პოლიტიკა ჩვენი ოჯახების პოლიტიკით იწყება


ყველაზე დიდი პოლიტიკა ჩვენთვის, არაპოლიტიკოსებისთვის, ვფიქრობ, ჩვენი ოჯახების პოლიტიკით იწყება, იმ პოლიტიკით, რომლის მიზანია ოჯახში გვქონდეს მშვიდობა, ხვავი, ბარაქა, წინსვლა და შესაბამისად - სიხარული. სიხარულის გარეშე ერთი წუთიც არ ყოფილიყოს თქვენი ოჯახი...
თუმცა ოჯახის ბედნიერება ქვეყნის ბედნიერების გარეშე არსად და არასდროს ყოფილა. ასეა დღესაც. ყოველი მოქალაქე, ნებით თუ უნებლიეთ მონაწილეა იმ მოვლენების, რაც ირგვლივ ხდება. პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურების დროს ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა. იწყება ჯერ ფიქრი, მერე ხმაური, ანუ ხმამაღლა გამოხატვა ემოციების, განსჯა, აქტიური ჩართვა მოძრაობაში...


და ამაში გასაკვირიც არაფერია, ეს ითვლება სრულიად ნორმალურ მოვლენად. ჩაურთველობაა სწორედ გასაკვირი. ინდიფერენტულ დამოკიდებულებას არ ვპატიობთ გვერდით მყოფებს. ამ რობოტიზებულ სამყაროში რობოტს დამსგავსებას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდ ტონად ვთვლით და ემოციების ტყვედ ქცეულნი, ხშირად თავის დახსნასაც ვერ ვახერხებთ მისგან და მერე, როცა გონს მოვალთ აღმოვაჩენთ, რომ თავის ნებაზე ვუტარებივართ მას. იმდენად თავის ნებაზე, რომ ჩვენი ნება სადღაც დაკარგულა. ნების დაკარგვა, მოგეხსენებათ, თავის დაკარგვის ტოლფასია. ესე იგი, რა გამოდის? სხვისი ნებით ანუ სხვისი ჭკუით გვივლია... და შედეგი? არასწორი გადაწყვეტილებების მიღება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს შემდეგ, როცა დრო ცდის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგებს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ერთად ვიფიქროთ ამის შესახებ.
,,თუ პოლიტიკაში მონაწილეობაზე უარს იტყვი, დაისჯები იმით, რომ შენზე დაბლა მდგომნი გახდებიან შენი მმართველნი~ - ამბობს პლატონი. ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, თავი სხვაზე დაბლა მდგომად არ მიგვაჩნია, ამიტომაც პოლიტიკურ ცხოვრებაში თავით გადავეშვებით ხოლმე.
ჭკვიან კაცს ერთიც უთქვამს: ,,პარტია არის მრავალთა სიგიჟე, ერთეულების სასარგებლოდ~.
ჰოდა, მთავარი ის არის სიგიჟემდე არ მივიყვანოთ ჩვენი დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ. იმ სიგიჟემდე, რომელსაც ერთეულები იყენებენ თავის სასარგებლოდ. ეს სიგიჟე, პირველ რიგში თვალების აბმით იწყება. თვალაბმულნი ბევრ მცდარ ნაბიჯს გადავდგამთ. მცდარად გადადგმულ ნაბიჯს რა შედეგი მოაქვს, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რამეთუ ამის გამოცდილება მრავალგზისია.
და ბოლოს, კიდევ ერთ ბრძენ კაცს დავესესხები: ,,პოლიტიკა პრიციპების შეჯიბრად შენიღბული ინტერესთა ბრძოლაა~ (ამბროზ ბირსი).სხვათა ინტერესთა ბრძოლას წლების მანძილზე ბევრი ავტორიტეტი შეეწირა, მომავალშიაც მრავალი იქნება ასეთი. თქვენ კი, თქვენ, ჩვენო მკითხველო, თქვენი დიდი გამოცდილებიდან, განვლილი გზიდან გამომდინარე მოვლენების ზემოდან დახედვის უნარი უკვე მონიჭებული გაქვთ და იმედია, ამ ნიჭით ივლით სამომავლოდაც.
ნონა გიგინეიშვილი

მოიწონეთ სტატია