ისეთი საქართველო მინდა, სადაც არავინაა, ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნდეს და დედამიწა ქალამნად!


ჩემი უმცროსი შვილი რეზი, როცა პატარა იყო ხშირად იყენებდა სიტყვებს _ ვითომ-ვითომ. მაგალითად, ვითომ-ვითომ თოვლის ბაბუა ვარ, ვითომ დიდი კაცი ვარ; ვითომ-ვითომ ჩიტი-ჩიორა ვარ და დავფრინავ და ასე შემდეგ, მრავალი ვითონ.
ესე იგი, ბავშვი ოცნებობს.
ოცნება ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომელსაც იგი ენის ამოდგმისთანავე ამჟღავნებს და სიცოცხლის ბოლო დღემდე ატარებს.
ოცნება ადამიანს ცხოვრებას ულამაზებს, მის სულს კვებავს.
სამწუხაროა, როცა სიტყვა ვითომ - იმ კონტექსტში იხმარება, რომელიც ოცნებას გამორიცხავს და პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატავს აზრს.
სად წავიდა ხალისი, სილაღე? რატომ გახდა იგი მოჩვენებითი? რატომ ვართ ვითომ ლაღი და ხალისიანი?
რატომ დამძიმდა საუკუნე? უფრო სწორად - რატომ გადმოგვყვა წინა საუკუნის სიმძიმე ამ საუკუნეში?



დრომ დაამძიმა გარემო? დრომ, რომელსაც განგება განაგებს, თუ თავადვე დავამძიმეთ და დავაგლახეთ იგი?! რა თქმა უნდა, თავადვე და თავადვე ვიქცევით მონებად. ვფიქრობ, ასეთივე განცდა გექნებათ თქვენც. გინდათ შეგეცვალოთ ეს განცდა და განწყობა, მაგრამ ვერაფერს ახერხებთ. რატომ, რატომ?..
ეტყობა გონიერება ვერ გამოვიჩინეთ საჭირო შემთხვევაში, ამიტომაც მოჩვენებითად იქცა ყველაფერი. მაგრამ... მაგრამ რაც უნდა იგულგრილოს ადამიანმა, რაც უნდა იცუდდიდოს, ღვთის ნებას მაინც ვერ გადაუვა, ვერ გადაუდგება. სწორედ ამის დიდი იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას თქვენთან ერთად, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, თქვენთან ერთად, ვისაც ცუდიც გინახავთ და კარგიც, ამაოც იცით და ნამდვილიც. შეიძლება გარკვეული დროით თვალი აგვერიდა მნიშნელოვანზე, რაც უმნიშვნელო გვეგონა, მაგრამ გონს მოსვლაც ღვთისგან იქნება და აბა, ჰე, აქეთკენ გავეშუროთ!
მოდი მაინც პატარა რეზისავით ვიოცნებოთ და ასე დავასრულოთ - ვითომ-ვითომ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვითომ-ვითომ - აქ მხოლოდ სიხარულის ცრემლები იღვრება; აქ ადამიანის ხელი მათხოვრის როლში არასდროსაა; აქ ღიმილიან სახეებს სანთლით არ ეძებენ; აქ მუდმივად დიდი ზეიმია, რომელშიც სრულიად საქართველოა ჩართული და არა მხოლოდ ჩინოსანი;
აქ ხვალინდელ დღეს შიშით არავინ უცქერის; აქ ყველას ოცნება რეალობად იქცევა; აქ, საცაა ცას კიბეს მივადგამთ, კიბეს, რომელიც ძალზედ მყარია;
აქ, აქ - ჩვენი საქართველოა, სადაც არავინაა ისეთი- ცა ქუდად არ მიაჩნდეს და დედამიწა ქალამნად.
ნონა გიგინეიშვილი

ამინდი

გამოკითხვა

რა არის ლანჩხუთის მთავარი პრობლემა?

გზების მოუწესრიგებლობა - 11.1%
წყალგაყვანილობის არქონა სოფლებში - 3.2%
ფაროსანას შემოტევა - 47.6%
გარე განათების არქონა - 3.2%
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა - 1.6%
უმუშევრობა - 28.6%
მცირე პენსია - 3.2%
სხვა - 1.6%

Total votes: 63
The voting for this poll has ended

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV

მოიწონეთ სტატია