სამსახური არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ?!

ჩვენი რედაქცია მიმსვლელ-მომსვლელთა სიმრავლეს არასდროს უჩიოდა, თუმცა ამ ბოლო დროს ჩვენთან ძალიან მომრავლდა სამსახურდაკარგული ადამიანების ვიზიტი, ან ისეთების მოსვლა ვისაც შიში აქვს, რომ მალე სახლში გაუშვებენ. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ა(ა)იპ-იდან უკვე დაითხოვეს თანამშრომლები, ხოლო ძალიან მალე შესაძლოა ამ პროცესმა მასიური სახე მიიღოს. ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ გამგეობის სამსახურები მართლაც გაბერილი იყო და თანამშრომლების ძირითად საქმიანობას ცაცხვის ძირში ბაასი წარმოადგენდა, თუმცა მაინც გულსატკენია ამდენი პოტენციური უმუშევარი ადამიანის ყურება. საკითხავია, თავდაპირველად რატომ მოხდა ამ უფუნქციო სამსახურების შექმნა და მასში იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნდათ. პასუხი მარტივია, ,,ქართულმა ოცნებამ“ ავად თუ კარგად თავისი აქტივი დაასაქმა და სამომავლო გეგმებზე, ანუ არჩევნებისთვისაც იზრუნა. ზოგი დეიდაშვილს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს აფორმებდა და ხელფასს თვითონ იღებდა, მართლა ,,ნინიას ბაღი“ გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. უამრავი ლანჩხუთელის დასახელება შეიძლება, რომელთა ცოდნა-განათლება, კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს არავისში, მაგრამ სახლში სხედან იმის გამო, რომ მმართველი გუნდის გულშემატკივრებად არ ითვლებიან. თვითმმართველობის არჩევნებში ოცნების წარმატებას იმანაც დიდად შეუწყო ხელი, რომ რაიონის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ა(ა)იპ-ებში იყო დასაქმებული, ამას თუ დავუმატებთ ,,ცოტა ზედმეტ“კოორდინატორებს, არ გაგვიჭირდება დასკვნების გამოტანა. ახლა სიტუაცია ორმაგად მძიმეა, ადრე თუ უსაქმური ხელფასიანების სიმრავლე გვაწუხებდა, ახლა მათი უმუშევრობა შეგვაწუხებს. მაგრამ, დაილოცოს იტალია, საბერძნეთი, თურქეთი... ჩვენი მადლიანი ხელისუფლება ხელს არ უშლის თავის მოქალაქეებს წავიდნენ საზღვარგარეთ, ფეხქვეშ გაეგონ იქაურებს და არაადამიანური შრომის ფასად მოპოვებული ფული საქართველოში დარჩენილებს გამოუგზავნონ. არის სხვა ვარიანტიც, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და აგერ არჩევნებიც მოახლოებულია, ისე როგორ გაუწყრება მთავრობას ღმერთი, რომ რაღაც სატყუარა არ გადმოგვიგდოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე გააზარმაცა და გააზულუქა ამ ა(ა)იპ-ებმა ხალხი, რომ სხვა სამსახურის ალტერნატივას არც განიხილავენ, ,,ჩვენ იქ გვინდაო“. ამ სამსახურებში აცხადებენ ბიუჯეტი არ გვყოფნისო, ადრე როგორ გყოფნიდათო შეეკითხებით ალბათ, ადრე გენაცვალე წინასაარჩევნო მზადება იყო და გავიჭირვეთო, გეტყვიან. დრო მოვა და ეს ადამიანები აუცილებლად დაჭირდება ხელისუფლებას, მაგრამ მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს მათი დასაქმება- დაუსაქმებლობით არაფერი რომ არ ეშველება, ფაქტია. არჩევნების ციებ-ცხელებამ ჩაიარა და მალე გამოჩნდება რა შეუძლია ახლადარჩეულ საკრებულოს და ქალაქის მერს. ისე კი, არჩევნების შემდეგ ლანჩხუთიდან უკვე წავიდა პირველი ნაკადი საზღვარგარეთ და სამწუხაროდ, დიდი ალბათობით კვლავ დატოვებენ ოჯახებს ჩვენი რაიონის მაცხოვრებლები. აქ თავის გატანა გმირობად ითვლება, ის რაც საარსებო წყაროდ ითვლებოდა - თხილი, ყანა, ციტრუსი - განადგურებულია. სამსახურებიდანაც უშვებენ ხალხს, ასე რომ, ღმერთია მოწყალე და სხვა არავინ...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია