,,„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“

pomidorskiადგილობრივი არჩევნები, 2017, დასრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მეორე ტურს. დადგა შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ ისევე როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშიც მან მიიღო ასევე გადამწყვეტი ხმის უფლება. შესაბამისად მთელი ქვეყნის ბედზე ადგილობრივ საქმეებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავის გადაუნაწილებს და არც მოისურვებს ვინმესთვის გადანაწილებას. თითქოს შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ მმართველ ძალაში არის რამდენიმე სხვა პარტიის წარმომადგენლები, როგორიცაა კონსერვატორები, მრეწველები... თუმცა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში ძალიან საეჭვოა 4% ბარიერი გადაელახათ და შესაბამისად, მათი ხმა უმრავლეობაში ან მათ მიერ შექმნილი ფრაქციების საქმიანობა არამც და არამც არ იქნება განსხვავებული ქართული ოცნების პოლიტიკისაგან არც ზოგად ასპექტში და არც რაიმე თემატურ საკითხთან დაკავშირებით. ლანჩხუთის მუნიციპალურ საკრებულოში მოხვედრილი სამი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ (2), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (2) და „პატრიოტთა ალიანსის (1) სულ ხუთი წარმომადგენელი, ცხადია ვერ შექმნის პოლიტიკურ ამინდს, თუმცა მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე უპრობლემო სხდომები საკრებულოს არ ელოდება, მაგრამ ეს იქნება „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რადგან 32 საკრებულოს წევრიდან 27 წევრი როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისეთი იქნება ადგილობრივი პოლიტიკა.
დამდგარი შედეგის საანალიზოდ მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ ის წინასაარჩევნო გარემო, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველ რიგში უნდა მიმოვიხილოთ უმთავრესი, რასაც წინასაარჩევნო დაფინანსება ქვია. აქ აშკარად იმოქმედა პრინციპმა „ვინც იხდის, ის უკვეთავს“. წინასაარჩევნოდ მიღებული შემოწირულობების 93% ქართულმა ოცნებამ მიიღო. შესაბამისად მათ შეძლეს 10-20 ადამიანზე თითო კოორდინატორის დანიშვნა, რაც ავტომატურად ნიშნავდა ამ კოორდინატორებისა და მათი ოჯახების ხმებს. სხვა პარტიებს არ ქონდათ მხგავსი ფუფუნებისთვის თანხა, ან საერთოდ არ ჰყავდათ კოორდინატორები. შემდეგი წინაასაარჩევნო ნიუანსი გახლავთ მოსახლეობის განწყობა. 2016 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, კითხვაზე „როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მდგომარეობა ბოლო სამი წლის მანძილზე?“ ლანჩხუთელებმა უპასუხეს 63% შემთხვევაში, რომ გაურაესდა! ამას 2017 წელს დაემატა ფაროსანას შემოტევა და ბევრი ოჯახისთვის მოხსნილი სოციალური დახმარება. თითქოსდა ეს უნდა ასახულიყო არჩევნების შედეგებზე, თუმცა პირიქით მოხდა. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ ჩვენთან არ არსებობს ელექტორატი, ღია საზოგადოება, რაც ძირითადად მოსახლეობის საშუალო ფენის მახასიათებელია. საშუალო ფენა ფინანსურად დამოუკიდებელია, მას აქვს საკუთარი მოსაზრება და სამომავლო ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევარ, ეზო - კარმიდამოდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულ შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რომელსაც ყველა შემთხვევაში „დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს“. ნიჰილისტურად განყობილი, ხელჩაქნეული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის ფაქტორი არის არა პარტიების მიერ გაჟღერებული ხედვა და პროგრამა, არამედ ბიძაშვილის, მეზობლის, ბაღისა და სკოლის პედაგოგის ზარი და თხოვნა. ის თვლის, რომ არაფერს აზრი არ აქვს და არფერიც არ შეიცვლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ფაქტორი, რამაც შედეგი დააყენა იყო საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა სრული მობილიზაცია მმართველი ძალის მიერ. ტოტალური უმუშევრობის პირობებში ადამიანურად გასაგებია ამ ადამიანების შიში სამსახურის დაკარგვაზე და მათ მიერ თხოვნით თუ ხვეწნა მუდარით ხმების მოგროვება.
არჩევნები დასრულდა. მმართველმა ძალამ სრული უფლება მიიღო ერთპიროვნულად მართოს ადგილობრივი საქმეები. „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“.
ნონა გიგინეიშვილი


მოიწონეთ სტატია