სახელის შეცვლით არაფერი იცვლება, პიროვნების შეცვლით კი... ვნახოთ...

Amiraniგაზეთ ,,ჰო და არას“ 9 აგვისტოს ნომერში წავიკითხე, რომ ,,ევროპულ საქართველოს“ ლანჩხუთში მერობის კანდიდატად ამირან გიგინეიშვილი დაუსახელებია.
ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ დღევანდელ თავისუფალ საქართველოს, იმდროინდელი, სოციალისტური წყობის, ქართული ტრადიციების მქონე, მოწესრიგებული საქართველო სჯობდა. რაიონის ხელმძღვანელისთვის სახელწოდების შეცვლით ვერავითარ პროგრესს ვერ ვხედავთ. კატასტროფულად იზრდება ფასები პროდუქტებზე, წამლებზე. ბატონი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საზღვარგარეთს არწმუნებს, რომ ჩვენთან დიდი პროგრესია. არადა ასეთ ცხელ ზაფხულში წყალიც კი არ გვაქვს. რა, უწინ არ იყო გვალვები? გაზიფიცირებაზე უარი გვითხრეს, მომავალში განვიხილავთო. ცენტრალური ქუჩის განათებაზე ყველა დუმს.
ალბათ ბოლომდე არ წაუკითხავთ ჩვენი მოთხოვნა, ან დაავიწყდათ. ორი სოფლის მოსახლეობა პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. ნიშნავს თუ არა ეს უპასუხისმგებლობას ჩვენი მინისტრებიდან? ამ ევროპულ საქართველოში ქართველი ნელ-ნელა ქრება, ვილევით. მეტირება, როცა ვხედავ ჩვენს სოფლებში რამდენი ჭიშკარია ჩაკეტილი სამუდამოდ. რამდენზე კი ტრაფარეტია აკრული _ ,,იყიდება“. სად წავიდა ეს ხალხი, სად გაქრა?!. ჩვენს მთავრობას ეს არ აინტერესებს.
ახლა კი ლანჩხუთის მერის მომავალ კანდიდატურაზე ვისაუბროთ. მე ამ ადამიანთან ერთხელ მოვხვდი სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. სულ ორი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი. ვთხოვე: ჩიბათისა და ლესის საზღვართან დაედგათ სანაგვე ყუთი. თანაც ავუხსენი: იქ, იმ ლამაზ ხეივანთან, სადაც გამვლელი მგზავრები ჩერდებიან, ისვენებენ, ანტისანიტარიული მდგომარეობაა-მეთქი და მეორეც _ ცენტრალური ქუჩის ელექტრო-მონტაჟი. მე მას მოვუყევი, რომ სიბნელის გამო ამ ადგილას, ბოლო 25 წლის მანძილზე 4 ადამიანი იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ, მძღოლმა მსხვერპლი არხში გადააგდო და მიიმალა, ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ბატონი ამირანი შემპირდა, რომ ორივე საკითხს მოაგვარებდა.

 

მართლაც 15 დღის შემდეგ ლანჩხუთის სოფლების ცენტრალურ გზებზე დაიდგა სანაგვე ყუთები.
ცოტა ხნის შემდეგ ვკითხულობთ ამირან გიგინეიშვილის წერილს გაზეთში მობოდიშების სახით, რომ ვერ მოასწრო ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება... მთავარი ის არის, რომ ეს კაცი, შეწუხებული იყო იმით, რომ მან ვერ მოასწრო სოფლის პრობლემების მოგვარება იმ მოკლე პერიოდში, როცა მას მოუწია საქმიანობა. დიახ, ეს არის იმ ადამიანის საქციელი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა დაკისრებული მოვალეობისადმი. ასეთი პასუხისმგებლობის ქონით ადამიანის ავტორიტეტი იზრდება. მე მას სიღრმისეულად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ბატონი ამირან გიგინეიშვილი არის უაღრესად პატიოსანი, ყურადღებიანი, განათლებული, ჩამოყალიბებული ადამიანი, ბევრი იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკამებზე ზის. მუნიციპალიტეტის ხარჯების შემცირების ფონზე 20-ით კი არა, 30 ლარითაც შეიძლება გაიზარდოს პენსიონერების პენსია. ქარს, რომელიც ჩვენს მხარეს უბერავს თუ გავყვებით, ნაკლები პრობლემები გვექნება. საპირისპირო კი - დაგვანგრევს;
ჩემი გადმოსახედიდან, ისეთი ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებობის გრძნობა გააჩნია, ხალხის ნდობას გაამართლებს. ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანასოფლელებო, ჩემი უფლება გამოვიყენე, ჩემი აზრი ხმამაღლა დავაფიქსირე. პიროვნება, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია სწორედ ამირან გიგინეიშვილია. ასეთ ადამიანს შეიძლება ენდოთ. ნუ იტყვით უარს თქვენი მომავლის გაუმჯობესებაზე!
ეთერ კუკულაძე
ქვ.ჩიბათი


 

მოიწონეთ სტატია