პროკურატურა გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძისა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის განაჩენებს გადასინჯავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პოლიტპატიმრის - გია სალუქვაძის და თეიმურაზ ჟღენტის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ გია სალუქვაძე და თეიმურაზ ჟღენტი გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. 2011 წლის 25 მაისს გია სალუქვაძე ორგანიზებას უწევდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც დარბეულ იქნა სამართალდამცავების მიერ. გია სალუქვაძის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის.


აქციის დარბევიდან რამდენიმე დღეში, 31 მაისს, როდესაც გია სალუქვაძე ხსენებული აქციის დარბევის დროს გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვიდან სახლში ბრუნდებოდა, ქავთარაძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გია სალუქვაძე ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. „მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები. ყა-ლბი მტკიცებულებების საფუძველზე უკანონოდ დაკავებულ გია სალუქვაძეს 2012 წლის 6 თებერვალს სასამართლოს მიერ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მოიწონეთ სტატია