ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?!

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 3388

არჩევნები დამთავრდა, ახლადარჩეულ საკრებულოს, ბუნებრივია, თავმჯდომარე დასჭირდება და ამისთვის უკვე მიდის ჩუმი შიდაპარტიული ბრძოლა ,,ქართულ ოცნებაში“. წარმოგიდგენთ იმ დეპუტატებს, რომლებსაც საკრებულოს პირველკაცობის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ბესიკ ტაბიძე _ლანჩხუთის ყოფილი პოლიცმაისტერი სავარუდოდ იოლად არავის დაუთმობს ზემოთხსენებულ თანამდებობას. ტაბიძე ბოლო რამდენიმე თვე ყოფილ საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იყო ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. მან როგორც წინა, ასევე ახლადჩატარებულ არჩევნებში სერიოზული შედეგი დადო. მას არ ჰყავს ცენტრალურ ხელისუფლებაში განსაკუთრებული ლობისტი, თუმცა ნიგვზიანელების მიერ გამოხატული დიდი მხარდაჭერა იმის უფლებას აძლევს, რომ იყოს ამბიციური და წაუძღვეს საკრებულოს სხდომებს. ჩვენთან საუბრისას ბესიკ ტაბიძე ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილს, თუმცა იქვე ამატებს, რომ გადაწყვეტილი არაფერი არ არის და მთავარი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომელ დეპუტატზე შეაჩერებენ არჩევანს.
ვერიკო კვირკველია_ ცნობილი მოსამართლის მაგული კუნჭულიას შვილი. კვირკველია პროფესიით იურისტია და საკმაოდ კვალიფიციურიც. ის ოცნების პარტიული სიის მესამე ნომრით შევიდა საკრებულოში. როგორც ამბობენ, ამ დეპუტატს აქვს ლიდერის თვისებები და არ უნდა გაუჭირდეს საკრებულოს მართვა. თუ ამ ყველაფერთან ერთად გავითვალისწინებთ ვერიკო კვირკველიას ოჯახის ურთიერთობას პარლამენტარ ნინო წილოსანთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბესო ტაბიძეს სულაც არა აქვს თავი ქუდში. კვირკველიას რომ აღნიშნული თანამდებობის დაკავება სურს, ჩვენთან საუბრისას არ დაუმალავს.
ემზარ თევდორაძე _ აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთერთია ახალი საკრებულოს შემადგენლობიდან, რომელსაც მშვენივრად შეუძლია თავი გაართვას საკანონმდებლო ორგანოს მართვას. ის თითქმის 20 წელია პოლიტიკაშია და გამოცდილებაც დიდი დაუგროვდებოდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მისი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბევრი დეპუტატის მხარდაჭერის უნდა ეიმედებოდეს. ხმების აღება არც მას გასჭირვებია არასდროს.
ვლადიმერ ნანაძე _ მართალია ის ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, პოლიტიკურ სპექტრს ეეჭვებოდა ყოფილ მერს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პრეტენზია განეცხადებინა, ვინაიდან როგორც ამბობენ, მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. თორემ ნანაძეს არც ლობისტები აკლია და არც გამოცდილება. ,,ჰო და არასთან“ საუბარში ვლადიმერ ნანაძემ დაადასტურა, რომ მას სურვილი აქვს გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე.
გიგი გვარჯალაძე _ ,,ძალიან დადებითი და კარგი პიროვნება“– ასე ახასიათებენ მას ლანჩხუთელები. თუ ვინმე ლობისტებით მოიწონებს თავს, ეს სწორედ გვარჯალაძეა, მაგრამ პოლიტიკაში ახლადფეხშედგმული ქალაქის მაჟორიტარი რამდენად გარისკავს ასეთი პოსტის ჩაბარებას, ეს სხვა საკითხია.
თორნიკე ჯიჯიეშვილი