ცხოვრება 2012 წლის შემდეგ, ანუ მოვტყუვდით თუ არა

2003 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ძალა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც ძალზედ დიდი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. საქართველო მიუახლოვდა ევროსტანდარტებს, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, საუკეთესო თვისებების გამოვლინების შემდეგ, მათაც გვაჩვენეს თავიანთი უაროფითი მხარეები, რაც ძირითადად ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით აისახა. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალი ძალა უნდა მოსულიყო სათავეში, 2012 წლისთვის საუკეთესო ვარიანტი ,, ქართული ოცნება“ აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ უამრავი წინასაარჩევნო დაპირებები გასცა. წარმოგიდგენთ დღევანდელი ხელისუფლების მაშინდელ დაპირებებს და შესრულებულ საქმეებს. კოალიციის გეგმების ძირითდი ნაწილი მოდიოდა პირველ ოთხ წელიწადზე. შემოგთავაზებთ მხოლოდ ისეთ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საზოგადოების კეთილდღეობის მოწყობაში.



მაშინ ,,ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ: ,,სწორი პოლიტიკის განხორციელებით, უზრუნველყოფილი იქნებოდა (სახელმწიფოს) ვალების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ კეთიდღეობას“. - მეტწილად არ შესრულდა. 2012 წელს საქართველოს საშინაო ვალი შეადგენდა 1.89 მილიარდ ლარს, ხოლო 2016 წლისთვის ამ დავალიანებამ შეადგინა 2. 87 მილიარდი ლარი. ანუ სახელმწიფო საშინაო ვალი ოთხ წელიწადში, დაახლოებით ერთი მილიარდით გაიზარდა. ამბობდნენ, რომ ხელს შეუწყობდნენ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფდნენ დოლარიზაციის მასშტაბების შემცირებას. – არ შესრულდა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ამ კუთხით გველოდა, 2012 წლის ოქტომბერში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.66 იყო, 2016 წლის დასაწყისში კი 2.5– ს მიაღწია. ამ ყველაფერმა ბუნებრივია ლარის მიმართ ნდობა შეამცირა. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დოლარიზაციის მასშტაბები კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა.
შემდეგი დაპირება-,,შეიქმნება ,,სოფლის მეურნეობის განვითარების“ მილიარდიანი ფონდი. იგი სოფლის მეურნეობის პროგრამებს დააფინანსებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენს გლეხებისთვის (ფერმერებისთვის) შეღავათიანი კრედიტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში. – შესრულდა.
2013 წელს ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ 701 220 ბენეფიციარი იყო ჩართული და მოხნული მიწის ფართობმა 208 375 ჰექტარი შეადგინა, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, პროექტში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა 428 116–მდე შემცირდა და მხოლოდ 173 291 ჰექტარი მოიხნა. ითქვა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, არ განხორციელდებოდა კომპანიის მარაგების დალუქვა და არ შეიზღუდებოდა მისი ბიზნესაქტივობა. - არ შესრულდა. თუმცა, ზოგადად გადახდევინების უზრუნველყოფის პროცედურების თვალსაზრისით, გარკვეული დადებითი ცვლილებები განხორციელდა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ყურძენი ერთ ლარზე ნაკლებად არ უნდა შეფასებულიყო. – ნაწილობრივ შესრულდა. სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. 2013–2014 წლებში ყურძნის ფასი ნამდვილად არ ყოფილა ლარზე ნაკლები, მაგრამ შემდეგ წლებში დაბალმა ფასმა მევენახეების იმედგაცრუება გამოიწვია. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის ერთ–ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ,, სუბსიდირება არ არის სწორი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დარგს სუბსიდირება არ დასჭირდეს“. თუმცა იმავე წელს ოთარ დანელიამ ყურძნის სუბსიდირება კვლავ დააანონსა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ამბობდა,რომ: უმოკლეს ვადებში განახორციელებდნენ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას, ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით. ციტირებას ვახდენთ ივანიშვილის განცხადების: ,, გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება განახევრდეს... ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქედან იაფი დენი იწარმოება, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს მილი გადის ჩვენს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანიდან მიღებული კომერციული ფასიც დაბალია... ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, უკეთეს შემთხვევაში გაზის საფასური დღევანდელის მესამედი გამოვა.“– არ შესრულდა.
ანუ, ,,ქართული ოცნების“ დაპირების თანახმად, უმოკლეს ვადებში ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება და მათი მნიშვნელოვანი შემცირება უნდა განხორციელებულიყო. 2013 წელს მართლაც მოიკლო ტარიფებმა, თუმცა 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველანაირად გადააჭარბა.
პოპულარული იყო დაპირება იმის შესახებ, რომ ,,მოხდებოდა საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონელზე ფასის კლება, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახლეობა პრაქტიკულად დაუყონებლივ იგრძნობდა“. – არ შესრულდა.
2011–2012 წლებში მედიკამენტებზე ნამდვილად შემცირდა ფასები, ეს ტენდეცია 2013 წელსაც გაგრძელდა. მაგრამ, 2014 წლიდან მედიკამენტებზე ფასები 32.5 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება საწვავს, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მისი ფასი 2016 წელს, შედარებით 2012 წელთან, 53 პროცენტით გაიაფდა, ხოლო საქართველოში ამ ციფრმა მხოლოდ 12 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების ჩარევის შედეგად საწვავზე ფასები შემცირდა, არასწორია.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირება – დაცული იქნება მედიის თავისუფლება! – მეტწილად არ შესრულდა.
საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წლამდე ნამდვილად გაუმჯობესდა სიტუაცია მედიის თავისუფლების კუთხით, მაგრამ შემდეგ ბევრი ნეგატიური მოვლენა დაფიქსირდა. დაიხურა უამრავი პოლიტიკური გადაცემა, გაურკვეველი მოვლენები ხდებოდა ტელეკომპანია ,,მაესტროში“, ასევე ზეწოლად მიიჩნევა ,,რუსთავი2“–თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია