რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა?

Amirani1. რა არის ადგილობრივითვითმმართველობა?

მიხოს თუ შუქი გამოერთო სახლში, პირველ რიგში შეიკურთხებს, მერე გარეთ გამოვა და მეზობელი შავგოგიას სახლს გახედავს რომ გაარკვიოს უშუქობა მისი პირადი პრობლემაა, თუ საზოგადო. თუ შავგოგიას სახლში შუქია, მიხოს მოუწევს პირადი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, დაზიანების ძიება სახლში. თუ შუქი შავგოგიასაც არა აქვს, ეს უკვე საზოგადო პრობლემაა და მიხოს უბანს მოუწევს ამ საზოგადო პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. მაგალითად, მამათში საყანე ფართობებამდე მიმავალი ხიდი ასაღდგენი რომ არის, ღრმაღელეში შიდა გზები რომ სარემონტოა, ჯურუყვეთში რომ წყალი არ არის და ა.შ. ეს ადგილობრივი პრობლემებია და სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოაგვაროს ადგილობრივი საქმეები მის მიერ არჩეული მერისა და საკრებულოს მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს პრობლემებს მოაგვარებენ და არა გამომგზავნი პარტიის ინტერესს დაიცავენ.

2. არის თუ არა თვითმმართველობა მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი?

თუ მიხოს უბანი ქეიფობს და თამადა მიხოა, იგი არ არის ვალდებული იგივე სადღეგრძელოები თქვას, რასაც კახეთის გუბერნატორი ამბობს თამადობისას თავის წრეში. გუბერნატორმა არ იცის მიხოს სამეზობლოში ვისი დაბადების დღეა, მიხომ იცის და დალოცავს მას. სწორედ ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა ორიენტირებულია ადგილობრივი მომსახურების განხორციელებაზე და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია ცენტრალური ხელისუფლებისგან. მისი ფუნქციებია: ადგილობრივი გზების, პარკების, სასაფლაოების, წყალგაყვანილობის, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების, ნაგვის გატანის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მოგვარება. ეს ფუნქცია სხვას, მათ შორის ცენტრალურ ხელისუფლებას არა აქვს. ამიტომ, თვითმმართველობის გარდა ადგილობრივ პრობლემებს არავინ და ვერავინ მოაგვარებს. თუმცა, თუ სოფელში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და გვიჭირს ბავშვების მიყვანა, ჯერ გზა რომ უნდა გავარემონტოთ და მერე ბაღის შენობას მივხედოთ, ეს მიხვდეს უნდა მერმა და საკრებულომ. ცხადია ასე არ იქნება, თუ ბაღის შენობის რეაბილიტაციიდან მეტ „ატკატს“ ელოდება ვინმე რეაბილიტაციისთვის საჭირო მეტი თანხის გამო, ვიდრე მისასვლელი გზის მოხრეშვიდან ან გამომგზავნი პარტიის ლიდერის ბიძაშვილს უნდა ბაღის ტენდერი მოიგოს.

3. რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი?

მიხოს და მაროს მათი გოგოს, ნატას ქორწილი აქვთ დაგეგმილი. იანგარიშა მიხომ და ქორწილი 10 000 ლარი ჯდება, ამიტომ დაიწყო თანხის მოპოვებაზე ზრუნვა. ორი ტონა ღვინო გაყიდა და მიიღო 6 000 ლარი, იქვე ორი ხარიც გაყიდა ფერმიდან და 3 000 ლარი მიიღო. დარჩენილი 1000 ლარის მოსაძიებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართა, ესაუბრა ქორწილიდან შესაძლო შემოსავლებზე და სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. საბოლოოდ, მიხომ ქორწილის ბიუჯეტის შემოსავლები მიიღო და შესაძლებელი გახდა ქორწილის გამართვა. ეს მიხოს ოჯახის ბიუჯეტია. თვითმმართველობას ბიუჯეტი სჭირდება, რათა შეძლოს ადგილობრივი სერვისების განხორციელება. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, ეს არის თვითმმართველობის ერთწლიანი სამუშაო გეგმა გამოხატული შემოსავლებში, ხარჯებში და შესაძლო ნაშთში. მნიშვნელოვანია რომ ბიუჯეტი სწორად იქნას შედგენილი, განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილში, რომ ადგილობრივი პრობლემები ეფექტურად/ეფექტიანად იქნას მოგვარებული.

