ახალი პოლიტიკური ძალა - ,,შენების მოძრაობა~

18555869 741407359354677 2995048116935127289 n

რომან ბიწაძემ ახალი პოლიტიკური ძალის, ,,შენების მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფის სახელით პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა: დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობა, რისთვისაც უნდა შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაახლოებით 25 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი-წარმატებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გადაზრდილიყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობაში და არა ერთმანეთთან გამანადგურებელ ბრძოლაში. დღეისათვის საზოგადოების ურთიერთმიმართება ძირითადად აწყობილია უფროსობაზე, ხელქვეითობაზე, მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ყველასათვის ზემოდან ყურებაზე, განსხვავებულის მტრად გამოცხადებაზე. ჩვენ ცუდად ვიცით და სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ სწორედ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, არაერთჯერადი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძვნებული თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის.

ზემოდდასახელებული ამოცანების რეალიზებისათვის ვფიქრობთ შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომით. პარტია შევქმნათ თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, პარტიის სახელი და სხვა ატრიბუტებიც კი ფართო თანამონაწილეობით შევარჩიოთ, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია და არა ლიდერთა პარტია, რომელიც დანარჩენებს მხარდაჭერას სთხოვს. ჩვენი ყოველდღიური პარტიული საქმიანობა დავაფუძნოთ პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების განუხრელ და არა შერჩევით დაცვას.

როგორც ამ მოძრაობის რიგითი წევრი ვეძებ თანამოაზრეებს გურიის რეგიონში და ლანჩხუთში, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა ახლებული მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშობლოს წინსვლაში. მოგიწოდებთ ,,შენების მოძრაობაში“ გავერთიანდეთ განსხვავებული წარსულის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს თანმხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მოიწონეთ სტატია