ფეხბურთით იშენებენ ვილებს

,,ჰო და არას“ სტუმარია ვახტანგ ზენაიშვილი, მას წლების განმავლობაში უმუშავია მაღალ თანამდებობებზე, იყო ედპ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. ,,ჰო და არასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბატონი ვახტანგი აპირებს დამოუკიდებლად იყაროს კენჭი გვიმბალაურის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარ კანდიდატად, საინიციატივო ჯგუფმა უკვე შეიტანა საარჩევნო საოლქო კომისიაში განაცხადი. რის გაკეთებას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში, რას ფიქრობს დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, როგორ წარმოუდგენია უკეთესი ხვალინდელი დღე, ამაზე თავად ბატონი ვახტანგი გვიპასუხებს.



-ბატონო ვახტანგ, რატომ ფიქრობთ, რომ დადგა დრო კენჭი იყაროთ მაჟორიტარ კანდიდატად? რის გაკეთებას შეძლებთ გვიმბალაურისთვის და ზოგადად ლანჩხუთისთვის?
-ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით, მეგობარი შემხვდა და ყავის დასალევად ჩამოვჯექით კაფეში, მაწანწალა ძაღლებმა არ მოგვცა იმის საშუალება რომ ხუთი წუთი მოგვესვენა. საქმე რაშია იცით? მაწანწალა ძაღლების დევნით მილიონებს ვერ იშოვი და ვილებს ვერ აიშენებ ეზოში, სამაგიეროდ ფეხბურთში არის კარგი ფული და იქ გადასროლილი ცხრა მილიონი უღირს იმად ჩვენს გამგებელს, რომ სტადიონზე შავი სათვალეებით მომზირალმა არჩიოს მაპიტუდან მოიყვანოს ფეხბურთელები თუ სვაზილენდიდან. სწორედ ასეთ უმსგავსოებებზე ამოვიღებ ხმას, მართალია ახლაც არ ვერიდები ამაზე საუბარს, მაგრამ დეპუტატს გაცილებით დიდი ბერკეტები აქვს ხელთ. გარდა ამისა, გვიმბალაურს აქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც დაუყონებლივ გადაწყვეტა და მოგვარება სჭირდება. ვპირდები ამომრჩეველს, რომ არა მარტო ვიბრძოლებ მათი ინტრესების დასაცავად და პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ გადავწყვეტ კიდეც მათ სასარგებლოდ. მე თვითონ ჩავალ იქ, სადაც საჭიროა და მიზანს მაინც მივაღწევ. მართალია არ ითვლება დიდ პოლიტიკად, თუმცა ეს არავის აძლევს იმის უფლებას, თეთრზე შავი თქვას, ან პირიქით და უბრძოლველად დანებდეს.
-ლანჩხუთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით, რა სასიკეთო ძვრებს ხედავთ, ან პირიქით?
-როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს რაიონის მდგომარეობა, სერვისების კარგად მიწოდება, ეკონომიკა არავის აინტერესებს და დაკავებულნი არიან კოტეჯების და ვილების მშენებლობით. მე არც პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლის მუშაობით ვარ კმაყოფილი, ამავე აზრის ვარ წინა დეპუტატზეც. თემურ ჩხაიძის და ნინო წილოსანის პარლამენტარობის დროს, არ ისმოდა და არ ისმის ლანჩხუთელთა ხმა. პირიქით დღეს ქალბატონი დეპუტატი ცდილობს ისარგებლოს იმით, რომ ყველა ამომრჩველს არ აქვს იურიდიული ცოდნა და თავს ახვევს მოსახლეობას ამ უგვან, უაზრო კანონებს. საკრებულოს დეპუტატებმა უნდა აიძულონ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, დააყენოს თავისი რაიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები და იბრძოლოს მის დასამტკიცებლად. დღეს ადგილობივი საკრებულოს მხრიდან მის მიმართ პირფერობას აქვს ადგილი, ყველა დეპუტატს არ ეხება რასაკვირველია.
-ცნობილია თქვენი დამოკიდებულების შესახებ სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებაზე. ამ საკითხთთან დაკავშირებით თუ იბრძოლებთ მომავალშიც?
-რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უპრინციპულესი თემაა, მიმაჩნია რომ სახელმწიფოს აქვს ზედმეტი უფლებები აღებული საკუთარ თავზე და კერძო საკუთრებას არ აძლევს გაქანების საშუალებას. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება, გვჭირდება კერძო საკუთრებაზე წვდომა, თავისუფალი მეწარმეობა, თვისუფალი ვაჭრობა, დამოუკიდებელი ეკონომიკა. უნდა გავაკეთოთ არჩევანი სოციალიზმსა და კაპიტალისტურ მეწარმეობას შორის. მხოლოდ კაპიტალიზმს შეუძლია წინ წასწიოს სახელმწიფო. კომუნიზმი რომ კარგი ყოფილიყო, მაშინ სტალინს არ მოუწევდა გლეხისთვის პასპორტის წართმევა, ბრიგადირებს არ მოუწევდათ ყოველ დილით ყვირილი და სირბილი ხალხის შესაკრებად. სოციალიზმს არ შეუძლია შექმნას პროდუქცია და დოვლათი, რაღაცა რომ იქმნებოდა ეს იმას არ ნიშნავს კარგი იყო. ბოლოდროინდელ მონაცემებს მოგახსენებთ, დაახლოებით ექვსჯერ მეტი ტრაქტორი და კომბაინი ჰყავდა საბჭოთა კავშირს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა მოსავალი 10-15 ჯერ მეტი მოჰყავდა ამერიკას. აი, ამაშია სისტემის უპირატესობა. დღეს საკრებულო, შემდგომ ჩვენი წარმომადგენილი პარლამენტში უნდა აყენებდეს საკითხს, თუ რატომ არის კვლავ მიწის 70 პროცენტი სახელმწიფო განკარგულებაში. რატომ არ გადადის ის უფასოდ ხალხის საკუთრებაში, რას ნიშნავს ეს. მოსახლეობა თვითონ გადაწყვეტს რა უყოს ამ მიწებს, როგორც კი მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, იმავე წამს მისი ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ვის ჭირდება მიწები სახელმწიფო საკუთრებაში?- რა თქმა უნდა, ბიუროკრატიას, რათა თეთრებად შეისყიდოს. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საქმიან დამოკიდებულებას ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. სწორედ კერძო საქმის, ბიზნესის არ არსებობა იწვევს უმუშევრობას მთელს ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს რაიონშიც.
-როგორ ფიქრობთ, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატთან ბრძოლა რთული არ იქნება? ვგულისხმობ სამთავრობო რესურსს. ან თუ ხართ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლების ხმებს დაიცავთ?
-სანამ სახელმწიფო იარსებებს, ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება სახელისუფლებო რესურსის მქონე კანდიდატი. თუმცა მე ამის არ მეშინია, ვაპირებ მივიდე თითოეულ ოჯახში, გავაცნო მათ ჩემი სამოქმედო გეგმები. მინდა დარწმუნდნენ, რომ მე მაქვს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება, ცოდნა, პიროვნული თვისებები იმისათვის, რომ მათი უფლებები არავის შევალახვინო და მუდამ მათ გვერდით ვიქნები. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. სმთავარია ამომრჩეველმა იცოდეს, რისთვის მიდის არჩევნებზე, რა უნდა მას და არა ვიღაცის ხათრისთვის გაიუარესოს მომავალი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია