ეს უკვე ომია მოსახლეობის წინააღმდეგ

omar xucishvil899სულ რამდენიმე დღე და თხილის სეზონი ნაადრევად დამთავრდება გურიაში. მოსავლის აღება დასრულდება, მაგრამ ხალხს არც თხილი ექნება გადანახული და აღარც მისი რეალიზაციიდან მიღებული დანაზოგი.
თუ ვინმემ მოახერხა და ცოტაოდენი გაყიდა, აღებული თანხა ვერ აანაზღაურებს დამხმარე მუშახელის და გარჩევის ხარჯებს.
არც რეალიზატორები არიან უკეთეს დღეში. თხილის კაკალს რომ შეხედავ, გარედან ისეთი ხარისხიანი ჩანს, მტერს დაუბრმავებს თვალებს. გატეხავ და შიგნით გული დამპალი, შავი მასით არის ამოვსებული. ამიტომ არის, რომ ყველა შემსყიდველი ჩაქუჩით არის შეიარაღებული. გასაყიდი ტომრებიდან სინჯს იღებენ, შენს თვალწინ დაამტვრევენ. რამდენი საღი გული აღმოაჩნდება თხილს, იმაზეა დამოკიდებული ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა, რომელიც ძირითადად კილოგრამში 1 ლარიდან ლარნახევრის ფარგლებშია


