რას ფიქრობს ხალხი?!(ფაროსანაზე)

მავნებელი მწერი ,,აზიური ფაროსანა”'შეესია ჯერ თხილს, ახლა ყანებსაც შეუტია და ფაქტიურად მშრომელი კაცი მოსავლის გარეშე დატოვა. ეს ძალზედ მტკივნეული თემაა, რომელიც ძალზედ აწუხებს ჩვენს ხალხს. ,,დასავლეთ საქართველოს ტრაგედია“, სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ დაავადებას. სწორედ ამ თემაზე დავუსვით შეკითხვა მოსახლეობას:
ნანული ჯაში, აკეთი:
ძალიან შეგვაწუხა ამ მწერმა, თხილი და ხილბოსტნეული ხომ გაგვინადგურა, ახლა ყანასაც შეესია და ულუკმაპუროდ დაგვტოვა. თხილს ვაბარებდით და იმ ფულით საკვებს, პროდუქტს ვყიდულობდით, ახლა ხელში არაფერი გვაქვს. თუ რაიმე საშუალება არ გამოძებნა მთავრობამ ამ მწერთან საბრძოლველად, მთლად დავიღუპებით. სახლებშიც შემოგვივიდა, არ ვიცი რა გვეშველება.
ელდარი კვიჭიძე, აცანა:
ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეიწამლოს ფართობები ხელახლა, რომ ისევ არ გავრცელდეს, თორემ დაგვაფსო ამ მავნებელმა. გაგვინადგურა ბოსტნეული, ხილიც და ყანაც არ დაინდო. აუცილებლად უნდა შეწამლონ, როგორც ახლა, ისე ადრე გაზაფხულზე, რომ ისევ არ დაიბუდონ და არ გამრავლდნენ. სამი ჰექტარი ყანა დავთესე, მარტო 16 ტომარა სასუქი მოვაყარე, ახლა კი დათესვისა და მოხვნის ფულიც აღარ შემრჩა.
ავთანდილ წერეთელი, ლანჩხუთი: ისე შემაწუხა ამ მწერმა, რომ წერილი სამინისტროში ცხელ ხაზზე გავაგზავნე. ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მომსვლია. თუ ერთიანი ძალით არ შევებრძოლეთ, ისე არაფერი გამოვა. უნდა შეიწამლოს ფართობები, რომ ისევ არ გავრცელდეს. ახლა ხომ გაგვანადგურა, მომავალშიც უარესი გველის.
ირაკლი თეთრუაშვილი, სტუმარი ისრაელიდან:
ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს აუცილებლად. ადრიანად უნდა შეეწამლათ ფართობები, რომ გავრცელების არეალი ნაკლები ყოფილიყო. ერთხელ ისრაელშიც იყო ასეთი შემთხვევა, ხალხი გამოვიდა ქუჩაში. მთავრობამ შეწამლა ფართობები, მაგრამ თვითონაც შეეწირა ამ მოვლენებს. გადააყენეს ძველი მთავრობა და შეცვალეს ახლით. აქაც უნდა ადგეს ხალხი და მოითხოვოს პასუხი.
გელა როხვაძე, ლანჩხუთი: მოსავალი ხომ გაგვინადგურა, ახლა სახლებში დაიბუდებს ეს მწერი, ყველა სახლის სახურავი უნდა შეიწამლოს, თორემ ისევ გავრცელდება. სახლის სხვენში იცის დაბუდება. ახლა მთავრობამ უნდა გამოყოს სპეციალური ჯგუფები და აბსოლუტურად ყველა სახლი უნდა შეიწამლოს,თორემ უფრო გავრცელდება. ჯერ ახლა უნდა მოხდეს შეწამვლა, შემდეგ ადრე გაზაფხულზე, აპრილში, რომ არ მოხდეს მისი გავრცელება.
ისაკი მელანია, აბაშა:
უნდა შეიწამლოს აუცილებლად ფართობები, ახლაც და მერე, ადრე გაზაფხულზე. თხილის პლანტაციები ხომ გაგვინადგურა, ყველაფერს შეესია, ფაქტიურად ულუკმაპუროდ დაგვტოვა. მთავრობამ რაიმე თუ არ იღონა, არაფერი გამოვა.


უნდა გამოყონ ბრიგადები, რომლებიც ყველა ოჯახს შემოიარს და შეწამლავს როგორც სახლებს, ისე ფართობებს. სპეციალური ჯგუფი უნდა ჩამოაყალიბონ, რომელიც ამ საქმით იქნება დაკავებული. ეს წელი ხომ ჩაგვიგდო, მომავალშიც რომ არ შეგვაწუხოს ახლავე უნდა დაიწყონ მოქმედება.
რუსუდან მანაგაძე

მოიწონეთ სტატია