დიდი გაურკვევლობა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით

 

guber4556 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმით იყო გამორჩეული, რომ მას ესწრებოდა (მართალია ცოტა ხნით) გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. ის მიესალმა დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებას და თანამშრომლობა შესთავაზა ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა პარტიულობას, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას ექნებათ საშუალება გუბერნატორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლონ.
ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა. მიკროფონთან სთხოვეს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს როლანდ ლაშხიას, რომელმაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს: ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ.“
,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს განკარგულებით, აგვისტოს თვეში ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიების განხორციელების მიზნით გამოიყო 247 000 ლარი, რომლიდანაც 130 000 ლარი მიიმართოს ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენით სამუშაოებზე, 117 000 ლარი ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“.
ასევე როლანდ ლაშხიამ ისაუბრა ადმინისტარციული ხარჯების გაზრდაზე, სამკურნალო-საოპერაციო ხარჯების 20 000-ით შემცირებაზე და ამ თანხის ერთჯერად დახმარებათა პროგრამაში გადამისამართებაზე.
ლაშხიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გია გოგუაძემ მიმართა: ,,ბატონო როლანდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თქვენ არ გქონდათ გაწერილი ტრანსპორტის ხარჯი, ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ამ პუნქტის ჩადება? მე ვთქვი სხდომაზე, რომ კანდიდატებად დარეგისტრირების შემდეგ გავაკონტროლებდი კომისიის თავმჯდომარეების, ფრაქციის ხელმძღვანელების გადაადგილების ხარჯებს. რაც შეეხება სტიქიას, ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია. მაგალითდ 2015 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარებულებს სახელმწიფო დაეხმარა ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში. მაინტერესებს, როგორ მოხერხდა ბოლო სტიქიის შემდეგ, თუ ნამდვილად იყო ზარალი საერთოდ, შვიდ დღეში ზარალის აღრიცხვა და თანხის გამოყოფა. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი თანხა, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას მოხმარდება. ჯერ ერთი მორალურად არასწორია საარჩევნო რეჟიმში ბიუჯეტის გაზრდა. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ჯუმბერ ბლაგიძეს ვთხოვ, რომ მოიწვიოს სხდომა და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. დასაბუთებული, დასურათებული და სრულყოფილი პასუხები გვჭირდება.“

თემურ ალექსაიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭყონაგორელი ირინა ორმოცაძე კვლავ ვერ მოხვდა დაფინანსებულთა სიაში. ალექსაია ამ საკითხს კიდევ რამდენჯერმე მიუბრუნდა სხდომის მიმდინარეობისას.
თავის მხრივ ჯუმბერ ბლაგიძე დათანხმდა კომისიის მოწვევას და ყველაფრის გარკვევა დაანონსა. მანვე დაამატა, რომ სტიქიამ სუფსის თემში ოთხ ოჯახს მართლა მიაყენა ზიანი და ამაზე პასუხისმგებელი თვითონაა. მაცაცო ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ის თანხა, რომელიც სამკურნალო-საოპერაციო ბიუჯეტს ჩამოაკლდა, წინასაარჩევნო პერიოდს არ მოხმარდება. ექიმმა და დეპუტატმა, ნონა მურვანიძემ ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას, რომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსულ 844 განცხადებიდან პასუხი დადებითად გაეცა მხოლოდ ნახევარს მთელი წლის განმავლობაში, ,, საინტერესოა სად იყავით მანამდე, ან ახლა რა კრიტერიუმებით შეარჩევთ დასახმარებელ ოჯახებს“- დასძინა მურვანიძემ. ამ კითხვებს უპასუხა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა. მისი თქმით, სამკურნალო-საოპერაციო ხარჯვითი ნაწილისთვის გამოყოფილი თანხიდან 50 000 ლარი არის აუთვისებელი და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ის, რომ ამ თანხის ნაწილი ერთჯერადი დახმარების მთხოვნელებს მოხმარდეს.
ამის შემდეგ კვლავ სტიქიის თემას დაუბრუნდნენ დეპუტატები. შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა ისაუბრა სტიქიის ნამდვილობაზე, მან განაცხადა, რომ იმ ღამით იმყოფებოდა სუფსა-ურეკის ტერიტორიულ მონაკვეთზე და ნამდვილად წარღვნა იყო. თითქმის ანალოგიური იყო მერობის კანდიდატის, ალეკო სარიშვილის განცხადება, მან აღნიშნა, რომ ჩოჩხათში ძლიერ სტიქიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი. ნინოშვილის დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი სოფლის მაცხოვრებლები არ აღმოჩნდნენ დაფინანსებულთა რიგებში. ,,მეტი რა სტიქია უნდა დაგვატყდეს თავს, მთა მოსკდა მთლიანად, მაინტერესებს რატომ არ შეიტანეს სიაში ნინოშვილის თემში დაზარალებული ოჯახები, ვიცოდი რომ უნდა დაგვხმარებოდნენ, რა შეიცვალა“- უკვირდა ჩხარტიშვილს. ნონა მურვანიძემ დაამატა, რომ ტარიელ მურვანიძეს განუცხადეს, ეს წვიმა სტიქიასთან არ არის გაიგივებული და ვერ დაგეხმარებითო. მან ამ ადამიანის პრობლემის შესწავლაც მოითხოვა.
ყველანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა შედგეს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, სადაც სიმართლე გაირკვევა.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
პ.ს მეორე დღეს გამართული ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის

პოლიტიკური პარტიებისა და
დეპუტატობის კანდიდატების საყურადღებოდ!
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.
ჩვენი რედაქცია მზადაა აქტიურად დაგიჭიროთ მხარი წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ჩვენ მივიტანთ თქვენს სათქმელს თითოეულ ოჯახამდე, თითოეულ ამომრჩევლამდე.
გწამდეთ: ჩვენი გამოცდილება, თქვენი წარმატების საწინდარი გახდება.
გჯეროდეთ: თქვენი გამარჯვების გზა გადის, ჩვენთან თანამშრომლობაზე.
გახსოვდეთ: 18 წელია ყველა გამარჯვებული აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან!
ვითანამშრომლოთ, ახალი გამარჯვებებისათვის!

მოიწონეთ სტატია