4. რას ნიშნავს ეფექტური და ეფექტიანი თვითმმართველობა?

მიხომ რქაწითელის მოსავალი მოიწია, შარშანდელივით ბევრი ყურძენინი ვერ მიიღო, ამიტომ იყიდა შაქარი და მიღებული ღვინის რაოდენობა გააორმაგა. მიხოს მარანში ღვინის რაოდენობა ბევრი და ე.ი. ეფექტური იყო. მაგრამ ღვინის გაყიდვის დრო რომ მოვიდა, რადგან ღვინო შაქრიანი იყო მისი ფასი არ ასცდა ორ ლარს. აი, შავგოგიას ღვის ფასი კი 5 ლარია. მიხოს პროგრამა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალითი: თუ მდინარეზე თვითმმართველობამ ხიდი ააშენა, რომელიც 100 000 ლარი დაჯდა და ძალიან ლამაზია, ის ეფექტურია. მაგრამ თუ ამ ხიდზე თვეში 5 ადამიანის მეტი არ გაივლის მაშინ მისი სოციალური ფასი ნულია და ხიდი არაეფექტიანია. ამდენად თვითმმართველობა მაშინ არის წარმატებული, როცა მისი განხორციელებული საქმიანობა ეფექტურიცაა და ეფექტიანიც. თუ სოფელში 10 ბავშვია საბავშვო ბაღის ასაკის და მიმოხილვად მომავალშიც ბავშვების რაოდენობა არ გაიზრდება, მაშინ ორსართულიანი ბაღის შენობა არ უნდა ააშენო და თანხის ნაწილი მისასვლელი გზის რემონტზე უნდა გადაანაწილო.

5. რას ნიშნავს პროგრამული ბიუჯეტი?

მიხო სკოლაში თავის 10 წლის შვილს, გოგიტას ყველა დღე ერთ ლარს ატანდა სახარჯად. პირველი სემესტრის შემდეგ მოიკითხა გოგიტას ნიშნები და აღმოჩნდა რომ გოგიტა არცთუისე წარმატებულად სწავლობდა. მიხომ ტაქტიკა შეცვალა და გოგიტას უთხრა მაღალი ნიშნების შემთხვევაში მიიღებ ორ ლარს, დაბალი ნიშნების შემთხვევაში კი 50 თეთრს. მიხომ გოგიტას ხარჯვითი ბიუჯეტი შეცვალა შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტით. თვითმმართველობას აქვს ბევრი ფუნქცია. ამჟამინდელი ბიჯეტები დიდწილად არის ხარჯვითი, რადგან ფორმირების დროს გათვლილია ხელფასებზე, საწვავზე, პრემიებზე და ა.შ. ბევრად უმჯობესია მაგალითად, თუ სპორტული ცენტრის ჭიდაობის სექციას მიზნად დავუსახავთ წლის მანძილზე 5 ჩემპიონის გაზრდას. ასეთ შემთხვევაში ყველა ხარჯი იქნება ორიენტირებული შედეგზე და არა ხარჯვაზე. სწორედ ეს არის პროგრამული ბიუჯეტის არსი, რომელზეც არამცდარამც არ გადადის ჩვენი თვითმმართველობა, რადგან დღევანდელი დღით აზროვნებს და მომავლისკენ არ იყურება.
ამირან გიგინეიშვილი


გაგრძელება შემდეგ ნომერში


 

 

მოიწონეთ სტატია