კახა ასკურავა მოსახლეობას ,,ოცნების“ მხრიდან შესაძლო მოქრთამვის შესახებ აფრთხილებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მთავრობის განკარგულებით, 250 ათასი ლარი გამოეყო სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით. ამ დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებენ, რათა ეს თანხა სასწრაფოდ აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საფინანსო კომისიის წევრის გ.გოგუაძის შეკითხვაზე, თუ რომელი სტიქიის ლიკვიდაციაზეა საუბარი, პასუხი იყო, რომ ეს აგვისტოს ბოლოს ურეკში ამოვარდნილი ქარიშხალის დროს მიყენებული ზარილის ლიკვიდაციას ითვალისწინებს-ო. ისმის მარტივი კითხვა: ურეკი არაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, იგი ესაზღვრება ლანჩხუთს, ხოლო მიმდებარე სოფლებში რომ გადავამოწმე, იმდღევანდელ მოვლენას სტიქიას ვერავინ არქმევს.
რეალურად რაშია საქმე? ამ –250 ათას ლარს, სტიქიის მოტივით დახარჯავენ არა მართლა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე, (რომელიც არ არსებობს, ან ძალიან მცირე ნაწილია), არამედ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე. დადასტურებული ინფორმაციით ვიცი, რომ აპირებენ ამოიღონ ის განცხადებები, რომლებიც წლების წინ შევიდა გამგეობაში სახლების გადახურვის მოთხოვნით და ურეკის მიმდებარე სოფლებში გადაუხურავენ მოსახლეობას სახლებს. როცა არჩევნები გამოცხადებულია, ეს პირდაპირი მოსყიდვაა ამომრჩევლების.



მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ოპოზოციურ პარტიას დაინტერსდნენ აღნიშნული საკითხით და არ დავუშვათ კიდევ ერთხელ გაყალბებით გავიდეს ფონს ,,ქართული ოცნება", ხმების ქურდები!
პ.ს - ის რომ არჩვენებამდე 60 დღით ადრე, ბიუჯეტში შედის ცვლილება და ბიუჯეტი იზრდება, ეს ცალკე საკითხია.
სტიქია მართლაა ლანჩხუთში, ოღონდ აზიური ფაროსანას სახით!“
,,ჰო და არა“ ამ საკითხთან დაკავშირებით, დაუკავშირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს. ბატონი ლევანის თქმით, მათ ხელთ აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ხსენებული თანხა ნამდვილად სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს გამოეყო და მათ მოხმარდებათ.
,,ჰო და არა“ უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ დაწვრილებით ინფორმაციას საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებაზე, იმაზეც სინამდვილეში ვის ან რას მოხმარდება ეს 250 000 ლარი.
გიორგი კილაძე

მოიწონეთ სტატია