ჩვენი დროის გმირი

ladoooooვლადიმერ (ლადო) აფხაზავა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში აწყობს ევოლუციებს ლანჩხუთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში. მისი სწავლების მეთოდები სრულიად განსხვავებულია სხვათაგან, მის მიერ მოფიქრებულ და განხორციელებულ პროექტებს აღფრთოვანებაში მოჰყავს საზოგადოება. ის 17 წელია უკვე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ამჟამად ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. თუმცა მისი ცხოვრების უმნიშვლელოვანეს დროს ლადო ლესის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს უთმობს, სადაც მენეჯერის ფუნქცია აკისრია. იქ არსებული სიტუაცია თავად უნდა მოინახულოთ, რათა ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რასაც წაიკითხავთ. ამ ბავშვთა სახლში ამჯერად რვა ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ლადო აფხაზავა საკუთარი შვილებივით ზრდის, ბავშვებს აგრეთვე დედობილ-მამობილობას უწევს შესანიშნავი ცოლ-ქმარი, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით არიან ჩართულნი ამ საქმეში და ლადოს გვერდიდან არ სცილდებიან.

სანამ ბატონ ლადოსთან საუბარს დავიწყებდით, მანამდე მისი პიროვნების შესახებ გვესაუბრა ძიძამ, ქალბატონმა ნაზიმ. მისი თქმით, ლადოს თავისთვის ყველაფერი მოკლებული აქვს, უბრალო ტელეფონით სარგებლობს, სამაგიეროდ ბავშვებისთვის ბრენდულ მობილურებს არჩევს. ასევე იქცევა თურმე ტანსაცმლის და საკვების შემთხვევაშიც, - საუკეთესო მხოლოდ ბავშვებს. სახლს აქვს ეზო, სადაც შეუძლიათ დააგემოვნონ საკუთარი შრომით მოყვანილი საზამთრო, ნესვი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი და ა.შ
საკმაოდ კარგ საცხოვრებელ პირობებში უწევთ ცხოვრება ბავშვებს, ხოლო ,,ლადო ბიძიას(ასე მიმართავენ აქ მას)“ დაუღალავი შრომის შედეგად, მისი ნიჭიერების წყალობით, აქვთ ფუფუნება დაისვენონ კარგ კურორტებზე, მიიღონ ნატურალური საკვები, იცხოვრონ ჯანსაღი წესით. მართალია ამის შესახებ ჩვენი წერილის გმირს არ უყვარს საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ასეთი კარგი პირობების შექმნისთვის მას უწევს ხანდახან 1000-ჯერ შეაწუხოს ადამიანები, ღამეები ათენოს იმაზე ფიქრში თუ ხვალ რითი გაახაროს ბავშვები. არც ერთი მათგანის დაბადების დღეს უყურადღებოდ არ ტოვებს. მას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი პროექტის განსახორციელებლად ხანდახან უწევს სახლის დატოვება რამდენიმე დღით, აი, მაშინ იწყება ბავშვებისთვის ცრემლებით სავსე დღეები, ხოლო მისი სახლში დაბრუნება ნამდვილი დღესასწაულია. ეს კაცი ახერხებს იმას, რომ ამ საქმიანობის პარალელურად იყოს ძალიან წარმატებული პედაგოგი, მას დაუფასდა შრომა, ის პროექტები, რომლებშიც სული და გული აქვს ჩადებული უყურადღებოდ არ დარჩენილა. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გაგზავნილმა მისმა აპლიკაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ის მოხვდა ამ კონკურსის საუკეთესო ათეულში და დიდი იმედი გვაქვს გამარჯვებულიც გახდება. გურიის რეგიონიდან მხოლოდ მან შეძლო ასეთი დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ახლა მოთმინებით უნდა დაველოდოთ 5 სექტემბერს, როდესაც საუკეთესო ხუთეული გამოვლინდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება, 17 წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები, მოსწავლეებთან მიდგომა, დიდებული ავტორიტეტი საზოგადოებაში გახდა მისი წარმატების მიზეზი. ყველაზე დიდი დაეჭვება ჟიურიში გამოუწვევია ლადო აფხაზავას მიერ შევსებულ ერთ-ერთ აპლიკაციას, სადაც ის მიუთითებდა თუ რა ადგილებში აქვს ჩანატარები გაკვეთილები. თუმცა როდესაც მან წარმოადგინა ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა, არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ პატივისცემა დაედასტურებინათ მისი საქმიანობის მიმართ. მის მიერ დაწერილი, მოგებული და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმე გამორჩეული პროექტი მაინც გავიხსენოთ. მაგალითად, ჩიბათის საჯარო სკოლაში დადგა ქოთნებში არსებული მცენარეების მოვლის პრობლემა, გაკეთდა პროექტი, რომლის მიხედვითაც თითოეულ მცენარეს ეყოლებოდა ინდივიდუალური მომვლელი, ქოთნებზე დააწერეს სახელები და გვარები, ბავშვებს გაუჩნდათ უდიდესი სურვილი მათთვის ჩაბარებული საქმე კარგად გამოსვლოდათ. აგრეთვე ძალიან ჰუმანური და წარმატებული პროექტი გამოვიდა ჩიბათში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობასთან კომუნიკაციაში შესვლა და მათთან დამეგობრობა. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეთნო- რძლები ცხოვრობენ ჩიბათის თემში და არ არსებობს ოჯახი, რომელიც მთლიანად ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, გადაწყდა ამ ქალბატონებთან შესულიყვნენ კონტაქტში, გაერკვიათ როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ურთიერთობდნენ მათთან მეზობლები, თუ განიცდიდნენ რაიმე ზეწოლას. აღმოჩნდა, რომ პრობლემა მართლაც არსებობდა, ეთნორძლებს უჭირდათ სრულყოფილი, მეგობრული ურთიერთობის დამყარება ქართველ მეზობლებთან. მაგრამ, მოხდა ის, რამაც ორთავე მხარეს გაუთბო გული, ლადო აფხაზავას და მისი მეგობრების მიერ მოფიქრებული პროექტის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ სომეხ, აზერბაიჯანელ, უკრაინელ, რუს და სხვა ეთნორძლებს, მიჰქონდათ მათთან საჩუქრები, საუბრობდნენ, ყავას სვამდნენ, ეს ქალბატონები ხაჭაპურს უცხობდნენ ბავშვებს, უყვებოდნენ თავიანთი სამშობლოს შესახებ, მის ტრადიციებზე, ზნე-ჩვეულებებზე. ბოლოს როგორც კარგ ზღაპრებში ხდება ხოლმე ყველა ერთად შეიკრიბა, კარგად მოილხინეს, რაც მთავარია ყველამ უკეთ გაიცნო ერთმანეთი და დამოკიდებულებაც ძალიან შეიცვალა, დათბა. გაკეთდა უამრავი პროექტი, რომელიც ემსახურებოდა ძალადობის აღმოფხვრას, რელიგიური ურთიერთობების დალაგებას, დემოკრატიული იდეების გაღვივებას ბავშვებში. საინტერესოა, თვითონ ვლადიმერ აფხაზავა რას ფიქრობს განვლილ წლებზე, მის არასტანდარტულ, მაგრამ ეფექტურ სწავლებებზე, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეულში მოხვედრაზე და მომავალ გეგმებზე.
_ ბატონო ლადო, პირველ რიგში გილოცავთ ათეულში მოხვედრას და შემდგომშიც წარმატებებს გისურვებთ. ცნობილია, თქვენი განსხვავებული პედაგოგიური მეთოდების შესახებ, სწორედ ეს ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ 17 წლის განმავლობაში ცხრა სკოლა გამოიცვალეთ?
_დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება ჩემს მიდგომებს, მე მიმაჩნია, როცა ხვდები, რომ მოსწავლეს არ აქვს ინფორმაცია, სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარების გზებზე, აუცილებლად უნდა აიღო ევროპული ქარტია და სხვადასხვა ლიტერატურები, დაისახო მიზანი და მიაწოდო მათ საჭირო ინფორმაცია და უნდა ჩაატარო გაკვეთილები, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებისთვის არის საჭირო. სწორედ ამისთვის ვატარებ მე არასტანდარტულ გაკვეთილებს, არასდროს არ უნდა დააზეპირებინო მოსწავლეს გაკვეთილი, არ უნდა აიძულო ეშინოდეს შენი. პირიქით, მეგობრულად საქმიანად უნდა მიუდგე, გაარკვიო უნდა რა უხარია, რისი კეთების უნარი აქვს ყველაზე მეტად. დიახ, გამოცვლილი მაქვს ცხრა სკოლა, ყველგან არა, მაგრამ ბევრგან ვაწყდებოდი წინააღმდეგობას იმის გამო, რომ მოსწავლეზე მინდოდა მომერგო სასწავლო პროცესი და არა ჩემზე, ყოველთვის ვაკეთებდი ისეთ პროექტებს, რომელშიც მიღებული გამოცდილება შემდგომში წაადგებოდათ, ყოველთვის გვერდით მედგნენ კოლეგები და მეგობრები. იყო შემთხვევა, იმიტომ წამოვედი სკოლიდან, რომ ბავშვის მიღებაზე უარს აცხადებდა სკოლა. როდესაც კონსტიტუცია გეუბნება, რომ არ გაქვს უფლება არ მიიღო მოსწავლე და მაინც აკეთებ ამას, იქ რა გამაჩერებდა. ზოგადად, ვცდილობ ჩემზე უფროსი თაობის ხალხთან არ შევიდე კონფლიქტში იმის გამო, რომ ისინი ისე არ ფიქრობენ როგორც მე. ამიტომაც მიადვილდება ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის იმის სწავლება, რაც გამოადგებათ და ღირსეულ პიროვნებებად აქცევთ.
_საინტერესოა თუ გაგიჭირდათ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვედრა, ან საერთოდაც როგორ ასწრებთ ყველაფერს?
_რომ გითხრათ, ადვილი იყო –მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ მე გავაგზავნე აპლიკაცია, რომლის შინაარსის სინამდვილეზეც სრული პასუხისმგებელი ვიყავი. ძალიან გამიხარდა ჟიურის მხრიდან გამოჩენილი სიმკაცრე, ვინაიდან მიღებული ათეულის სამართლიანობაზე ეჭვი არა მგონია ვინმეს გაუჩნდეს. დროის პრობლემა მართლაც მიდგას, სულ მინდა ყველაფერი მოვასწრო და ყველგან ვიყო. ახლაც ბანაკების პროექტი გავაკეთე, გავიმარჯვეთ და იმას უნდა მივხედოთ. მიჭირს ბავშვების დატოვება(იგულისხმება ლესის ბავშვთა სახლი), თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად და ხანგრძლივად მიწევს ამის გაკეთება. ჩვენ ვაწყობთ ექსკურსიებს, ლაშქრობებს, ვეწევით საოჯახო მეურნეობას. ჩემთვის ეს ბავშვები მთელი ჩემი ცხოვრებაა, წარსული, აწმყო და მომავალი..
_გაგვიმხილეთ სამომავლოდ რა პროექტებს გეგმავთ?
_შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ მინდა ზარის სისტემა გავაუქმოთ ჩიბათის სკოლაში. ვინაიდან მიმაჩნია, ზარი უარყოფითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და ზოგადად ადამიანის ფსიქიკაზე. მასწავლებელიც და მოსწავლეც ფიქრობს, მერე რა ახლა დაირეკა ზარი, მოდი ორ წუთში შევალ, მეორე ჯერზეც ასე და გრძელდება უსასრულოდ. ის აზარმაცებს და უქვეითებს პუნქტუალობის გრძნობას მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც. გვინდა მარტოხელა ადამიანების სრული სია შევადგინოთ, ჩავუტაროთ მათ გამოკვლევები, რათა ვიცოდეთ რა აწუხებთ მათ და მეზობელმა, ექიმმა მერე არ დაიწყოს ამის გარკვევა, არ დაგვიანდეს. ამბობენ, რომ ფორმა ასის გამოქვეყნება საჯაროდ არ შეიძლება, თუმცა მიმაჩნია, ის უფრო დიდი დანაშაულია, როდესაც ადამიანი უპატრონოდ კვდება და დიაგნოზის უცოდინარობა უფრო ამცირებს მის შანსებს. კიდევ ბევრ პროექტებზე ვფიქრობთ, რომლის შესახებაც მალე გაიგებთ...
თორნიკე ჯიჯიეშვილი


 

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV