რატომ იმოქმედა დადებითად ფაროსანას შემოსევამ, თხილის გადაყრამ, სიმინდის მოსავლის უქონლობამ, განადგურებულმა ციტრუსმა, მოსალოდნელმა შიმშილობამ ხელისუფლების რეიტინგზე?

archevndeni21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც ყველაზე კონტროლირებადი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ ფაქტებზე, რომლებსაც სტატიაში წაიკითხავთ, რაღა თქმა უნდა, რედაქციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზეა საუბარი. 21 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დილის 8:00 საათზე 38 უბანი გაიხსნა შეფერხების გარეშე, ამომრჩეველთა აქტივობამ დღის ბოლოს ანუ 20:00 საათზე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 58,31% შეადგინა. სულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 29 373 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 17 128 ადამიანმა თავისი პოზიცია საარჩევნო ბიულეტენთან დააფიქსირა. მართალია ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, თუმცა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე 1014-ით მეტი, ანუ 18 142 ამომრჩეველი გამოცხადდა. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესებს, შეგვიძლია დავესესხოთ ოპოზიციურ პარტიებს და თამამად ვუწოდოთ ,,სპეცოპერაცია“. რედაქციაში დილიდანვე შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, თვალთვალი და დაშინება. მართლაც, ადგილზე მისულებს თითქმის ყველგან გვხვდებოდნენ ,,ოცნების“ მაჟორიტარები და მათი მხარდამჭერები, ისინი საარჩევნო უბნის სიახლოვეს მოძრაობდნენ და აკონტროლებდნენ მისულ ამომრჩევლებს, ასევე ,,კარგად“ მუშაობდნენ მათი კოორდინატორები, მოურიდებლად აფრიალებდნენ სიებს და რეკავდნენ ,,დაგვიანებულ“ ხალხთან, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ითვლიდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ერთმანეთს მოუწოდებდნენ მეტი აქტიურობისკენ. კულტურის ცენტრის დირექტორი ადელინა კილაძე, მისი მეუღლე თამაზ ცინცაძე და სხვადასხვა სამსახურის უფროსები სიტუაციის კონტროლს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, კოორდინატორებთან აქტიურად განიხილავდნენ მოსული და მოსასვლელი ამომრჩევლების რაოდენობას. ერთი ხანში შესული ქალბატონი უკიდურესობამდე მივიდა, როდესაც არ დაუჯერეს, ,,შვილი ჩამედოს მიწაში თუ სამივეში ოცნება არ შემომეხაზოს“ - კანკალით უხსნიდა კოორდინატორებს. ჩვენს დანახვაზე ადელინა კილაძემ გადაულაპარაკა თანმხლებ პირებს, ,,ჟურნალისტები დარბიანო“, ჩვენი სირბილი დიახაც რომ გამართლებული იყო არჩევნების დღეს, მაგრამ თქვენს ,,სირბილს“ რა სახელი უნდა შევურჩიოთ ბატონებო და ქალბატონებო? მათი მთავარი მოთხოვნა იყო, დღის 12 საათამდე მოსულიყო ოცნების მხარდამჭერთა მასა. როდესაც ჩვენ ხელში დაკავებულ სიებზე შევეკითხეთ გვიმბალაურის საარჩევნო უბანზე მყოფ ოცნების კოორდინატორს, მან გვიპასუხა, რომ ეს ,,ნისიების“ რვეული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა არჩევნებთან. გამოდის რომ, კოორდინატორებს ეს ქმედებები კანონდარღვევად მიაჩნდათ და მალავდნენ. ,,პატრიოტთა ალიანსმა“ ნინოშვილის უბანზე კანონდარღვევის შესახებ აცნობა საოლქო კომისიას, მათი თქმით უბანზე შევიდა დაულუქავი ყუთი, თუმცა კომისიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, როგორც ისინი აცხადებენ ნინოშვილის უბნის კომისიის ყველა წევრმა დაადასტურა, რომ ყუთი დალუქული იყო. თითქმის ყველგან ჩვენს თვალწინ ხდებოდა ადამიანების მოყვანა საარჩევნო უბნებზე და შემდეგ მათი სახლებში დარიგება. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ყოველ შემთხვევაში კომისიის წევრები და დამკვირვებლები ასე აცხადებდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა კახა ასკურავამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც დაფიქსირებულია ავტობუსები შიგ მსხდომი პოლიციელებით. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პოლიციის ბრიგადების დამატება შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად მოხდა.
არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა საღამოს ნაციონალების ოფისთან. ოცნების მაისურებში გამოწყობილმა ბავშვებმა დროშებით ხელში ჩამოიარეს და რატომღაც ოპოზიციური პარტიების შტაბებთან შეჩერდნენ. საინტერესოა ამ დროს ბავშვები ვინ და რა მიზნით გამოუშვა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული რესურსი დახარჯა ხელისუფლებამ სუფსაში, მან გააკეთა ყველაფერი, რათა ჯუმბერ ბლაგიძეს ვერ მოეგო თემი. მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ხალხის მოყვანის პროცედურა. უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში ყველაზე მეტი კონტროლი სწორედ ლანჩხუთზე წამოვიდა, საეჭვოდ მომრავლდა არჩევნების დღეს შავი ჯიპები და შკოდები.
სპორტის არ იყოს მთავარი მაინც ტაბლოა, არსებული მდგომარეობა ოპოზიციამ თავის თავსაც უნდა დააბრალოს. გასაგებია, რომ ლანჩხუთს ამოუცნობი ამომრჩეველი ჰყავდა და ჰყავს, მაგრამ კაბინაში შესულ ადამიანებს ხელს ვერავინ ვეღარ შეუშლიდა სასურველი არჩევანი გაეკეთებინათ. საოცრებაა, მაგრამ როგორც ჩანს, ფაროსანას შემოსევამ, თხილის გადაყრამ, სიმინდის მოსავლის უქონლობამ, განადგურებულმა ციტრუსმა, მოსალოდნელმა შიმშილობამ დადებითად იმოქმედა ხელისუფლების რეიტინგზე ლანჩხუთში.
საბოლოოდ მაინც ხალხმა ის შედეგი დააფიქსირა, რაც სურდა. ჩვენ მომავალ საკრებულოს წარმატებით მუშაობას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ რომ, ასეთ მაღალ ნდობას სრულად გაამართლებს მმართველი გუნდი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი