ვეტერანი მეტყევე, ცნობილი თამადა და უბრალოდ კარგი ადამიანი

revazaრევაზ იმნაძე წლების განმავლობაში ლანჩხუთის სატყეო სამმართველოს ემსახურებოდა, თავდაპირველად მოადგილის რანგში, ხოლო შემდეგ თავად ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს. მან დააამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, პროფესიით მეტყევე-ინჟინერია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჩლოუში, სადაც სამი წელი დაჰყო სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. სიამოვნებით იხსენებს აფხაზებთან გატარებულ წლებს, მისი თქმით იქაურმა მოსახლეობამ შინაურივით მიიღო და თავს ევლებოდა. იქედან გამომდინარე, რომ დედა მარტო იყო მშობლიურ სახლში, გადაწყვიტა ლანჩხუთში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა მუშაობა. თავიდან მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში, როგორც ჩანს მისი ნიჭიერება და საქმისადმი ერთგულება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და კომუნალური მეურნეობის დირექტორად დანიშნეს. ამავდროულად იყო ქალაქის საბჭოს დეპუტატი. ცოტა ხნის შემდეგ გადაიყვანეს სოფლის მეურნეობის დარგში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად. 1969 წელს ლანჩხუთში გაიხსნა სატყეო მეურნეობა, მაშინდელმა რაიკომის მდივანმა დავით საბაშვილმა დააკმაყოფილა რევაზ იმნაძის თხოვნა და ის გადაიყვანა სატყეო მეურნეობაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ზემოთ ნახსენები სამსახურები არ იყო ახლოს ბატონი რევაზის პირდაპირ პროფესიასთან და მისი სურვილი იყო იქ გადასულიყო, სადაც მის ცოდნა-განათლებას სრულად გამოიყენებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა დირექტორის მოადგილის პოსტს, ხოლო როდესაც ,,ქვეყანა აირია“, იგულისხმება 90-იანი წლები და ვერავინ გაბედა დირექტორის მოვალეობის შესრულება, კრების გადაწყვეტილებით, ბატონი რევაზი გახდა სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი. ის წავიდა თბილისში და პირადად მინისტრ ჯაფარიძეს მოახსენა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო როდესაც მინისტრმა ჰკითხა მას, თუ რა პროფესიის ბრძანდებოდა იმნაძე და პასუხი მიიღო, ულაპარაკოდ მოაწერა ხელი მისი დირექტორად დანიშვნის ბრძანებას. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ამ სამსახურის ხელმძღვანელობა, როგორც ის ამბობს, მაშინ კანონის ძალით რომ ემოქმედათ, მოსახლეობის 80% უნდა დაეჭირათ. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრ დარღვევაზე უწევდათ თვალის დახუჭვა. უშუალოდ მისი თანამონაწილეობით განაშენიანდა 20 000 ჰექტარი ტყე. მას გადასცეს ,,დამსახურებული მეტყევის“ ჯილდო ამ დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო. ის ძალიან განიცდის, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ტყე სრულიად უცერემონიოდ გადასცეს კოლხეთის ეროვნულ პარკს, მიუხედავად საზოგადოებრივი პროტესტისა. შეწუხებულია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოც, ხოლო განსაკუთრებით დიდ საშიშროებას ხედავს უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხში. რევაზ იმნაძე მთელი ცხოვრება იბრძოდა, ყოველთვის ეშინოდა სუსტი არ ყოფილიყო. ახლაც იხსენებს, როგორ დაჩაგრა ერთმა უფროსკლასელმა ბავშვობაში და რა მონდომებით დაიწყო მას მერე ვარჯიში, რათა ვერავის ვერ შეძლებოდა მისი დაჩაგვრა. კაცი, რომელიც ყველას უყვარს, არის ჩინებული თამადა, კარგი მომლხენი, დამსახურებული მეტყევე ახლახანს იუბილარი იყო, მას 84 წელი შეუსრულდა. ,,ჰო და არა“ ულოცავს ბატონ რევაზს დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. ჩვენ არ ვართ განებივრებული პროფესიონალებით, აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ისეთ ადამიანს, როგორიც რევაზ იმნაძეა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია