დიდი ქართველი

jansugiჭეშმარიტად სახალხო პოეტის, საზოგადო მოღვაწის - ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ ღრმა მწუხარება გამოიწვია მთელს საქართველოში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველი კაცის სინდის-ნამუსის განსახირება იყო.
ადრეულ წლებში ცნობილი პოეტი არაერთხელ სტუმრებია ჩვენს რაიონს. ძალიან უყვარდა მოსახლეობასთან შეხვედრა, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან. პოეტის მდიდარი პოეზია თავიდანვე გაჟღენთილი იყო ეროვნული სულისკვეთებით. მისი შემოქმედება ადამიანის სულს ბოლომდე სწვდებოდა და აფიქრებდა ცხოვრებაზე. წილად მხვდა ბედნიერება, რომ სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, რომელთა შორის იყო ბატონი ჯანსურ ჩარკვიანი, ვყოფილიყავი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი 1992-1995 წლებში.
იმჟამინდელ პარლამენტში ჭარბობდნენ ასაკოვანი დეპუტატები, უმრავლესობის ასაკი 60, 70, 80 წელს შეადგენდა. შედარებით ახალგაზრდები, მცირერიცხოვანი ჯგუფი ვიყავით და უნდა გენახათ, როგორი გამორჩეული გულისხმიერებით და ყურადღებით გვეპყრობოდა ბატონი ჯანსუღი. იგი თავის მაგალითზე გვიჩვენებდა, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. თითოეული ჩვენგანის წარმატება ძალიან უხაროდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა.
ჩემთან საუბრისას, ხშირად ინტერესდებოდა რაიონში და სოფლებში არსებული მდგომარეობით. ძალიან წუხდა და განიცდიდა, როცა ვეუბნებოდი, როგორ ნადგურდებოდა საკოლმეურნეო საკუთრება, ვერანდებოდა ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები.
მახსოვს, ერთხელ სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, უკვე მეორე დღეს, სხდომათა დარბაზში ჩემს მაგიდაზე, კონვერტში ჩადებული ასეთი ლექსი დამხვდა:
,, რაც უნდა გვიქნას დრომა
აქვს სიტყვას წონაც, ზომაც;
წუხელ გისმენდი ომარ,
დე! ჩამითვალონ წყრომად,
შენი გამოსვლა ომარ,
არ ჰგავდა სხვების თომარს;
მთელი სულით და გულით
მივესალმები ომარს!
ჯანსუღ ჩარკვიანი
16 მაისი 1995 წელი.
სამშობლოზე, ქართველ ხალხზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისათვის!
ომარ ხუციშვილი.

მოიწონეთ სტატია