყებული მუზეუმის გახსნიდან დღემდე. ჩამოთვლას არ დავიწყებთ, რადგანაც შორს წავალთ.
რაც შეეხება ნონა იმნაძეს, რომელიც საკუთარი ხელფასების მაძიებლად გამოიყვანეთ, სწორედ ეს არის საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანის მცდელობა. გარდა მუზეუმის დირექტორობისა, მას უხელფასო ბრძანებით შეთავსებული აქვს ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თანამდებობა და მის მიერ მომზადებული, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტაციის წყალობით, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალურ მუზეუმს ძეგლის სტატუსი მიენიჭა ამ ერთი კვირის წინ და იქნებ ეს სასიხარულო ამბავი გააგებინოთ მუზეუმების კურატორ თქვენს მეუღლესაც. ორი წლის წინ, ნონა იმნაძე ერთადერთი იყო გურიის რეგიონიდან, რომელიც კულტურის მინისტრმა სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ეს ჩვენი მუზეუმის აღიარება იყო. თქვენ კი, სიტყვიერადაც არ მოგილოციათ, ის კი არა, 15 წუთით სამუშაოს ადრე დამთავრების გამო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მთელ მუზეუმს, ბრძანებით საყვედური გამოგვიცხადეთ და ამაზე პასუხი ჯერაც არ გიგიათ.
პ.ს ბოლოს, ქალბატონი ადელინა ბრძანებს, რომ ჩვენი დაბალი ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება. 2007 წლიდან, ვინც ნამდვილ საქმეს ემსახურება, ლარითაც კი არ მოგვმატებია ხელფასები. როდის აიშენებთ ოქროს სარაიას და როდის დადგება ჩვენთვის ეს ეტაპი?! მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები.

მოიწონეთ სტატია