რა ნიშნით დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისისები

,,ჰო და არას“ სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, უკვე დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალური წევრების სრული უმრავლესობა დასაქმებულია სხვადასხვა ა(ა)იპ-იებში, სკოლებში, ბაღებში, კულტურის სფეროში და სხვა ისეთ სამსახურებში, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 228 წევრიდან, 198(!) სწორედ ასეთ დაწესებულებებში მუშაობს. ჩვენ გადავამოწმეთ სიები და დადასტურდა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია. მართალია, ამით კანონმდებლობა არ ირღვევა, მაგრამ რეალურად ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა ადამიანებზე. როდესაც ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია რაიონში, იბადება კითხვა: რატომ არიან კომისიაში ისეთი პიროვნებები, რომლებსაც ნორმალური ანაზღაურება აქვთ, არაფერში სჭირდებათ ზედმეტი ვალდებულებები და საამისოდ დროც არ გააჩნიათ? – ვის სჭირდება ის, რომ სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი მოსწყდეს სასწავლო პროცესს და მთელი თავისი დრო საუბნო-საარჩევნო კომისიას დაუთმოს? მმართველი პარტიის ოპონენტები უკვე ჩივიან, რომ ხელისუფლება ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მათ არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებიათ და უკვე დამტკიცებული კომისიის წევრებმა თვითონ შეიტანეს განცხადება. ასეც რომ იყოს, ხომ უნდა დაბალანსდეს სიტუაცია, რატომ არ შეიძლება კომისიის წევრი გახდეს თუნდაც სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციურია. არავინ არ მოგატყუოთ, რომ თუკი სოციალური პაკეტის მიმღები პირი დასაქმდება კომისიაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ დახმარებას. არა, ეს არის სპეციფიკური მომენტი, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ გარემოებას და არ თვლის დასაქმებად. ასევე ხდება პენსიონერებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ძალიან ჭკვიანური გათვლაა, ჩართონ საზოგადოების ის ნაწილი საარჩევნო მარათონში, რომლებიც მეტნაკლებად დავალებულნი არიან ხელისუფლებისგან.
თორნიკე ჯიჯიეშვილი


მოიწონეთ სტატია