სამშობლოსათვის თავდადებული რაინდი

საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ
ნასროლი პირველი ტყვია
მინდა გავიხსენო ლანჩხუთელი გმირი, ავთანდილ ურუშაძე, რომელიც საბრძოლო დავალების შესრულებისას, 1992 წლის 18 აგვისტოს, სოფელ ტამიშთან დაიღუპა. ის იყო პირველი ლანჩხუთელი, რომელიც ჩასაფრებული აფხაზი სეპარატისტების მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ეს გასროლა მიმართული იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ.
ის მონაწილეობდა სამაჩაბლის ექსპედიციაში, შემდეგ კი სამშობლომ აფხაზეთში უხმო. იმ ავბედით, მზაკვრულ დროს, ეროვნული გვარდიის კაპიტანი საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის აპრილში სამაჩაბლოში საქართველის ეროვნული გვარდიის სამმართველის საინჟინრო სამსახურის ოფიცერი იყო.


ეროვნული გვარდიის კაპიტანი ავთანდილ ურუშაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ოჯახს მადლობის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა; ,,უმძიმეს და ტრაგიკულ დღეებს განიცდის ჩვენი ქვეყანა, ცრემლითა და სისხლითაა მორწყული სამშობლოს მიწა, შავი ძაძები აცვიათ დამწუხრებულ დედებს, დაქვრივებულ მეუღლეებს, უნუგეშოდ დარჩენილ ობლებს...
მეც მათთან ერთად და თქვენთან ერთად ვწუხვარ და ვგლოვობ. სულითა და გულით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ქედს ვიხრი თქვენი ოჯახისათვის უძვირფასესი ადამიანის ხსოვნის წინაშე. თუ სანუგეშო სიტყვა არსებობს, ეს, ალბათ ის არის, რომ დღეიდან თქვენი ოჯახი საქართველოს იმ წმინდა და გმირულ ოჯახთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად იცავენ ერს და მამულს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მადლიერი ერი თქვენს ამ ამაგს და თავგანწირვას არასოდეს არ დაივიწყებს. მკვდარი არ ეთქმის იმას, ვინც სამშობლოსათვის მოკვდა. ერი, სამშობლო და ღმერთი თქვენთანაა.''
ავთანდილ ურუშაძე თავისუფლების ქუჩის მკვიდრი იყო, რაც ამ ქუჩის მაცხოვრებელთა სიამაყეა. მეც ამაყი ვარ, რომ გმირის მეზობელი ვარ და არასოდეს დამავიწყდება მისი კეთილი სახე.
ავთოს დარჩა შესანიშნავი შვილები: თამარი და მარიამი, რომლებიც ამაყები არიან თავიანთი გმირი მამის ხსოვნით და წარმატებით აგრძელებენ ცხოვრების გზას, რომელსაც მათი ვაჟკაცი, გმირი მამა შეეწირა. ასევე, შესანიშნავი და ერთგული მეუღლე, ნანა ღლონტი, რომელმაც ობლად გაზარდა შვილები.
სიკეთითა და ადამიანური სიყვარულით გამორჩეული ვაჟკაცის, ავთანდილ ურუშაძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა. ახლა ავთანდილი 61 წლის იქნებოდა. საქართველოს ერთიანობისათვის შეწირული გმირული სულის, პატრიოტი ვაჟკაცის ხსოვნა მარად დარჩება საქართველოში.


მოიწონეთ სტატია