ოცნება იძახდა ჩვენზე ,,ნაცები~ არიანო“, ხოლო ნაციონალები ,,ქოცობას“ გვაბრალებდნენ

23192769 914613698693166 2141176494 n,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა. ახალარჩეულმა საკრებულოს წევრებმა ირაკლი მარშანიშვილმა, ამირან გიგინეიშვილმა და ამ პარტიის ადგილობრივ ქალთა ორგანიზაციის ლიდერმა მაკა იაკობაძემ წინასაარჩევნო გარემოზე, არჩევნების შედეგებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ირაკლი მარშანიშვილი: ,,როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც ,,ევროპული საქართველო“ ქვეყნის პოლიტიკურ რადარზე გამოჩნდა. სულ რაღაც თვენახევრის წინ საერთოდ არ იცოდა ლანჩხუთმა, თუ არსებობდა მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ, ღვთის წყალობით, შეიკრიბა ისეთი ძლიერი გუნდი, რომელმაც ამ მოკლე ხანშიც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. თუმცა, რომ არა გაუგონარი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე, ყველა მეორე ოჯახში კოორდინატორის ჩასმა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, გაცილებით მეტი ხმის მიღება შეგვეძლო. ამის მიუხედავად, ვთვლით, რომ პარტიის 12.56% და ჩვენი მერობის კანდიდატის კიდევ უფრო კარგი შედეგი, დადებითად უნდა ჩავთალოთ. ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები სხვადასხვა თემებში, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ვერც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ვერ შეგვეყვანა საკრებულოში. თითოეულ ჩვენს აქტივისტს ვუხდი დიდ მადლობას გაწეული სამსახურისთვის. ხალხზე გაბრაზებული ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ, ჯერ ერთი წესიერად არც იცოდნენ რომელი ნომერი ვიყავით და მეორე, გამოყენებული იქნა ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი, რათა ოცნებას მაქსიმალურად მაღალი პროცენტი ეჩვენებინა. ჩვენი გუნდი არ იშლება და პირიქით, გავძლიერდებით. გვექნება ადგილობრივი ორგანიზაციები სხვადასხვა სოფლებში. ასევე, მე და ამირანი ვიქნებით ხალხის ხმა საკრებულოში.“


ამირან გიგინეიშვილი: ,,როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ გვქონდა ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ დიდი ელექტორატი გვყოლოდა ამ არჩევნებისთვის, თუმცა არ შეიძლება კმაყოფილების საფუძველი არ გვქონდეს მიღებული შედეგების გამო. მთელს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ხმების დატაცების პროცედურები მმართველი პარტიის მხრიდან. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლები, მოსყიდვები, კოორდინატორების ჩასმა თითქმის ყველა ოჯახში. ნინოშვილში, სულაც ბაღში თანამშრომელი არ დანიშნეს იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს ელოდებოდნენ, ვინ რამდენ ხმას მიიტანდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვებრძოდა, ოცნება იძახდა ჩვენზე ,,ნაცები“ არიანო, ხოლო ნაციონალები ,,ქოცობას“ გვაბრალებდნენ, ეს იყო ჩვენი პარტიის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, თუ ვინ იყო ოცნების სატელიტი და ვინ ოპონენტი. საკრებულოს სხდომებზეც გამოჩნდება, თუ რისთვის ვიბრძვით ჩვენ და რა მიზანი გვამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ 32 კაციან საკრებულოში, მხოლოდ მე და ირაკლი მარშანიშვილი ვიქნებით ,,ევროპული საქართველოდან“, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაიმე უკანონობის ჩადენის უფლება არ მივცეთ ხელისუფლებას. ჩვენი ოფისი არ იკეტება და მუდამ მზად ვართ მოსახლეობის სამსახურში ვიდგეთ.“


ამის შემდეგ მაკა იაკობაძემ სოფელ შრომისუბანში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა: ,,შრომისუბნის ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, პირადად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წულაძე დაპირდა მათ ამ პრობლემის მოგვარებას, რაც მორიგი ტყუილია. როდესაც ბატონ დავითს მივმართეთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მან ერთ-ერთი ზონის ხელმძღვანელთან, ბესიკ კუპრაძესთან გადაგვამისამართა. ბატონმა კუპრაძემ სრულიად არაკომპეტენტური პასუხი გაგვცა, მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან ,,ევროპულ საქართველოს“ არაფერი აკავშირებს და ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან მოაგვარებს სიტუაციას. ჩვენ ვპირდებით ბესიკ კუპრაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომ ასეთ საკითხებს პირად კონტროლზე ავიყვანთ და დავანახებთ, რომ დიახაც ჩვენი საქმეა მოსახლეობის პრობლემა.“


გიორგი კილაძე


მოიწონეთ სტატია