. ამის გამოა, რომ ხალხი ახლა მოსალმებისა და მოკითხვის ნაცვლად პირდაპირ გეკითხება, შენთან რამდენში რამდენი ვარგოდა? და არის პასუხები _ 10-დან 3; 5-დან 2 ვარგოდა და ა.შ. ასეთი ფორმულებით გაანგარიშებული და მიღებული თანხა იმდენად მწირია, რომ ადამიანის მიერ წინასწარ დაგეგმილი და მოფიქრებული- თხილის ფულით გადაიხდიდნენ ვალებს, სწავლის ფულს, გაარემონტებდნენ საცხოვრებელ ბინას, შეიძენდნენ საყოფაცხოვრებო ნივთს - ჯერ-ჯერობით ოცნებად დარჩა. რემონტს და რაიმე ნივთის ყიდვას ვინ ჩივის, ზამთრისთვის პურის ფქვილის შესაძენი სახსრები აღარ დარჩა. ამას ემატება ის, რომ უკანასკნელი დღეებია მავნებელმა სიმინდის ყანებს, ბოსტნეულს და ხეხილს შეუტია. განადგურდება სიმინდი და არ იქნება მჭადი, გართულდება ფრინველისა და პირუტყვის გამოზამთრება ერთი სიტყვით მომავლის პერპექტივა და მდგომარეობა ისეთი ჩანს, რომ ნამდვილი ომის შედეგებთან იქნება ანალოგიური!
ასეთი სიტუაცია აუცილებლად გამოიწვევს კრიმინალის ზრდას. გახშირდება ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა მძიმე დანაშაულობები. ამიტომ არის, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ანალიზისა და წინ გახედვის უნარი შემორჩა შეშინებული კითხულობს _ რა გვეშველება?!
სამწუხაროდ კითხვაზე ჯერ-ჯერობით რეალური და დამამშვიდებელი პასუხები არ ჩანს.
ყველაფერი დაიწყო შარშან, როცა თხილის პტანტაციებში დაავადების გამო მოსავლის ერთი მესამედი, ზოგან ნახევარი განადგურდა, თუმცა მოსავლის ერთი ნაწილი გადარჩა და ხალხმა მისი რეალიზება ძირითადად 5-7 ლარის ფარგლებში მოახერხა. თავიდან ვერავინ ხვდებოდა, რამ გამოიწვია თხილის ასეთი მასიური დაზიანება. დაბნეულობა გაგრძელდა მანამდე, სანამ სექტემბრის მეორე ნახევრიდან საცხოვრებელ სახლებში გამოსაზამთრფებლად შემოსვლა დაიწყო ეგრეთ წოდებულმა აზიურმა ფაროსანამ. მაშინ კი ნათელი გახდა, რომ საქმე ვერაგ მავნებელთან გვქონდა. აი, იმ წუთებიდან და საათებიდან იყო საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა კარგად მოფიქრებული გეგმისა და პრევენციული ღონისძიებისათვის, რადგან ყველა ხვდებოდა, გაზაფხულზე მავნებლები დატოვებდნენ ბინებს და კვლავ შეესეოდნენ თხილის პლანტაციებს. მაშინ ხელისუფლება საარჩევნო პროცესში გახლდათ ჩართული და როგორც ჩანს ამ საქმისათვის არავის ეცალა. არჩევნების შემდეგ რა იფიქრეს ვერ გეტყვით. ალბათ ჩვენს არჩევას რომ გაიგებენ ფაროსნები შიშით გულგახეთქილები დატოვებენ ქვეყანას ან ერთმანეთს დახოცავენ და განადგურდებიანო. ყოველ შემთხვევაში მავნებლებთან საბრძოლველად არაფერი უთქვამთ და მოუმოქმედებიათ.
როცა ახალი პარლამენტი შეუდგა მუშაობას, სპეციალურად Aშევხვდი ქალბატონ ნინო წილოსანს. ავუხსენი არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. მომავალში მოსალოდნელი კიდევ უფრო მძომე შედეგების გათვალისწინებით ვთხოვე, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე გამოსულიყო და აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი შემადგენლობის წინაშე მწვავედ, მაგრამ ობიექტურად დაესვა თხილის მოსავლის გადარჩენის საკითხი. სამწუხაროდ შესაბამისი გამოცდილების უქონლობის გამო მან ეს არ გააკეთა და სულ სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ასეთ უმოქმედობას მაშინ, როგორც ერთმა რიგითმა ამომრჩეველმა საჯაროდ დეპუტატის მნიშვნელოვანი შეცდომა ვუწოდე.
ყველგან ვამბობ, რომ კონსტიტუციაში მაჟორიტარული არჩევნები უნდა დარჩეს, რადგან ასეთი წესით არჩეული დეპუტატი ყველაზე ახლოს დგას ხალხთან და განსაკუთრებულად გრძნობს მათ პრობლემებს. კონკრეტულად ასეთ და მსგავს საკითხებზე მაჟორიტარები განგაშს უნდა ტეხდნენ პარლამენტში და მთავრობას მოსვენებას არ აძლევდნენ დროული და ოპერატიული მოქმედებისათვის.
რამდენ უსაგნო, უმნიშვნელო, არაფრის მომცემ საკითხზე იხარჯება პარლამენტში სამუშაო დრო მაშინ, როცა ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ათასობით ოჯახში ლუკმა პურის შემომტანია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კრინტს არ ძრავენ.
ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა მაჟორიტარმა, ქალბატონმა ნინომ, რომელმაც ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა და წინ კიდევ სამი საპარლამენტო წელი აქვს
მართალია დარგობრივმა სამინისტრომ შუა ზაფხულში ჩაატარა წამლობა, მაგრამ ეს კამპანია მოვალეობის მოხდის მიზნით იყო, ვიდრე რეალურ შედეგებზე გათვლილი. ჯერ ერთი მარტ-აპრილში ჩასატარებელ წამლობას, რომ ივლისში გადაიტან, ცხადია ეფექტი ნაკლები იქნება და მეორე, რომელიც საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება:
როცა წამლავდნენ ვთქვათ ერთ ფართობს, გვერდით მეზობელს შეეძლო უარი ეთქვა და მოუწამლავი დაეტოვებინა თავისი პლანტაცია. საწამლავის ადამიანებზე დამღუპველად მოქმედების შიშით, რომლის კამპანიაც აქტიურად მიმდინარეობდა, ფარობების ნაწილი შეუწამლავი დარჩა. ასეთ პირობებში ფაროსანას, როგორ აიძულებდი დარჩენილიყო მოუწამლავში და რამდენიმე დღეში წამლის განელების შემდეგ, ისევ არ გადასულიყო შეწამლულ ფართობებში, გაუგებარი დარჩა. ამიტომ იყო თხილის ხარისხი შეწამლულში და შეუწამლავში თითქმის ერთნაირად უვარგისი აღმოჩნდა.
მალე დაიწყება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია. დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლებთან შეხვედრები განსაკუთრებით სოფლებში დაიწყება და დამთავრდება ამ თემაზე მწვავე საუბრით. საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს რელური ინფორმაცია, რას ფიქრობს მთავრობა და საერთოდ თუ აპირებს რაიმე ღონისძიებების გატარებას. სასურველია ამის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ეგრეთწოდებული ბუკლეტების და სხვა საინფორმაციო საშუალებით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თუ ამ ზამთარს გადავურჩით და თავი მივიტანეთ მომავალ თხილობამდე, უნდა ვიცოდეთ რა გვევალება მოსახლეობას, თითოეულ ადამიანს და იგი უნდა იყოს ყველასთვის მკაცრად სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი
ომარ ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

მოიწონეთ სტატია