ჰო და არას გალერეა

`ჰო და არას~ გალერეაში წარმოგიდგენთ თქვენთვის ცნობად სახეებს, პიროვნებებს,რომლებიც უხმაუროდ, მაგრამ ღირსეულად ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში და ამით წარუშლელ კვალს ტოვებენ ლანჩხუთის ისტორიაში.
'დღევანდელი ნომრის სტუმარია ბეგი ცინცაძე - გურიის სამხარეო სატყეო სამსახურის უფროსი.
დაიბადა ქ.ლანჩხუთში, დაამთავრა ლანჩხუთის #3 საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. 1977 წლამდე მუშაობდა გემზე საქართველოს საზღვაო-სანაოსნოში მექანიკოსის თანამდებობაზე, შორეული ნაოსნობის მეზღვაურად, მუშაობის პერიოდში ორჯერ გადალახა ეკვატორი, რისთვისაც მიღებული აქვს ნეპტუნის დიპლომი. ეს არის ე.წ. მეზღვაურთა ნათლობის წესი, რომელიც ეძლეოდა მეზღვაურებს ეკვატორის გადალახვისათვის. შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოჩერკასკის სატყეო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა სატყეო ინჟინრის კვალიფიკაციით. ამავე წლიდან დღემდე მუშაობს სატყეო სამსახურში.
1978 წელს სამსახური მიაკუთვნეს ოზურგეთს. 1985 წელს ევგრაფ შევარდნაძის დიდი ძალისხმევის შედეგად ეს სამსახური დაუბრუნდა ლანჩხუთს. 1985 წლიდან ეკუთვნოდა ლანჩხუთს. 1995 წლიდან 2006 წლამდე ისევ შეუერთდა ოზურგეთს, შემდეგ ისევ გაუქმდა და 2007 წლიდან დღემდე არის გურიის სატყეო სამსახური.
ახალგაზრდობიდან ძალიან აინტერესებდა მეტყევის პროფესია. მაშინ იყვნენ თავისი საქმის პროფესიონალები, მეტყევე ინჟინრები, რომლებიც პატიოსნად და ერთგულად ემსახურებოდნენ სატყეო საქმეს. ესენი იყვნენ აწგარდაცვლილები: იურა ცინცაძე, დათიკო თევზაძე, თომა გოგუაძე, ნოდარი ჩხაიძე, რომლებმაც იქონიეს დიდი გავლენა ბეგი ცინცაძის პროფესიის არჩევაზე და შეაყვარეს ეს პროფესია.
მეტყევის უპირველესი მოვალეობაა ტყის დაცვა, რომელსაც ბეგი ცინცაძე ბრწყინვალედ ასრულებს. მის მოვალეობაში შედის ლანჩხუთის ტერიტორიაზე აწარმოოს ტყეების დათვალიერება შემოდგომასა და გაზაფხულზე, რომ ვინმემ უნებართვოდ არ მოჭრას ხე. ასევე გამოავლინოს თუ არსებობს რაიმე დაავადება. მავნებელი ნივთიერების გამოვლენის მიზნით ხდება ტყის შემოვლა და დათვალიერება, ტყე-კაფების მონიშვნა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების მიზნით, შეშით მომარაგების თაობაზე.
აქვს ძალიან კარგი სანერგე მეურნეობა სუფსაში, სადაც გამოიყვანეს წაბლის, ნეკერჩხლის, სამი სახეობის მუხის ნერგები. ასევე გააშენეს ტყე ლანჩხუთის ტერიტორიაზე, სოფელ ნინოშვილში. ეს ნერგები არის კარგად გახარებული. ძალიან ხშირად უწევთ ბრაკონიერების გამოვლენა. არის უნებართვოდ ტყის მოჭრის ფაქტებიც. ამისათვის არიან გამოყოფილი ტყის დაცვის მიზნით ტყის მცველები, 9 კაცი, რომელიც ემსახურება ტყეს.
არსებობს დაურეგისტრირებელი ფართობები, რომლებიც მოხვდა სატყეო საზღვრებში, რაც იწვევს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას, მაგრამ ჩამოსულია ტყის ინვენტარიზაციის კომისია, რომელიც იკვლევს ამ საკითხებს. ასევე მოხდეს ტყის ფართობების დარეგისტრირება. მეორე საკითხი - არსებობს ტყის მონიშვნა მიუდგომელ ადგილებში, აქ გზის მშენებლობა გამორიცხულია, რადგან ეს ადგილები ჭაობიანია. ასევე, ტყეებს არ ყოფნის ხნოვანება ხის მოსაჭრელად. მოხდება ტყის კოდექსის შეცლა, რომელიც მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იქნება გადაწყვეტილი.
ბეგი ცინცაძეს ჰყავს მეუღლე, მარინა ორაგველიძე, შვილები: ამირან და ირაკლი ცინცაძეები; შვილიშვილები: გიორგი, მარიამი და ცოტნე.
ცნობილ ანდაზას; ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია~, ბრწყინვალედ ახორციელებს ბეგი ცინცაძე და ტყის დაცვის საქმეში თავისი დიდი წვლილი შეაქვს.
რუსუდან მანაგაძე

მოიწონეთ სტატია