"ყოვლისშემძლე" მაგული კუნჭულია?

maguliდიახ, ეს სტატუსი მას ძალიან მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, თავისი და რაიონის მოშურნეები ეძახიან ასე. მაგული კუნჭულია 27 წლის განმავლობაში იყო ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ბოლო ოთხი წელიწადია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს. ბოლო დროს, ხშირად გაიგონებთ მის წინააღდეგ წარმოთქმულ ბრალდებებს, პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადგენს ,,ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის საარჩევნო სიებს, ყოველშემთხვევაში პირველ ათეულს. ,,ჰო და არა“ დაუკავშირდა ქალბატონ მაგულის და გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც ის არამარტო საარჩევნო სიებზე საუბრობს.
-ქალბატონო მაგული, კარგა ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ ლანჩხუთში თქვენ ადგენთ ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებს. პრესკონფერენცია გამართა გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელმაც დატოვა პარტიის რიგები, თან დასძინა, რომ მაგული კუნჭულიას ,,კლანი“ წყვეტს ყველაფერსო. თქვენ რას გვიპასუხებთ?
-ანუ, ,,ყოვლისშემძლე მაგულის“ თემა ისევ აქტუალურია (იცინის), მე მხოლოდ კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი, რომელმაც მიპატრონა ობოლ ბავშვს და მხარში ამომიდგა, არ ვამბობ რომ კომუნისტად დავრჩი, თუმცა ამ პარტიისთვის არასდროს მიღალატია. დადგა დრო, როდესაც ავირჩიე მოსამართლის მანტია. მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი მოსამართლეობას, პარტიის მანდატი გვერდზე გადავდე. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არც ,,ნაციონალების“, არც ,,ოცნების“ შიდა სამზარეულოში არ ვერეოდი და არც ვერევი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება სიებთან დაკავშირებით.ვხელმძღვანელობ ადმისტრაციის სამსახურს და ჩემს საქმეს ვაკეთებ წყნარად. რაც შეეხება გვანცას და კიდევ ბევრის განცხადებებს, ვიტყვი რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, იმედია უნებლიეთ, რეალური სიის შემდგენის მიერ. ვიღაც რუხი კარდინალი ჩემსკენ ამისამართებს ამ ხალხს და თვითონ იცილებს პრობლემებს თავიდან, ფიქრობენ მაგული ძლიერია და გაუძლებსო. კი ბატონო, იყოს ასე, მე ძალიან მსიამოვნებს ,,ყოვლისშემძლეს“ სტატუსი და ამით ძალიან ვხალისობ. მართლა რომ შემკითხვოდნენ აზრს, სიიდან, რომელზეც ახლაა საუბარი, ბევრს ამოვიღებდი.
–საუბარია სიის პირველ ხუთეულზე, რომელშიც თქვენი შვილი, მძახალი, მეგობარი და მეზობელი მოიაზრება. როგორც ამბობენ, ნინო წილოსანთან მეგობრობა დიდად გეხმარებათ. ამაზე რას იტყვით?
