რატომ დაყვებოდნენ კახა ასკურავას პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებზე და რა ,,მასტერკლასი“ ჩაუტარა ხელისუფლებამ ოპოზიციას?!

 

askurროგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე ,,ნაციონალურმამოძრაობამ“ იმაზე ბევრად ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ეს მათ წარმოედგინათ, ხოლო ლანჩხუთის საკრებულოში სულაც ორი დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი. არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, შევიდოდა თუ არა კახა ასკურავა საკრებულოში, დატოვებდა თუ არა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოსტს და ა.შ... გადავწყვიტეთ თავად ლანჩხუთის პირველ ნაციონალთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია, ასევე დავინტერესდით, თუ რას აბრალებს ასკურავა ასეთი დაბალი პროცენტის მიღებას.
-ბატონო კახა, არჩევნებამდე თქვენ ძალიან ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და ამბობდით, რომ 21 ოქტომბერი იქნებოდა ,,ოცნების“ დასასრულის დასაწყისი. მაგრამ, ,,ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და არა მარტო ლანჩხუთში, არამედ მთელს საქართველოში ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა, რამ გამოიწვია ეს?
- ნამდვილად ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნება“არის ის ძალა, რომელიც არ უნდა მართავდეს ქვეყანას, ამის თქმის საფუძველს მაძლევს მათი არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, გულგრილობა მოსახლეობის მიმართ და სხვა უამრავი ფაქტორი. მოგეხსენებათ, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალიან აქტიური და მოცულობითი, კარდაკარ სიარულის დროს ვხედავდით, თუ რამხელა პროტესტი იყო მმართველი ძალის მიმართ. მოსახლეობა იყო აღშფოთებული ხელისუფლების უმოქმედობით, უნიათობით, საქმისადმი დამოკიდებულებით, ამ ხალხს არ შეიძლება ოცნებისთვის მიეცა ხმა. ვნახეთ, რა ხდებოდა სოფლებში, როგორ უჭირს ხალხს, ფაქტიურად წელს სოფლის მეურნეობა თავზე დაგვექცა, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები, ლარი კატასტროფულ მდგომარეობაშია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევრობას განიცდის და დღეს ,,ქართული ოცნების წევრები“ მიმტკიცებენ, რომ ისინი ხალხის რჩეულები არიან ? მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია და არა არჩევნები, ლანჩხუთის მაგალითზე გეტყვით, არც ალეკო სარიშვილს და არც ერთ დეპუტატს წინასაარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია, ეს იყო სპეცსამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებები. ძალიან ბევრ დეპუტატს ალბათ ახლაც სიზმარში ჰგონია თავი, ,,ვაა, საკრებულოში შევედიო“? პირადად მე დამყვებოდნენ ძალოვნები და მაკონტროლებდნენ, მაგალითად, ბაღლეფში სტიქიამ ძალიან დააზარალა მოსახლეობა. დავრეკე ტელევიზიებთან და წავედი ადგილზე სიტუაციის გასაცნობად. ხუთ წუთში პოლიციის პიკაპი მომყვა უკან. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი თურმე, როდესაც მოსახლეობასთან ჩემს შეხვედრებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი და ფოტოებს ვურთავდი, ამის შემდეგ ხდებოდა მათი იდენტიფიკაცია, მიმდინარეობდა ზეწოლა ამ ხალხზე, ვინ მოისყიდეს, ვინ დააშინეს და ა.შ... კოორდინატორების ჩასმას ვერ აუთავდნენ, გამოიყენეს ყველა ბერკეტი, რათა მოსახლეობის უდიდესი პროტესტი ჩაეხშოთ. სამწუხაროდ, ამის უფლებას ის კანონმდებლობა აძლევთ, რომელიც ფეხსაცმელივით მოირგეს. არც ერთი ფულადი ჯარიმა არ დაფიქსირებულა ამ არჩევნებზე, როცა ჩვენ 2000-2000 ლარით დავჯარიმდით 2012 წელს, იმის გამო, რომ რწმუნებულს სააკაშვილის ფოტო ეკიდა კაბინეტში.


-ამბობთ, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ იქნებ ოპოზიციამ საკუთარ თავშიც უნდა ეძებოს პრობლემა?


-პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ნამდვილად უფრო ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით და დაგვეცვა ამომრჩევლის ხმა, მაგრამ როგორც ეკა ბესელიამ თქვა, რაშიც 100%-ით ვეთნხმები_ ,,ხელისუფლებამ მასტერკლასი ჩაგვიტარა“. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არჩევნები გარეთ გაყალბებულიყო და უკვე მზა სახით შეეტანათ ხმის მიმცემ კაბინაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთი გაყალბებული არჩევნები მე არ მახსოვს. ძალიან კარგად იმუშავა ჩვენმა შტაბმა, შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ და ამომრჩევლებამდე მივიტანეთ პარტიის ხედვები და პროგრამები, ალბათ ამ დროს უკვე მუშაობდა გაყალბების სქემა და მმართველ პარტიაში ეღიმებოდათ. ხელისუფლებამ პატიოსან ბრძოლას ხალხის მოტყუება, შანტაჟი და მოსყიდვა ამჯობინა. სახელებს და გვარებს შეგნებულად არ ვასეხელებ, პირდაპირ შემომითვალეს ვერ ეღირსები იმას ,,რაზეც ოცნებობო“.
-თქვენ უფინანსობას უჩიოდით...
-კი, ეს იყო ჩვენთვის ძალიან მძიმე თემა. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: გამომდინარე იქედან, რომ ყველა მსურველი, ვისაც შეეძლო ფინანსურად დაგვხმარებოდა დაბლოკეს, პარტიამ გადაწყვიტა ცენტრალური ოფისი გაეყიდა თბილისში, თან ისეთ ფასად, რომ ბიზნესმენებს კბილები უწაკწაკებდათ. მაგრამ, რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებამ ეს საკითხიც პირად კონტროლზე აიყვანა და ოფისი ვერ გაიყიდა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ გირაოში ჩადებულიყო მიშა სააკაშვილის ბიბლიოთეკა, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ უბანში_ საბურთალოზე მდებარეობს, ამაზეც ყველა ბანკს უარი ათქმევინეს. რაც შეეხება ლანჩხუთის სიტუაციას, გამომდინარე ჩემი ურთიერთობებიდან და გაკეთებული საქმეებიდან, მქონდა მორალური უფლება დახმარება მეთხოვა რამდენიმე შეძლებული ადამიანისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანია როგორმე ნორმალურად წარგვემართა. იცით რა შემომითვალეს?_ ,,კახა რას გვერჩიო“. ალბათ დაგაინტერესებთ რამდენი დავხარჯეთ წინასაარჩევნოდ, 8 000 ლარი და შევიძინეთ ტონანახევარი საწვავი, როცა მარტო 20 ოქტომბერს ოცნების აქტივმა 17 000 ლარის ბენზინი ჩაისხა ,,სოკარზე“. მე მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი.


- როდესაც არჩევნები დამთავრდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ არ აპირებდით საკრებულოში შესვლას და ასევე გადადგებოდით ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან. რა ხდება სინამდვილეში და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?



-პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხმა მოგვცა. მათ გაუძლეს ყველანაირ ზეწოლას და სახე არ დაკარგეს. ძალიან მაგრად იმუშავა ჩვენმა ახალგაზრდულმა ფრთამ, მათ ფაქტიურად კარდაკარ შემოიარეს მუნიციპალიტეტი. არ ვარ გაბრაზებული იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც, ყველა გათვლებით, ჩვენ გვაძლევდნენ ხმას, მაგრამ ზემოთ ხსენებული ბინძური ხრიკები გამოიყენეს, რათა ხმა ოცნების სასარგებლოდ მიეცათ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ყველა სიბინძურეს აეხდება ფარდა. როგორ იცით, ჩვენი პარტიის მხრიდან გასაჩივრებულია არჩევნების შედეგები. ჯერ საარჩევნო პროცესი არ დამთავრებულა. კონკრეტულად ერთი კახა ასკურავა გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ასე რომ იყოს, სიამოვნებით ვიტყოდი დეპუტატის მანდატზე უარს. ველოდები ცენტრალური ოფისის საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ პარტია ბოიკოტს გამოაცხადებს, მაშინ რასაკვირველია, ჩვენც არ შევალთ ლანჩხუთის საკრებულოში. პირადად ჩემი აზრია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უპატივცემულობა იქნება ჩვენი გარეთ დარჩენა იმ მოსახლეობის მიმართ, პირველ რიგში, ვინც ხმა მოგვცა. უახლოეს ხანში პარტია ყველაფერზე ჩამოყალიბდება და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია