როგორც მთელს მუნიციპალიტეტში, ასევე შუხუთშიც, მოსახლეობა შიშ-კანკალით ელოდება ზამთრის დადგომას

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 549

suxutii3 4E3693CD80AD cx10 cy0 cw89 w1023 r1 sშუხუთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. ჩვ. წ. V-VI საუკუნეებში შუხუთის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე-ქალაქი. ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: მე-5-6 საუკუნეების სასახლის ნაშთებით, 5-6 საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევებით, ე.წ. „თერმას“ ტიპის აბანოს ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტით, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემით. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა. ციხე-ქალაქის არქეოლოგიური გათხრები 1961 წელს განხორციელდა.
ტოპონიმი შუხუთი მოხსენიებულია 1708 წელს. თქმულების მიხედვით იგი წარმოიშვა თურქებისაგან, რომლებმაც ამ ადგილს უწოდეს უხუთი (აუღებელი). სოფელში იდგა ღვთისმშობლის ქვით ნაგები ეკლესია, ქვის გალავნით და ქვისავე მთავარანგელოზის ეკლესია. 1855 წელს, ყირიმის ომის დროს მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის.
ლელო
შუხუთი ცნობილია ლელობურთის შეჯიბრით, რომელიც ყოველ აღდგომა დღეს იმართება. ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.


გადავწყვიტეთ სოფელ შუხუთზე გაგვეკეთებინა რეპორტაჟი, რადგან ბოლო ხანს მომხდარი მოვლენების ეპიცენტრში სწორედ შუხუთია. როგორც მოგეხსენებათ, ე.წ ,,ფერმერთა სახლი“ დავის საგნად იქცა მუნიციპალიტეტსა და სოფელს შორის. შენობა, რომელიც თავის დროზე პარლამენტარმა გიორგი გოგუაძემ და პავლე ორაგველიძემ გააკეთეს, ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს აუსახა თავის ბალანსზე. გადაწყდა, აუქციონით გარკვეულიყო ამ შენობის ბედი. აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია ჯლ-ის ფირმას, ანუ პავლე ორაგველიძის კომპანიას. კომპანია ,,ტოდინი“ერთადერთი იყო, ვინც ამ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად გაიმარჯვა. ,,ჰო და არა“ დაუკავშირდა პავლე ორაგველიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ იწყებს სასამართლო დავას მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ. ,,სიმართლე ჩვენს მხარესაა და აუცილებლად გავიმარჯვებთ, უახლოეს ხანში ყველაფერს ნათელი მოეფინება, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა სოფლის ინტერესები დავიცვათ“- ამბობს ორაგველიძე. სავარაუდოდ, აღნიშნული საკითხი ხმაურისა და პრობლემების გარეშე ვერ გადაწყდება.
რაც შეეხება სხვა პრობლემურ საკითხებს, ჩინური კომპანიის წინააღმდეგ ამჯერად შუხუთელებიც გამოვიდნენ, მოსახლეობის თქმით, მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახადა კომპანიის მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ. ,,ვერც ქუჩაში გამოვსულვართ და ვერც სახლში გავჩერებულვართ. მთელი ზაფხული ისე გავიდა, ერთხელაც არ მოურწყავთ გზა. გვესმის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, მაგრამ ვის ხარჯზე?! ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა თუ შეიწირა ამ ამბავმა და მოვკვდით, რაღად მინდა მერე მაგათი გზა. კიდევ სამი წელი უნდა გაგრძელდესო და ამ დროში ვინღა დავრჩებით ცოცხალი?! ისეთი მტვრის ბუღია ირგვლივ, დავიხოცებით ყველა. ეგ უნდათ მგონი კიდეც. არჩევნები რომ იყო, ხომ დავუდექით გვერდით ხელისუფლებას, ახლა მოვიდნენ და თავადაც დაგვიდგენ გვერდში“- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ხელისუფლების მაგივრად, შუამავალი აქაც პოლიცია აღმოჩნდა, სამართალდამცავების თხოვნის თუ მოთხოვნის შედეგად, მძიმეწონიანმა მანქანებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ უახლოეს ხანში მათი პრობლემა მოგვარდება.
როგორც მთელს მუნიციპალიტეტში, ასევე შუხუთშიც, მოსახლეობა შიშ-კანკალით ელოდება ზამთრის დადგომას, ვინაიდან სოფლის მეურნების მოსავალი ამ შემოდგომაზე ნულს უტოლდება. პრობლემაა შეშის საკითხიც, მართალია გაზი შესულია ამ თემში, თუმცა უსახსრობის გამო ბევრ ოჯახს შეყვანილი არ ჰყავს სახლში. მაგალითისთვის მოგიყვანთ ბესარიონ იმნაიშვილს, 62 წლის კაცს, რომელიც სამჯერ არის ნაინფაქტარი და მეორე ჯგუფის ინვალიდია და სახელმწიფო პენსიის სახით 100 ლარს აძლევს, სოციალური დახმარება მოუხსნეს. მას არა აქვს არანაირი ფინანსური შესაძლებლობა გაზი შეიყვანოს სახლში, ის კი არადა, თავი ძლივს გააქვს, თუ ამას თავის გატანა ჰქვია. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, იმ ფართობებში, სადაც შეწამვლა მოხდა, შედარებით არის მოსავალი, ხოლო იმ საყანე ფართობებიდან საერთოდ არ მიუღიათ მოსავალი, სადაც შეწამვლა არ მომხდარა. დასაქმება შუხუთშიც ტრადიციული პრობლემაა, საფრთხე ექმნებათ იმ დასაქმებულ შუხუთლებსაც, ვინც კომპანია ,,ტოდინში“ მუშაობს, რადგან როგორც პავლე ორაგველიძე და კომპანია GL აცხადებს, ,,ტოდინი“ ისე მოიქცევა, როგორც ისინი ეტყვიან და შეიძლება საერთოდ გავიდეს ბაზრიდან. ,, ,,ტოდინი“ ჩვენი ხათრით ჩერდება აქ, თორემ მისთვის ბევრად ხელსაყრელია ფოთში მუშაობა, ყველა დღე უწევთ სიარული ლანჩხუთსა და ფოთს შორის. თუ საქმე ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება, მაშინ იძულებულლნი გავხდებით ,,ტოდინი“ აქედან გავუშვათ და ამდენი ხალხიც დაუსაქმებელი დარჩება“- ამბობენ GL-ში.
არაერთხელ დაუყენებია საკრებულოში საკითხი შუხუთის მაჟორიტარს აკაკი იმნაიშვილს ყოფილი კულტურის სახლთან დაკავშირებით, მოსახლეობასაც ხშირად მიუმართავს შესაბამისი სამსახურებისთვის, რათა ამ შენობის ბედი გადაწყვეტილიყო. მაგრამ, ეს შენობა დღემდე საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, შინაური პირუტყვისთვის. ულამაზესი ეკლესიის გვერდით, ასეთი უსახური შენობის არსებობა და ისიც საშიშ მდგომარეობაში, ნამდვილად არ მეტყველებს ინფრასტრუქტურის სამსახურის კარგ მუშაობაზე.
ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, სადაც გავიარეთ, ვისაც არ შევხვდით, თითქმის ყველგან ერთი და იგივე გვესმოდა და კატეგორიულად მოითხოვეს დაგვეფიქსირებინა. როგორც აღმოჩნდა, შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატი დიდ ქველმოქმედებას ეწევა სოფელში, ,,არ არსებობს გაჭირვებული რომელსაც კაკო არ დახმარებია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს არ დახმარებოდა მატერიალურად თუ კი მას მიმართავდნენ, ჯიბის ფულით ეხმარება ხალხს, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრს საკუთარი სახსრებით პატრონობდა და ადამიანებს ხელფასს უხდიდა, ცენტრის მოვლა-პატრონობაში“- ეს მცირე ჩამონათვალია, რაც მოსახლეობისგან გავიგეთ. ჩვენ ვაპირებდით ბატონ კაკო იმნაიშვილთან სოფლის საჭირ-ბოროტო თემებზე გასაუბრებას, მაგრამ ხალხის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო აღარ მივიჩნიეთ საჭიროდ მისთვის გვეკითხა, თუ რას აკეთებს სოფლისთვის.
შუხუთის ზოგიერთ უბანს წყლის, ხოლო თითქმის ყველა უბანს გარე-განათების პრობლემა აწუხებს. სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ახლადარჩეული საკრებულო და ლანჩხუთის მერი გულისხმიერებას გამოიჩენს და მათ ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი