რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო პროგრამას?!

GOCIII115277122140547 8776163632589019555 nიმედია, არ ვარ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა აზროვნებდეს საზოგადოებრივად და არა საკუთარ თავზე მორგებული პრინციპებით. შევეცადე დამენახა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი მიდგომა საქმისადმი, მაგრამ ამაოდ. პირადი ინტერესი იცოცხლე ყველას აქვს. ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ავიღოთ თუნდაც, იმხელა ხელფასები და პრემია-დანამატები აქვთ მთავრობის წევრებს, რომ ნამდვილად აქვთ ფუფუნება საზღვარგარეთ გაემგზავრონ და გაერთონ, ჩვენ კი...
ახლა მთავრობამ ,,არაჩვეულებრივი“გეგმა შემოვგვთავაზა, თურმე კარგი იქნება საკუთარ პენსიას ჩვენვე თუ გამოვიმუშავებთ. თვით აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებს შორისაც ვერ იპოვით სახელმწიფოს, რომელსაც მსგავსი უაზრო და უვარგისი განვითარების გეგმა გააჩნია. საქართველოში 500 ლარის ზემოთ ხელფასი საზოგადოების მინიმალურ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს, ისინი როგორმე შეძლებენ დანაზოგის გაკეთებას, მაგრამ როგორ მოიქცეს იმან, ვისაც ხელფასი საერთოდ არ აქვს? ამ კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხი არსებობს- ვერ დავაგროვებთ მომავლის პენსიას და მორჩა. მთავრობამ ისიც ვერ მოიფიქრა, რომ ამ პროგრამის შესასრულებლად, ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაა საჭირო. ეს პროგრამა გახლავთ ხალხის აგდება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უნდა დავზოგოთ ფული, რომელიც არ გვაქვს, უნდა შევჭამოთ სიბერეში, როცა ახლა გვშია. პენსიონერთა საზოგადოება ითვლება საზოგადოების იმ კატეგორიად, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს დაფასებას, პატივისცემას და ყურადღებას. ჩვენს ქვეყანაში მათი ღვაწლი დავიწყებასაა მიცემული. როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც 18 წლიდან 60-65 წლამდე მუშაობდნენ, იყვნენ მედიცინის მუშაკები, პედაგოგები, ინჟინრები, თუნდაც უბრალო მუშები და ა.შ მათ წინაშე მთავრობა პასუხისმგებლობას იხდის 180 ლარით! ლარი კი სადაცაა კუპონს დაემსგავსება. 180 ლარი დღეს 18 ლარის ტოლფასია.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვიანში ჩავედი ახლობელთან, ერთი ბებო შევნიშნე, რომელსაც გადაადგილება უჭირდა და სახლამდე მივაცილე. ნამდვილი საცოდაობის მომსწრე გავხდი, ამ მოხუცებულის პატარა სახლს კრამიტები მთლიანად ჩამოსცვენოდა, ხოლო სახლი ოთხი ცალი ბამბუკით ჰქონდა შებიჯგული და გამაგრებული. სახელს და გვარს არ ვწერ შეგნებულად, ვინაიდან სოციალური დახმარებით სარგებლობს ეს ადამიანი, ერთადერთი უცოლო შვილი ცეროზით გარდაეცვალა. პატარა ,,კორფუჯის“ ფირმის ტელევიზორის და ორი ნათურის მქონე მოხუცებულს, დენის გადასახადი 31 ლარი მოუვიდა! ამ ბებოს შემხედვარე, თითქოს უსულო სხეულით წამოვედი. ხედავთ ძვირფასო მთავრობის წევრებო, რა დღეშია ხალხი? სანამ თქვენ პრემია-დანამატებს ჯილდოს არქმევთ, მანამ ხალხი ტანჯვა-წამებაში ლევს სულს. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პენსიონერებს არასდროს ჰქონიათ დაფასება. ნუ იფიქრებთ ბატონებო მხოლოდ საკუთარ თავზე, თორემ ნათქვამია ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი“. საქართველოში მცხოვრებ ყველა პენსიონერს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას!
გოჩა პაპავა

მოიწონეთ სტატია