–ბევრჯერ მქონია შემოთავაზება უცხო ქვეყნიდან, შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ ყოველთვის ვრჩებოდი ჩემს ლანჩხუთში, რათა ამ ბოროტი ენებისთვის მიმეხედა და ხალხს სიმართლე გაეგო. ეს არის ჭორიკანა, უსაქმური ხალხის გამოგონილი, შეთითხნილი ბრალდებები. დიახ, მე ვადასტურებ, რომ ვმეგორობ ნინო წილოსანთან იმ დროიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ სამი წლის იყო. ნინო ჩემთვის შვილივითაა, მაგრამ არასდროს მიკადრებია, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომ ისე დავცემულიყავი, კანდიდატები შემეთავაზებინა. იშვიათდ მინახავს მსგავსი გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, როგორიც ნინოა. მე პირიქით, ძალიან ფიცხი და ემოციური ვარ. ის უკვე ერთ წელიწადში ისე გაეცნო ადგილზე სიტუაციას, რომ ჩემთან კონსულტაციები არაფერში სჭირდება. 62 წლის ვარ, ასე მაპატიეთ და სულელურად რომ მეცხოვრა, აქამდე ვერ მოვიდოდი. რაში მაინტერესებს ვინ სად დაინიშნება, ან რატომ გავწიო რისკი თუნდაც კანდიდატურის შეთავაზებით, ვაი და ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც რაიონს სჭირდება, მაშინ? არა, გენაცვალე, მაგული კუნჭულიამ იცის თავისი საქმე, უბრალოდ მეცინება რა სიებზე უნდა ვიმუშავო. რაც შეეხება ჩემს შვილს და მძახალს, რატომ არ უნდა იყვნენ ისინი საკრებულოში, ვისზე ნაკლები კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ, თუ ხალხის სიყვარულში ეშლებათ რამე. მიუხედავად ჩემი 27 წლიანი მოსამართლის სტაჟისა, მიმაჩნია, რომ ვერიკო ჩემზე ძლიერი იურისტია. ნინო კვირკველიას პერსონაზე რა უნდა ვუთხრა საზოგადოებას, ყველამ იცის მისი გამოცდილების, ცოდნის, პიროვნული თვისებების შესახებ, მაგრამ გეფიცებით, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება საბოლოოდ და ვინ არა სიებში, სიმართლე გითხრათ ეს არც მაინტერესებს. რა მეზობლის, მეგობრის სიაში შეყვანაზეა საუბარი, საერთოდ არ გავდივარ სამსახურიდან ან სახლიდან. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ნაწილი, გადასულია მტრობაზე და ჭორების აგორებაზე. ნათელი მაგალითია ჩემი სამსახური, სადაც უკვე ოთხი წელია ვმუშაობ, გამგეობის შენობა კი არა, ნამდვილი ჭორბიუროა.
–ისევ გავრცელებულ ხმებს დავუბრუნდეთ, როგორც ამბობენ, ,,ქართული ოცნების“ წარმატების შემთხვევაში, გადაწყვეტილია თქვენი მომავალი თანამდებობა, ეს თანამდებობა კი მუნიციპალიტეტის პირველის პირის მოადგილეობა იქნება. იქნებ ეს ადრეც გინდოდათ?
–გაოცებული ვარ ამ ხალხის წარმოსახვის უნარით. ჩემთან ამ თემაზე არავის უსაუბრია, მაგრამ გეტყვით სიმართლეს, მართლაც რომ დავნიშნულიყავი თავის დროზე ამ თანამდებობაზე, უარს არ ვიტყოდი. როგორც ჩანს, ზაზა ურუშაძეს არ სურდა ასე მომხდარიყო. ზაზა ურუშაძეზე ცუდს მაინც არასდროს ვიტყვი, როდესაც სამი წელი უმუშევარმა გავატარე, არავის გასჩენია სურვილი ამ დროის განმავლობაში, ჩემი გამოცდილება და უნარები რაიონის ინტერესებისთვის გამოეყენებინა. ეს კაცი გვერდით დამიდგა და მენდო. თუმცა, სხვა საკითხია მე რას და როგორ ვიზამდი მის ადგილზე. ისე მიკვირს, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში ძველ კადრებს ენდნენ, ზაზამ რა დააშავა.

როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე დაკავებული ვარ მხოლოდ სამსახურის საქმეებით. იქნება კარგი შემოთავაზება?_ მივიღებ.
–ზაზა ურუშაძე ახსენეთ, თუ ფლობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ნინო წილოსანის არაკეთილგანწყობილებას შეეწირა მისი კანდიდატურა?
–ტყუილი იქნება რომ გითხრათ, ურუშაძე გაგიჟდა სიხარულისგან, როდესაც ნინოს კანდიდატურა წარადგინა ,,ოცნებამ“... მაგრამ ზაზა იყო შტაბის ხელმძღვანელი და შედეგიც მშვენიერი დადო. დროთა განმავლობაში ვერ ვხედავდი მათ ურთიერთობაში რაიმე დაპირისპირებას. მე მგონი, ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონდათ.
–თითქმის გადაწყვეტილია,,ოცნებიდან’’ მერობის კანდიდატად ალეკო სარიშვილის წარდგენა. მასზე რა აზრის ბრძანდებით?
–ეს არის ჩემთვის ძალიან მისაღები კანდიდატი. ნიჭიერი, გულისხმიერი ახალგაზრდა, რომელიც შვილივით მიყვარს, მაგრამ ვერაფერს გეტყვით წინასწარ, მისი როგორც ხელმძღვანელი პირის შესაძლებლობებზე. გამარჯვების შემთხვევაში დავინახავთ რა შეუძლია, რამდენად დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება იქნება.
–თქვენ ძალიან აქტიურობთ სოციალურ ქსელებში. ვინც თვალს ადევნებს თქვენს სტატუსებს, დამეთანხმება, რომ ძალიან გინდათ დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას, მოსამართლეობას. იქნებ მოგვიყვეთ, რატომ გაგანთავისუფლეს სამსახურიდან და რატომ ვეღარ მოახერხეთ თავის აღდგენა?
–ჩემი ოცნებაა, დავბრუნდე იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას, რაიონს და საკუთარ თავს. ძალიან კარგი, რომ ეს შეკითხვა დამისვით. მაგული კუნჭულიას განთავისუფლება გამოიწვია მისივე ხასიათმა და სხვა არაფერმა, ანუ იუსტიციის საბჭოდან მოგვივიდა წიგნები, სადაც პირველ გვერდზე მოთავსებული იყო მიშა სააკაშვილის სურათი, რაღაცაზე გაბრაზებულმა ეს სურათი ამოვხიე წიგნიდან. მე ხელს ვერავის დავადებ, იურისტი ვარ და ვიცი კანონები, თუმცა ვვარაუდობ, რომ ,,ჩამიშვა“იმ ადამიანმა, ვინც მუდამ ჩემს გვერდით იყო. ამ ფაქტიდან ერთ კვირაში მოვყევი შემცირებაში. რამდენიმე თვის წინ კვლავ მივიღე კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ისევ ,,ნაციონალებმა“ დამბლოკეს, მხოლოდ ნინო გვენეტაძე ვერაფერს გადაწყვეტდა, ასე რომ, მომიშორეს. მიუხედავად იმისა, რომ გია გოგუაძემ ლაფში ამოსვარა ჩემი სახელი, ხელს უშლიდა ჩემს კანდიდატურას, არასდროს დამიწერია გაზეთებში მისი ლანძღვა–გინება, არ მიჭორიკნია, რადგან ბუნებით არ ვარ ასეთი. თანაც ისე ძალიან ბევრი რამე დაემთხვა ერთმანეთს ცუდად, უფრო სწორად ჩემს წინააღმდეგ. როდესაც ჩვენს რაიონში იყო ჩამოსული სააკაშვილი, ის მიიყვანეს მოსამართლე კიკნაძის ოჯახში, იმ მიზეზით, რომ ამ ქალბატონის დედამთილი იყო ლელობურთელი. ვფიქრობ, სააკაშვილს რომ სცოდნოდა მოსამართლის ოჯახში ეპატიჟებოდნენ, არ მივიდოდა. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოიყენეს ადგილობრივმა ნაციონალებმა, აქაოდა მიშა კეთილგანწყობილია კიკნაძის მიმართო. თანაც ქალბატონი მოსამართლე, მისი შვილი და მთელი ოჯახი ,,ნაციონალების“ იდეოლოგიის დიდი გულშემატკივარი ბრძანდებოდა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თვმჯდომარის, ლადო ჭანტურიას მხარდაჭერა, რომელიც მან სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატა. ვიმეორებ, ჩემთვის მოსამართლის მანტია ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოლო ოთხი წელი იყო ჩემი ტანჯვა–წამების პერიოდი, იმდენი სიბინძურე და უსამართლობა ვიხილე აქ. დავამატებ, რომ დღეს ფაქტიურად ძველი ,,ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება ,,ქართული ოცნების“ წამყვან პოზიციებზე. ხოლო ამ პარტიის ნამდვილი გულშემატკივრები, უკანა პლანზე გადადიან.
თორნიკე ჯიჯიეშვილი


მოიწონეთ სტატია