ორაგვე-ლანჩხუთის ბახმარო

ორაგვე _ სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მაჩხვარეთის თემში. სიმაღლე ზღვის დონიდან 230. მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის აუზი) ხეობაში. სოფელში არის გურიელის, თავისუფლების და მშვიდობის ქუჩები. სოფელში მოდის ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა, თხილი.
ორაგვე ლაზური წარმოშობის ტოპონიმია და ,,სარაგვეს’’, ,,რაგვით’’ ანუ მცირე მახეებით გარეულ ფრინველებზე სანადირო ადგილებს ნიშნავს. როგორც სოფელში გვითხრეს აფხაზეთის თუ უახლოესი ისტორიის სხვადასხვა ომებში ორაგვის 45 მკვიდრი იბრძოდა, 25 უკან არ დაბრუნებულა. რაც შეეხება სკოლას და საბავშვო ბაღს, ისინი კონტიგენტის სიმცირის გამო დახურულია. სასკოლო ტრანსპორტი მუშაობს, რომელსაც ორაგვიდან ბავშვები მუნიციპალიტეტის სკოლამდე მიჰყავს და უკან აბრუნებს. საზაფხულო არდადეგების პერიოდში სოფელს კვირაში ორჯერ ემსახურება მიკროავტობუსი.
ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს სოფლებში, ეს არის მიგრაცია. ეს სოფელიც სწორედ მიგრაციის სამწუხარო მაგალითია. ორაგვე გახლავთ ულამაზესი სოფელი თავისი მშრომელი, სტუმართმოყვარე ხალხით.
ორაგვეში არსებობდა სასულიერო ცხოვრების ტრადიციები, დიდი ხნის წინ აქ მონასტერიც მოქმედებდა და ძალიან ბუნებრივად გაგრძელდა სარწმუნეობრივი ხაზი, რომელსაც ბიძგი მისცა ახალგაზრდა ჟურნალისტის, თეა ურუშაძის ტრაგიკულად დაღუპვამ. ეს მოხდა 15 წლის წინ და გოგონა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისმა ბიძამ, ბატონმა გია კარტოზიამ გადაწყვიტა თეას (ნათლობის სახელი თეკლა) სახელზე ეკლესია აეშენებინა და ძალიან მალე სისრულეში მოიყვანა კიდეც ეს განზრახვა. ამის შემდეგ ყოველ 7 ოქტომბერს, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად დედათა შორის პირველმოწამის, მოციქულთა სწორის, თეკლას ხსენების დღეა, ორაგვეში სახალხო ზეიმი იმართება.
სულ ახლახან ორაგვეში მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა, მოხდა ორაგვის სრული გაზიფიცირება.
ისე, როგორც წინა წლებში, წელსაც ,,ორაგვეს’’ უამრავი სტუმარი სტუმრობს. იგეგმება ,,ორაგვის’’ განვითარების პერსპექტივა. სოფელში ჩატარდა დასახლების საერთო კრება, რომელსაც თითქმის მთელი სოფელი ესწრებოდა, სოფლის რჩეულად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ტარიელ ურუშაძე.
სოფელით დაინტერესდნენ სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ორაგვეში კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანასთან ერთად იგეგმება გზის მოპირკეთება. ვფიქრობ, რომ სოფელ ორაგვეს უახლოეს პერიოდში აღორძინება და განვითარება ელის, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.
გოჩა ცინცაძე

მოიწონეთ სტატია