რატომ წავიდა გია გოგუაძე პოლიტიდან და რითია ის გაკვირვებული?

go,,ჰო და არას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, რამდენიმე მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა გია გოგუაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა. გადავწყვიტეთ ინფორმაცია თავად ბატონ გიასთან გადაგვემოწმებინა, ამასთან საშუალება მოგვეცა ისეთ თემებზე გვესაუბრა მასთან, რაც საზოგადოებას ძალიან დააინტერესებს.
-ბატონო გია, როგორც გავიგეთ თქვენ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტეთ და ამის შესახებ უკვე განუცხადეთ აწ უკვე ყოფილ თანაპარტიელებს, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?
-კი, ნამდვილად ასეა. დავიღალე, 10 წელია პოლიტიკაში ვარ, ამ დროის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი სრული წნეხის ქვეშ ვართ. ყველა ჩემი ახლობელი და ნათესავი დაიტანჯა იმის გამო, რომ თურმე გია გოგუაძე განაგებს ლანჩხუთის რაიონში სიტუაციას. დღემდე მამაჩემის, დავით გოგუაძის პიროვნებით ვამაყობ და მომავალშიც ვიამაყებ, არასდროს შემირცხვენია მისი სახელი. ახლა დროა ოჯახს, შვილებს და შვილიშვილებს დავუთმო მთელი ყურადღება, მინდა დავამახსოვრდე მათ, როგორც კარგი მამა და ბაბუა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა: ყველაფერთან ერთად მივხვდი, რომ მიუხედავად ადამიანების მოსყიდვებისა, ფულის დარიგებებისა, ტოტალური კონტროლისა და ა.შ ჩვენს მოსახლეობას როგორც ჩანს ამ რეალობაში სურს ცხოვრება. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, ადრეც მსურდა წასვლა, მაგრამ გამოვედი პარტიის ინტერებიდან და კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.
-ამბობენ, საკრებულოში რომ მოხვედრილიყო გია გოგუაძე, მაშინ არ წავიდოდა პოლიტიკიდანო...
- ყოფილი გამგებელივით ხატზე ფიცებას არ დავიწყებ, ვინც კარგად მიცნობს ეცოდინება ჩემი სიტყვის ფასი, ჰოდა, გეუბნებით: იმ შემთხვევაშიც კი, რომ შევსულიყავი საკრებულოში, ამ მოცემული რეალობიდან გამომდინარე, არ შევიდოდი საკანონმდებლო ორგანოში და ჩემს მანდატს ალალად დავუთმობდი მაგალითად გივი ცინცაძეს. იმ სიტუაციაში, როგორშიც დღეს იმყოფება ოპოზიცია, წარმოუდგენელია რაიმეს შეცვლა და ღირებულის შეტენა ლანჩხუთს რეალობაში. არ ვმალავ, რომ პარტიის ორად გაყოფამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს იყო ძალიან ცუდი პროცესი, რომელმაც თავისი შედეგი გამოიღო. ვინც ამბობს, რომ გოგუაძე იმიტომ მიდის თურმე, რომ საკრებულოში ვერ შევიდა და თამაშგარეთ დარჩაო, მათ ვუპასუხებ: გია გოგუაძე იყო ის კაცი, ვინც თავის დროზე უარი თქვა გამგებლობაზე, იმიტომ რომ არჩევნებზე ხალხმა არ დაუჭირა მხარი. ამას დღესაც გვაყვედრიან, ურუშაძე თქვენ მოიყვანეთო. მოგეხსენებათ მაშინდელ საკრებულოში 22 კაციანი უმრავლესობა გვყავდა და თავისუფლად შემეძლო გამგებლის პოსტის ხელახლა დაკავება, მაგრამ არ ვიკადრე, ძალიან ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ სკამზე ჩაციკლული კაცი ვარ.



- ისე საინტერესოა, ელოდით თუ არა იმას, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ სამ კაცსაც ვერ შეიყვანდა ლანჩხუთის საკრებულოში? რამ გამოიწვია თქვენი დაბალი პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე?
