ვინ გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი და როგორი ტიპის საკრებულო გვეყოლება?!

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 2758

sarishvili,,ჰო და არამ“ საარჩევნო დღეს უწყვეტ რეჟიმში იმუშავა, ვიყავით სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, ვაკვირდებოდით კენჭისყრის მიმდინარეობას, რეაგირებას ვახდენით იმ ფაქტებზე და დარღვევებზე, რომლებიც ჩვენამდე აღწევდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ შევეცადეთ მაქსიმალურად მოკლე დროში ზუსტი ინფორმაცია მიგვეღო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ჩვენი მკითხველისთვის რეალური სურათი შეგვექმნა. სამწუხაროდ ვერ მივიღეთ საბოლოო შედეგები, ვინაიდან საოლქო კომისიაში გრძელდებოდა ხმების დათვლა, თუმცა ჩვენიაზრით, ძალიან მცირე ცდომილების ალბათობით გთავაზობთ იმ მონაცემებს, რომელიც მოვიპოვეთ. დავიწოთ მაჟორიტარული სიით:
,,ქართულ ოცნებას“ მომავალ საკრებულოში მაჟორიტარული სიით 17 დეპუტატი შეჰყავს, ანუ მაქსიმუმი. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ბესიკ ტაბიძემ მოიპოვა ნიგვზიანის თემში- აქ დაახლოებით ხმების 94% მასზე მოდის, მმართველმა გუნდმა სწორად გათვალა გიგი გვარჯალაძის კანდიდატურაც ქალაქში, ყოფილი გამგებლის, მიშა გვარჯალაძის შვილმა, დამაჯერებლად მოიგო თავისი ოლქი. არც აცანის, ჩიბათის, ნიგოითის, შუხუთის მაჟორიტარები ჩამორჩენიან ლიდერთა გუნდს. შესაბამისად ემზარ თევდორაძემ, გიორგი ჩახვაძემ, ზაზა წულაძემ, აკაკი იმნაიშვილმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო დავით ჩხარტიშვილმა ნინოშვილში, ოთარ პატეიშვილმა მამათში, კახა თედორაძემ ღრმაღელეში, კახა კვიტაიშვილმა ქალაქში, რევაზ კვაჭაძემ ჩოჩხათში, სპარტაკ კვაჭაძემ ჯურუყვეთში. ბრძოლა გაიმართა ლესაში ელისო ჭიჭინაძესა და კახაბერ პატარაიას შორის, საბოლოოდ აქაც ოცნების კანდიდატი დარჩა გამარჯვებული. ბეწვის ხიდზე გაიარა ცისანა ურუშაძემ გვიმბალაურში, საერთოდაც აქ მის მოგებას ნაკლებად ელოდნენ, მოულოდნელად მისი მთავარი მეტოქე არა წინა მოწვევის დეპუტატი ნიკოლოზ იმნაძე, არამედ ახალგაზრდა ბორის ხოფერია აღმოჩნდა. ხოფერიას სულ რაღაც 20 ხმა დააკლდა, რაომ ამ მოწვევის საკრებულოში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი გამხდარიყო. ალბათ ოცნებისთვის სიურპრიზი იყო გოდერძი ქურიძის მიერ მაჩხვარეთის ოლქის მოგება, თუმცა ახალგაზრდა ქურიძემ მოახერხა და რობერტ წილოსანის ბარიერი გაიარა. ჭანჭათის მოგება არ ეყო გულნარა ჩიჩუას იმისათვის, რომ ოცნების კანდიდატი აკეთის თემში გიორგი მორჩილაძე დაემარცხებინა. მაგრამ მთავარი მოულოდნელობა მაინც სუფსის თემში ჯუმბერ ბლაგიძის დამარცხება აღმოჩნდა, ხელისუფლებამ იცოდა რა ბლაგიძის რეალური ძალა, ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ბერკეტი გამოიყენა მის დასამარცხებლად და საკრებულოში ზურაბ კუკულავა მაინც შეიყვანა. ამრიგად მმართველმა გუნდმა ავად თუ კარგად მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი და საკმაოდ კომფორტული სიტუაცია შეიქმნა მომავალ საკრებულოში.
რაც შეეხება პარტიულ სიას: აქაც უპირობო ლიდერი ,,ქართული ოცნებაა“, კოალიცია სავარაუდოდ მინიმუმ რვას და მაქსიმუმ ცხრა დეპუტატს შეიყვანს ( ეს არის დილის 5:00 საათის მონაცემები და ცდომილების ალბათობა არსებობს, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს მხოლოდ კოალიციის სასარგებლოდ), საკრებულოში გარანტირებულად შევლენ ვლადიმერ ნანაძე, რევაზ კვერენჩხილაძე, ვერიკო კვირკველია, თორნიკე ტიკაძე, ალექსანდრე მახათაძე, ციცინო ჩხაიძე, ბესიკ კუპრაძე, ამირან ქანთარია. არ გაგვიკვირდება, თუ ზაალ სანაძესაც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში ვიხილავთ. ,,ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში შეიძლება იმის თქმა, რომ ირაკლი მარშანიშვილს და ამირან გიგინეიშვილს საკრებულოში თანაპარტიელი არ ეყოლებათ, თუმცა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. თითქმის იმავე სიტუაციაში იმყოფება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ მხოლოდ კახა ასკურავასა და სოსო ჩხაიძის გარანტირებულად შეყვანა უნდა ეიმედებოდეთ საკრებულოში. ეს არის ალბათ ლანჩხუთში ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა. პარტიული სიის მესამე ნომრის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, გია გოგუაძის სადეპუტატო მანდატი სასწორზე დევს და პინა სულაც არ იხრება მისკენ. რატომ გარისკა გია გოგუაძემ, პარტიის რეიტინგის ეიმედებოდა თუ უბრალოდ ასე უნდოდა, ამის გაგებას ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა ის დეპუტატი. ყველასთვის გასაოცრად ,,პატრიოტთა ალიანსის“ რიგებიდან უდიდესი ალბათობით მხოლოდ სიის პირველი ნომერი ლელა ჩახვაძე შევა საკრებულოში, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი, აწ უკვე წინა მოწვევის დეპუტატი დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძე საკრებულოს მიღმა რჩება. ასევე ძალიან მცირე, თითქმის მიზერული შანსები აქვთ ელგუჯა ჩხაიძეს და ნონა მურვანიძეს, მოგეხსენებათ ჩხაიძეც და მურვანიძეც თავიანთი პარტიების სიის პირველი ნომრები არიან და მათი დეპუტატობის თეორიული შანსი კვლავ არსებობს.
თუ პარტიული სიებით გასული დეპუტატების გვარ-სახელები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს ალექსანდრე სარიშვილის მერობასთან დაკავშირებით. ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი სწორედ კოალიციის კანდიდატი გახდა. ალექსანდრე სარიშვილმა ყველანაირი მონაცემებით დამაჯერებლად მოიგო პირველივე ტურში. ,,ჰო და არა“ წარმატებას უსურვებს ალექსანდრე სარიშვილს და ახლადარჩეულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.
ასე და ამგვარად ძვირფასო ლანჩხუთელებო, ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა_ როგორც არ უნდა შეიცვალოს არჩვნების საბოლოო შედეგები, მაინც ყველა ვარიანტში გვეყოლება საკრებულო აბსოლიტური უმრავლესობით. კარგია ეს თუ ცუდი, მომავალი გვიჩვენებს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი