ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა

წლების წინ, როცა გაზეთი ,,ჰო და არა~ დაფუძნდა, ვწერდით, რომ იგი შეიქმნა ხალხისთვის, მისი ჭირისა და ლხინის გასაზიარებლად, სამზეოზე გამოსატანად. მას შემდეგ ამ პრინციპით ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, რის გამოც მასთან ერთად არაერთხელ აღმოვჩენილვართ პრობლემების წინაშე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან არასდროს დაგვიხევია, არ მიგვიფუჩეჩებია ვინმეს გაჭირვება. პირიქით, ჩვენად ჩაგვითლია იგი და მათთან ერთად გვიბრძოლია სამართლის საპოვნელად თუ გაჭირვების დასათრგუნავად.
იმ მძიმე წლებში ჩვენი გაზეთი, რომლის მასპინძელი თავიდანვე რაიონის თითქმის ყველა სოფელი გახდა, ნუგეშად მოევლინა შეჭირვებულ მოსახლეობას. ადამიანები ელოდნენ ,,ჰო და არას~, რადგან იცოდნენ, რომ იქ წაიკითხავდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თავად გააჩნდათ, გაიზიარებდნენ სხვათა გაჭირვებას და დალხინებას.
ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ითქვა ყველა მოვლენის შესახებ, რომელიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანი იყო.
უკიდურესად მძიმე პირობებში იქმნებოდა გაზეთის ყოველი ნომერი. ეკონომიკაშერყეულ ქვეყანაში რა გასაკვირია, რომ საგაზეთო საქმე ჭირდეს. ჰოდა, ამ გაჭირვებით მოვედით დღემდე. შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ - ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა. სწორედ ამ პრიციპში დევს ის, რამაც სხვადასხვა დროს მრავალი წინააღმდეგობა გადაგვალახინა. ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენი პატიოსნება ჩვენი ყველაზე დიდი საყრდენია.
ღმერთმა და კაცმაც იცის, რომ არასოდეს გავყიდულვართ არც მცირე და არც დიდ საქმეში. ხალხის ნებას გამოვხატავდით მუდამ; ასეა დღესაც; მკაცრი სიმართლის დაუმალაობის გამო ხშირად გაგვინაწყენებია ესა თუ ის ჩინოვნიკი, თუმცა დამდგარა დრო და უღიარებიათ, რომ სწორედ ამ სამართლიაობის, მიუკერძოებლობის და იმის გამო, რომ ბოღმა არ დევს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ არც ერთ წერილში, თავადაც გვაფასებენ.
`ჰო და რას~ ჭიდილი გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. ამ ჭიდილში ყველა ქართველს თავისი როლი აქვს. თუმცა ჭიდილის შედეგები ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ იძულებაც არსებობს, რომელიც გულგრილობის საშუალებას არავის მისცემს.
,,ჰო და არა~ კიდევ ერთხელ ეხმიანება თავის მკითხველს და შეახსენებს, რომ რედაქცია მუდმივად თქვენს სამსახურშია. იგი არასოდეს დაარღვევს თავის მთავარ პრინციპს - სამართლიანობასა და ობიექტურობას. გჯეროდეთ ჩვენი, მოგვმართეთ. უყურადღებოდ არ დავტოვებთ თქვენს არც ერთ პრობლემას. მობრძანდით რედაქციაში, მოგვწერეთ, დაგვირეკეთ!
უახლოესი თვეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. საორჭოფო და გასათვალისწინებელი ბევრი რამ არის. თქვენი აზრი მისწრაფებები მნიშვნელოვანია, ამიტომაც გთხოვთ, ამ კუთხითაც გამოგვეხმაუროთ; მოგვწერეთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა მოთხოვნებს უყენებთ თქვენს ხელისუფლებას. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მის საქმიანობაში. როგორი გინდათ იგი იყოს, რა ნიშნის მიხედით არჩევდით ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს იგი. რა უნდა გაკეთდეს რაიონში, თქვენი აზრით, რა იყო შესაძლებელი გაკეთებულიყო და რატომ არ გაკეთდა? რა იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ამისთვის? რა თვისებებია საჭირო ხელმძღვანელებისათვის, რომ საქმე უკეთესად წავიდეს? კიდევ მრავალი რამის შესახებ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ. ხალხის პოზიციას სწორედ რომ, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, ხალხია მმართველი ძალა. სწორედ მან, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მართოს ხელისუფლება და არა პირიქით.
,,ჰო და არა~ კიდევ ერთხელ გიცხადებთ სიყვარულს და გელით!
გვიგულეთYთქვენს სამსახურში!
ნონა გიგინეიშვილი


მოიწონეთ სტატია