-რომ გითხრათ, დიდად გაკვირვებული დავრჩი მეთქი მოგატყუებთ. თითქმის არ გვქონდა ფინანსები, ასევე პარტიის მენეჯმენტიც არ იყო ჩემთვის იდეალური. კახა ასკურავა საუბრობდა თქვენთან ინტერვიუში და იმ ზეწოლის ფაქტებს აღარ ჩამოგითვლით, რასაც ჩვენს მიმართ ჰქონდა ადგილი. ძალიან შეგვიშალა ხელი იმან, რომ ხალხი ვერ გაერკვა, ვინ დარჩა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ წავიდა ,,ევროპულ საქართველოში“. ის ხმები რაც 2-მა ნომერმა აიღო, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ნაციონალებს მოაკლდა. ისე მიკვირს, რას ერჩის ლანჩხუთი ,,ნაციონალურ მოძრაობას“, კი ბატონო შესაძლოა ის რეჟიმი, რაც ქვეყანაში იყო ადამიანებს არ მოსწონდათ, მაგრამ ლანჩხუთში ხომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა იმ დროს. გადახედონ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში რა კეთდებოდა რაიონში და ახლა რა კეთდება. რის გამოც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მიწასთან ასწორებდნენ, ვგულისხმობ ძალადობას, ამაში ხომ ჩვენი, ადგილობრივი ორგანიზაციის ბრალეულობა ნულის ტოლია. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ახალგაზრდული ფრთის მუშაობით, გივი ცინცაძემ, ემზარ ბერიძემ, კახა პატარაიამ და სხვებმა პოზიტივი შემოიტანეს პარტიაში. გივი ცინცაძე საერთოდ ცალკე განსახილველი თემაა, არ შეიძლება ასეთი პიროვნებების დაკარგვა. ადამიანმა სასწაულები შეძლო, კარდაკარ დადიოდა, გვერდით ედგა გაჭირვებულებს, ეხმარებოდა ბაღებს და სკოლებს პრობლემების მოგვარებაში. ის, რაც ვერ გავაკეთეთ ჩვენ, ანუ ,,ვეტერანებმა“, გააკეთა ამ ხალხმა. როდესაც ჩემი წასვლის შესახებ განვუცხადე თანაპარტიელებს, იქვე შევთავაზე კახას, რომ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ჩემს მაგივრად გივი ცინცაძე დანიშნონ. მე პოლიტიკიდან მივდივარ, თორემ მუდამ ამ ხალხის გვერდით ვიქნები, ჩემთვის ადამიანური ღირებულებები ძალიან ბევრს ნიშნავს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ალბათ ჩვენს საზოგადოებას ასეთ რეალობაში ცხოვრება უნდა და ვერაფერს გავაწყობთ.
- ვერ ავუართ გვრდს ,,რუხი კარდინალის“თემას. სადაც არ უნდა იყოთ, მაინც მუდამ ისაუბრებენ იმაზე, რომ ყველაფერს თქვენ განაგებთ ლანჩხუთის რაიონში. ეს მართლა ასეა?
- სწორედ ამ უაზრო ჭორებმა და ბრალდებებმა დამღალეს. როცა გამგებელი ვიყავი მაშინაც არ მაკლდა კრიტიკა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საქმე არ კეთდებოდა იმ პერიოდში. როცა მართლა შემეძლო საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება, ამას დაუფიქრებლად ნამდვილად არ ვაკეთებდი.  გია ჭანტურია მეუბნებოდა: ,,ცხელ გულზე არაფერი გააკეთო, დღეს დაფიქრდი და ხვალ გადაწყვიტეო“. ორჯერ მინდოდა თანამდებობის დატოვება გამგებლობის პერიოდში, იმის გამო, რომ რაღაც საკითხები არ შემითანხმეს, მათ შორის იყო აკეთის ჩაის ფაბრიკის თემა. მაშინ პირდაპირ დავავალე ჩემს წარმომადგენელს აკეთის თემში - გიორგი მორჩილაძეს, რომ გადაეკეტათ ყველა გზა, რათა არ გასხვისებულიყო ფაბრიკის ქონება. შეცდომები ჩემს დროსაც იყო, ისე საქმე არ კეთდება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, კატასტროფაა. თქვენი გაზეთის საშუალებით ვგებულობ, რომ ა(ა)იპ-ებიდან ხალხს უშვებენ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაშვება და სამსახურების რეორგანიზაციები მოხდება, მაგრამ მე ახლა სხვა რამე მინდა ვთქვა. როდესაც ჩემი ოფისიდან გამოვიხედავდი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვხედავდი, რომ სამსახურების თანამშრომლები ,,ბირჟაობდნენ“. მართლა რომ რაიმეს გადაწყვეტა შემძლებოდა, პირველ რიგში ამას არ დავუშვებდი. არც ის კაცი ვარ, ჩემი ურთიერთობები ბოროტად გამოვიყენო და ვინმე უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენო. ასე რომ, ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვინმესთან შეკრული ვარ ან გარიგებული, არის მოგონილი, რათა ავტორიტეტი შემილახონ. როგორც გითხარით, შემეძლო გამგებლობა და არ დავბრუნდი, ასევე უკვე წინა მოწვევის საკრებულოში კომისიის ჩაბარებაზე ვაცხადებდით პრეტენზიას, რათა ჩვენი რეალური ძალა გვენახვებინა, როდესაც ბიულეტინების გახსნა მიმდინარეობდა, ვხედავდით რომ ზოგიერთს გული დაეხატა და ზოგსაც სამკუთხედი, ალბათ მიხვდებით რატომაც. გარიგებაში ვარ კი არა, ჩემს ირგვლივ მყოფებიც კი შემომაცალეს, რაზეა საერთოდ საუბარი. ჩემი შვილი ქვეყნიდან გააქციეს და ზეწოლა დღემდე გრძელდება.
- გია გოგუაძე პოლიტიკის გარეშე მაინც ძნელად წარმოგვიდგენია. ფიქრობთ, რომ მოვა დრო და კვლავ ჩაერთვებით საქმეში?
- ამ ეტაპზე დასვენება გადავწყვიტე. სანამ ხელისუფლებები პოლიტიკის კეთებას ვერ ისწავლიან, მანამ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. არჩევნები უნდა ჩაატაროს პარტიებმა და არა მთავრობებმა. ის შედეგი, რაც ,,ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, საერთოდ არ არის პარტიის აქტივის დამსახურება, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი იმუშავა ხელისუფლებამ. იმედია მოვა დრო, როდესაც კვლავ გამიჩნდება პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია