რას ფიქრობს ხალხი?!

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას დავუსვით კითხვა - შეიცვლება რაიმე არჩევნების შემდეგ?
ეკა კაკაურიძე(ლესა)
შეიძლება რაიმე შეიცვალოს. იქნება ცოტათი მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა. მაინც იმედი მაქვს, რომ აუცილებლად უკეთესობისკენ წავალთ.
თენგიზ ჭიჭილეიშვილი(შუხუთი) - დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ნანა მგელაძე(შუხუთი)
მინდა, რომ ბევრი რამ შეიცვალოს უკეთესობისკენ. არ მინდა ამჯერადაც იმედგაცრუებული დავრჩე.
სერგო სარჯველაძე(ლანჩხუთი) - არაფერი არ შეიცვლება, მდგომარეობა ასეთივე დარჩება. ახალი და ძველი მთავრობების კოჰაბიტაციის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ასე დაუძლურდა. ხალხი უნდა ადგეს და ერთიანი ძალებით მოიშოროს ეს მთავრობა.
ნონა ორმოცაძე (ღრმაღელე) - არაფერსაც არ ველოდები, არც ახლა და არც წინათ მდგომარეობა არ ყოფილა სახარბიელო. ჩემი ოჯახი შვიდი სულისგან შედგება. დედამთილი, მეუღლე, მე და ოთხი შვილი. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვღებულობთ 220 ლარს, მაინტერესებს ერთი სული 31 ლარად რომელ ქვეყანაში ირჩენს თავს. ელემენტალური პირობებიც კი არ გვაქვს.
ქეთევან კომახურიძე (ქუთაისი) - არჩევნების შემდეგაც არაფერს არ ველოდები. იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. ,,აზიურმა ფაროსანამ“ რა გვიყო ხომ ხედავთ, რითი დაგვეხმარა მთავრობა, რა გააკეთეს. უსაქმურების ბუდედაა ქცეული დღეს ხელისუფლება.
ვახტანგ ჯულაყიძე (იანეთი) - ისევ ისეთივე მდგომარეობა იქნება, როგორიც იყო. ისევ სკამებისთვის ბრძოლა წავა და ჩვენს ბიუჯეტს თავიანთი კეთილდღეობისთვის მოიხმარენ.
თამარ არმაზიშვილი(სამტრედია)- ეს მთავრობა არის უნიათო, პენსიასაც კი ვერ უმატებს. იმედია შეიცვლებიან და გვეშველება რამე.

რუსუდან მანაგაძე

მოიწონეთ სტატია