გაცრუებული ოცნებიდან,იმედიან ოცნებამდე

21617505 701353193368192 5671360377288264575 n„სიდიადე ერისა, რომ კარგად მოგეხსენებათ იმ გარემოებით განიზომება და განისაზღვრება, თუ თავისი ისტორიული ცხოვრების განმავლობაში რამდენი და რა შესანიშნავი კაცები ჰყოლია“. თუ მივუსადაგებთ ფაჟა-ფშაველას ამ შესანიშნავ ფრაზას ჩვენი რაიონის სინამდვილეს, დღეს ყველაზე მეტად, ამ ძნელბედობის ჟამს უაღრესად საჭიროა რაიონის წინამძღოლად მართლაცდა შესანიშნავი პიროვნების პოვნა, რამეთუ სამწუხაროდ დღეს ასეთი პიროვნებები სანთლითაა საძებარი სხვადასხვა მიზეზებისა და საერთოდ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომლის შეფასებისგან დღეს თავს შევიკავებ. არც იმას ვაპირებ ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი აზრები და შეფასებები, ეს თვითონ მკითხველმა განსაჯოს. ჩემი მოკრძალებული კალმით მინდა წარმოგიდგინოთ პიროვნება, რომელიც ასევე მოკრძალებით შემოვიდა ჩვენი რაიონის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პიროვნება, რომელიც წარდგენილია ლანჩხუთის რაიონის მერობის კანდიდატად მიმდინარე არჩევნებში. როგორც ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა: ,,მაღალი ზნეობის კაცი, ერისა სამშობლოსა და მოყვასისათვის იღვაწებს უპირველესად“, ხოლო ზნეობრიობას ნათელი გონება აკეთილშობილებს, ამიტომაც დღეს ჩვენ განათებული და ნათელი გონების ადამიანი გვჭირდება, როგორიც წარმომიდგენია დღეს ჩვენი რაიონის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი... და თუ შენს ნიჭს და უნარს მოახმარ საკუთარი ხალხის უანგარო სამსახურს, მით უმეტეს, თუ ამის საშუალებას შენი ამომრჩეველი გაძლევს, ეს დიდი ბედნიერებაა. ალექსანდრე სარიშვილი დაიბადა 1984 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში), სადაც დაამთავრა საჯარო სკოლა. 2007 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით. 2003-2007 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.2008-2009 წლებში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალში გაიარა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების სწავლების სრული კურსი ბუღალტრის სპეციალობით. 2007-2008 წლებში მუშაობდა ბერძნულ კომპანიაში შ.პ.ს „პონტოსტარში“. 2009-2011 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 2013-2014 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად, იგი 2014 წლიდან ლანჩხუთის საკრებულოში სოფელ ჩოჩხათს მაჟორიტარი დეპუტატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი, 2017 წლიდან კი მისი აღმასრულებელი მდივანი. სადაც კი იმუშავა და იღვაწა, გამოჩნდა მისი მაღალზნეობრივი და ნიჭიერი თვისებები. მისი ბევრი ღირსეული თვისებებიდან გამოვყოფდი უბრალოებას და კაცთმოყვარეობას. იგი შინაგანად გაწონასწორებული,ვაჟკაცური შემართებით და მჭერმეტყველობით გამოირჩევა.
დღეს „მართალი კაცია“ საჭირო,რომ გაუძღვეს ქვეყნის შეჭირვებულ მდგომარეობას, რომ მისი მოღვაწეობა იყოს თავის ხალხზე, თავის ქვეყანაზე, ქართულ სულსა და ზნეობაზე დაფუძნებული. ადამიანს განათლება და ინტელექტი ამკობს და ასედაც მესახება მე იგი. მერობა მას განსაკუთრებულად და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას აკისრებს. ხალხთან მხოლოდ პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა, კადრების შერჩევისას მისი საქმიანი თვისებების გათვალისწინება, ნიჭიერი ადამიანის დაფასება, გულღიაობა, გულწრფელობა,კეთილგანწყობა _ აი, ეს ძირითადი კრიტერიუმებია მისი მომავალი წარმატების საწინდარი.
ლანჩხუთის ამომრჩევლებმა უნდა იცოდენენ მერობის კანდიდატის მოკლე, მაგრამ ლამაზად განვლილი ისტორიის შესახებ, რომელსაც მისი გარეგნობა, განსწავლულობა და ოჯახიშვილობა ამშვენებს, რამდენადაც იგი თავისი მოდგმითა და ჯილაგით იწყება, რაც ალბათ გასათვალისწინებელია მისი ცხოვრების აუხლეს ეტაპზე. ამანაც გამაბედვინა ორიოდე სიტყვა დამეწერა ალექსანდრე სარიშვილზე.
იმედია ლანჩხუთელი ამომრჩევლები გამოუცხადებენ დიდ ნდობას მერის თანამდებობის დასაკავებლად. არადა როგორ სჭირდება დღეს ლანჩხუთს ასეთი პიროვნება.
ვუსურვოთ მას წარმატება!

ჯონი ცინცაძე


ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV