ნინო წილოსანი: ,,ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, ადგილობრივი თვითმმართველობის სიის ფორმირებაში ჩემი ხედვა რომ არ გაეთვალისწინებინათ~

nino wilosani45თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ,,ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მაჟორიტარობის კანდიდატად ნაცვლად თემურ ჭკუასელისა, ნინო წილოსანი წარადგინა. არადა, ჭკუასელის ბილბორდები უკვე იქცევდა ყურადღებას. გამომდინარე იქედან, რომ აკაკი ჩხაიძის კანდიდატურას, დიდი ალბათობით თემურ ჭკუაზელი ძვრასაც ვერ უყოფდა, გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, პოპულარული ნინო წილოსანი დაპირისპირებოდა რკინიგზის ყოფილ შეფს. ,,ქართული ოცნების“ გათვლამ გაამართლა, მართალია მეორე ტურით, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა წილოსანმა. საინტერესოა, როგორ აფასებს მოვლენებს ერთი წლის შემდეგ პარლამენტარი ქალბატონი. ,,ჰო და არა“ გთავაზობთ ინტერვიუს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან - ნინო წილოსანთან.
- დაახლოებით ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკაში მოხვედით. არის თუ არა ეს ის პოლიტიკური გარემო როგორიც წარმოგედგინათ?
- მე პოლიტიკაში მოსვლისას მჯეროდა ,,ქართული ოცნების“ დემოკრატიული პრინციპების და არჩევნების შემდეგაც, რაც ამ გუნდის წევრი ვარ არაერთხელ დავრწმუნდი, რომ პარტია ,,ქართული ოცნების“მთავრობისთვის უმნიშვლენოვანესია კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მსურს, მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, კიდევ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს გენდერული თანასწორობის და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ, რადგან მიმაჩნია, რომ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებულ ღირებულებებს, ხედვებსა და გამოცდილებას შემოიტანენ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს პოლიტიკურ პროცესებს.
- თქვენი ოპონენტები არაკონკურენტულ გარემოს უჩივიან, არის თუ არა კეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმები დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში?

- თუ ოპოზიციური პარტიები არაკონკურენტულ გარემოში იმას გულისხმობენ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ არაკეთილსინდისიერებას ან არადემოკრატიულობას. ჩვენმა გუნდმა საქმით მოიპოვა ხალხის სტაბილური მხარდაჭერა. ოპოზიციის ნაწილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ცდილობდა, ამ მიმართულებით საერთაშორისო რეაქცია გამოეწვია, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ ერთხმად გააკეთეს შეფასება, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამეტური ღირებულებები დაცული იყო. მას შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწა საარჩევნო გარემო, ბევრი რამ გაკეთდა იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელმაც მაშინ იჩინა თავი და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის.
- ამჟამად ლანჩხუთის რაიონში უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირეა. ძალიან ბევრი ოჯახი თავს ირჩენდა თხილის შემოსავლით, წელს კი ეს შემოსავალი, ცნობილი მიზეზის _ აზიური ფაროსანას გამო ნულზეა დასული. აზიური ფაროსანა უკვე საყანე ფართობებსაც შეესია, რაც, როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, კატასტროფის ტოლფასია. თქვენ რა გამოსავალს ჰხედავთ, აქვს მთავრობას რაიმე შეთავაზება?
- დიახ, მართლაც შემაშფოთებელია აზიური ფაროსანას მიერ ჩვენი სოფლებისთვის მიყენებული ზარალის მოცულობა. მე თავად ვიმყოფებოდი იმ ზონებში, სადაც ეს მავნებელია გავრცელებული და როგორც ჩემი გურულების გულწრფელი გულშემატკივარი, კარგად ვხედავ რეალურ გასაჭირს. ამ მავნებელთან ბრძოლისთვის სახელმწიფო პროგრამაა ამოქმედებული. აუცილებელი და სასწრაფო ღონისძიებებისთვის 16 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მთავრობის 7 სექტემბრის განკარგულებით, მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორისა და საავიაციო საშუალებით დაიწყება ნაკვეთების მოფრქვევა - შეწამვლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამუშავდება 1707 ჰექტარი თხილის ფარტობი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 1998 ჰექტარი თხილის ფართობი. მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში მცენარეების დასამუშავებლად მოსახლეობას დაურიგდება ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები და სპეციალური ფერომონიანი საჭერები. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია ცხელი ხაზი. ამ დღეებში სოფლებში მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბუკლეტები რეკომენდაციებით, თუ როგორ შეწამლონ ნაკვეთები, პესტიციდების გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები როგორ დაიცვან და მავნებელთან ბრძოლისთვის ზოგადად რა ღონისძიებები გაატარონ. ასე რომ, ეს პრობლემა მთავრობას განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. მე უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრთან მქონდა ამ პრობლემაზე საუბარი და გეტყვით, რომ საქართველოში გატარდება ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც ამ მწერთან ბრძოლაში უცხოეთში მიმართავენ და რომელთა ეფექტურობა უკვე გამოცდილია. ახლა უკვე საჭიროა, სპეციალისტთა რჩევების მიხედვით, თანმიმდევრული მოქმედება.
- ხომ შეიძლებოდა ეს ღონისძიებები უფრო ადრე დაწყებულიყო და ეს ზარალი აგვეცილებინა თავიდან?
- ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, ვფიქრობ სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რაც მის შესაძლებლობაში იყო.
- როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ გააუქმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს?
- მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხების სიმცირის გამო საკმაოდ არაეფექტურ ხარჯვაზე ხშირად იყო ლაპარაკი. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის გაუქმებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეფერხდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. სოფლის პროგრამა უბრალოდ გაერთიანდა რეგიონალურ ფონდებთან. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის ჩართულობა და ამ ჩართულობით იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლითაც შემდეგ განსახორციელებელ პროექტებს შეარჩევდნენ. ეს არ იცვლება. მოსახლეობის ჩართულობა კვლავაც გაგრძელდება, უბრალოდ ამ პროცესს ფორმა ეცვლება. ახლა უკვე ხალხის მიერ არჩეული მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრაში, პროექტების შერჩევაში. ამ ცვლილების მოტივი ნათელია - უფრო კონცენტრირებულად მოხდეს რაიონის მასშტაბით პრობლემების გადაჭრა.
- საქართველოში არსებული წარმოების მხოლოდ ერთი პროცენტი მოდის გურიაზე. ამ ერთ პროცენტში შედის ჩოხატაურის ნაბეღლავი და ოზურგეთის თხილის ქარხნები, გამოდის ლანჩხუთში არაფერი გვაქვს?
- მაშინ, როცა დეპუტატის მანდატზე გადაწყვეტილებას ვიღებდი, კარგად ვაანალიზებდი, რომ ეს ორივე მუნიციპალიტეტი დაბალშემოსავლიანია და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო მექნებოდა. ძნელია ათწლეულების მანძილზე გაყინული ეკონომიკური გარემოს ფონზე მყისიერად რამეს შეცვლა, მით უმეტეს ერთ წელიწადში. ამას, დარწმუნებული ვარ, ჩემი ამომრჩეველიც, დიდი მოლოდინის მიუხედავად, კარგად აანალიზებს. ასე რომ, წინ დიდი სამუშაო მელის.
- ამ ბოლოს ხშირად საუბრობენ ამ თემაზე და მინდა გკითხოთ, ჩაერიეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის ფორმირებაში?
- მე ვარ ,,ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, აქ ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდური პრინციპებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აწყობილ სისტემაში. ასე რომ, ვფიქრობ ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, ადგილობრივი თვითმმართველობის სიის ფორმირებაში ჩემი ხედვა რომ არ გაეთვალისწინებინათ.
- რისი შეცვლა შეძელით და რისი ვერა, მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდით?
- უპირველეს ყოვლისა, ჩემი დიდი მიღწევაა მოსახლეობასთან ახლო კავშირი. ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს დავჭირდი და მისთვის მიუწვდომელი ვიყავი. ჩემს არაერთ ამომრჩეველს დავეხმარე და ვეხმარები ჩემი შუამდგომლობებით სამინისტროებთან თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. რაც შეეხება უფრო მასშტაბურ პროექტებს, ლანჩხუთში ჩემი უშუალო ჩართულობით აშენდება ახალი, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თავისი შინაარსით დაამშვენებს რაიონს. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო დახმარების ცენტრები. ამ ცენტრების სამედიცინო დახმარების ბრიგადები მოკლე დროში შეძლებენ სოფლებში გამოძახების ადგილზე მისვლას, რაც, დამეთანხმებით, ძალიან საჭიროა მოსახლეობისთვის. ლანჩხუთი-ჩოხატაური ჯანდაცვის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმას, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩემი კონსულტაციების შედეგად დაემატა. ასევე, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 2017 წელსაც ჩატარდება გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლესაში, ქვემო და ზემო ჩიბათში შესრულდება გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში კი შესრულდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები; იცით, რომ გაზის მოლოდინში რიგში საქართველოს ბევრი სოფელი დგას. აქედან გამომდინარე, წლევანდელ ბიუჯეტში, რომელიც 20 მილიონი ლარია, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მოხვედრა სწორედ ჩემი არგუმენტირებული და დასაბუთებული მოთხოვნის შედეგია. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე კიდევ მექნება საშუალება, მაქსიმალურად გამოვიყენო სახელმწიფო რესურსი და მივმართო ორივე რაიონის კეთილდღეობისკენ.
- თქვენ ბრძანდებით წარმატებული ბიზნესმენი, არ გიფიქრიათ რაიმე საწარმოს გახსნაზე ჩვენს რაიონში?
- სამწუხაროდ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ჩამოშორებული ვარ აქტიურ ბიზნესს, თუმცა არაერთხელ გვისაუბრია ოჯახში ამ საკითხზე და მოხარული ვიქნები თუ რაიმე ბიზნესაქტივობას განახორციელებენ გურიაში.
თორნიკე ჯიჯიეშვილი


 

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV