სოფელი აკეთი თანამედროვე სოფლის ერთი უჩვეულო მაგალითი

aketis saxelobis eklesia 5556ძველი ეკლესია
ზემო აკეთის ცენტრში, მხოლოდ ერთი მოსაცდელი და პატარა სამლოცველოა, აქვე მაღლობზე წმინდა გიორგის სახელზე 1899 წ. აშენებული ეკლესიის ნანგრევები დგას, რომლის ეზოშია სოფლის სასაფლაოც. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად დამუშავებული ქვებით. ამჟამად ჭერი ჩამონგრეულია, ასევე მთლიანად ჩამოქცეულა სამნაწილიანი აბსიდიც. შემორჩენილია მხოლოდ გარე კედლები თავისი შესასვლელებითა და სარკმელებით. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის თავზე შემორჩენილია ჩუქურთმა, მკვლევარების მოსაზრებით შესაძლებელია მეათე საუკუნეს მიეკუთვნოს, სპეციალისტების აზრით სავარაუდოა, რომ ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე მასზე მითითებული თარიღი მოწმობს, ამბობენ რომ იგი მე-19 საუკუნის დასასრულს აღდგენილი უნდა იყოს, ხოლო მისი აშენების თარიღი უცნობია.
ძეგლის რესტავრაციაზე ჯერ არავის უფიქრია, ძველი ეკლესია ფრთებჩამოყრილი ანგელოზივით გადმოჰყურებს სოფელს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა კლებულობს, უგზოობისა და სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობის გამო.
გზა
სოფლის შიდა გზები და ინფრასტრუქტურა, ზემო აკეთის თემის მოსახლეობის პრობლემათა ჩამონათვალის ერთი ნაწილია. სოფელი, რომელიც სულ რაღაც 8 კილომეტრითაა დაშორებული რაიონული ცენტრიდან, ამ საუკუნის გაჭირვებული ქართული სოფლის ერთ-ერთი ტიპური ნიმუშია. ცენტრალური გზაზე, რომელიც ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის, ფილიალმა ,,სინოჰიდრომ'ალაგ-ალაგ გააფართოვა, აღნიშნული კომპანიის მძიმეწონიანი ავტომანქანების კოლონები არ წყდება და გზის მთელი მონაკვეთი ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, მტვრის ბუღშია გახვეული, მის მთიან ნაწილში, მსუბუქ ავტომანქანებს ცხელ ამინდში ცუდი ხილვადობის გამო გადაადგილება უჭირთ, კომპანიას დაევალა მტვრიანი გზის მორწყვა, თუმცა ეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტებში ხდება. უკაცრიელ გზაზე მიმავალს მსუბუქ ავტომ-ანქანებს და მარშუტის ავტობუსს, მტვრის ბუღის გამკვლავება და მძიმეწონიანი ავტომანქანების გვერდიას ავლა ერთდროულად უხდებათ.
,,რამდენი ხანია ვიხვეწები, სახლთან მისასვლელი გზის მოწესრიგებას, ყველა ოჯახს ვინც ჩვენს უბანში ცხოვრობს, იგივე გასაჭირი ადგას, საკუთარ სახლებთან მისვლა ჭირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე ტვირთი გვაქვს. ბაზარში ხომ უნდა ვიყიდოთ რამე და სახლში მოვიტანოთ, სახლამდე მისასვლელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკია. მრავალშვილიანი დედა ვარ, ამ გზის გადამკიდე ყველა მათგანი გულაცრუებულია აქაურობაზე" გვითხრა ნინიბურის უბნის მაცხოვრებელმა ქალბატონმა ჟუჟუნა გორგაძემ.
წყალი
სოფელ ზემო აკეთში, სასმელი წყლის არქონასაც უჩივიან, ამბობენ, რომ წყალი აქვთ, მაგრამ ზაფხულში დიდი სიცხეების გამო შრება და ყველას არ ყოფნის, ან დიდი წვიმების შემდეგ ისილება და საერთოდ არ მოდის. წყალი, რომელით არცთუ ისე დიდი ხანია ახდენილ ოცნებად იქცა, სასმელად უვარგისია და ძალიან ხშირად ონკანებიდან პირდაპირ ტალახი მოდის, მისი მოხმარა მხოლოდ დალექვის შემთხვევაშია შესაძლებელი. სოფელი მდიდარია ბუნებრივი წყაროებით, სასმელ წყალს მოსახლეობა კვლავ შორი გზიდან ეზიდება.
ფაროსანა
ყოველგვარ გაჭირვებას, ამ სოფელში ისე როგორც მთელს გურიაში, თხილის მოსავლის გაფუჭებაც დაერთო. თხილი შეიწამლა, თუმცა ამან მავნებელს ვერ უშველა, ფაქტიურად მოსავალი განადგურებულია და მოსახლეობა მხოლოდ მისი ნაჭუჭის ამარაა დარჩენილი. ფაროსანად წოდებული მავნებელი, უკვე სიმინდის ყანებს, ხეხილს და სხვა ნათესებს შეესია. საქმეში ჩახედული და მეურნე ხალხის თქმით, წამლობა, დაგვიანებული იყო, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თხილის ბაღები მხოლოდ ალაგ-ალაგ შეიწამლა, რადგან ნებაყოფლობითი იყო შეწამვლა და პარაზიტს ვერ მოერია. მავნებელმა ჩემი ეზო და შენი ეზო რომ იცოდეს, რაღა მაინც და მაინც ჩვენ აგვირჩევდა დასაქცევად, პაწა უფრო სულმოთქმულ ხალხს მიადგებოდაო, ამბობენ აკეთელები.
დასაქმება
პრობლემათაგან ყველაზე მთავარი კი დასაქმებაა, დასაქმების წყაროდ კი უმეტესად თურქეთში პერიოდულად გადასვლა და გარკვეული სამუშაოს შესრულებაა მიჩნეული. თურქეთი რომ არ იყოს, შიმშილით დავიხოცებოდითო, ამბობენ აქაურები.
ლამაზი ბუნებით, ანკარა წყაროებითა და სუფთა ჰაერით გამორჩეული უნიკალური ადგილები, ეკალ-ბარდების და ამბროზიისა და სხვა სარეველებითაა დაფარული.
სოფელ აკეთში სპეციალურად რომ ჩახვიდეთ დარწმუნდებით, რომ აქ ცივილიზაციის ნაკვალევი მხოლოდ ტელეეკრანებითა და მობილური ტელეფონებით შემოიფარგლება.
ამ სოფლის სახელწოდება ისტორიულად კეთებასთანაა დაკავშირებული. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობს ტკბილი გემრიელი ხალხი, თუკი რომელიმე ოჯახში სტუმარს ფეხი მიუცდება, უპურმარილოდ არ გამოუშვებენ. საღამოობით კი შარაგზას გაჰყურებენ ათასგვარ ძველ ამბებს ყვებიან.
რომელი ერთი უნდა გიამბოთ, რაც აკეთის თემის მოსახლეობას აწუხებს. ხალხი სწუხს ქარავანი მიდის... წუხილთან ერთად იმედებიც ქრება, სოფელიც თავისი ლამაზი ფერების მიუხედავად, ცარიელდება და უკაცურდება.
ყველა ამბავი, რომელსაც აქ მოისმენთ წარსულ დროს უკავშირედება, ქორწილები ნათლობები და დღეობები მაშინ იყო თუ იყოო, იტყვიან და თავს გადაიქნევენ.
როგორც თავში აღვნიშნეთ, ამ სოფელში ცივილიზაციის ნიშანწყალი სანთლით საძებნელია, სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ სოფლის ერთგული ადამიანები მაინც არ კარგავენ იმედს, რომ აქაურობა არჩევნების გარდა კვლავ გაახსენდება რომელიმე არჩეულ ხელისუფლებას....
მაია კუკულაძე

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV