რა არის ყველაზე საშიში

ზნეობრივი ღირებულებების მსხვრევას ადამიანის დაცემა ახლავს თან.
ზოგადად რა არის ღირებული ადამიანისათვის, სხვადასხვა ერებისათვის, ეს ვრცლად სალაპარაკო თემაა.
ქართველთათვის ტრადიციული ღირებულებების ცვეთის ტენდენციები იმდენად დიდია, რომ არც ერთ ნიშნულში არ ჯდება. ეს პრობლემა ყველა ნორმალური ქართველისათვის სადარდებლად ქცეულა. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მრავალი რამ გადაფასდა, მრავალი ტრადიციული ქართული ღირებულება გაიყიდა. ევროპეიზაციამ (ცუდი გაგებით), შეიძლება თქვას, თავზე ხელი აგვაღებინა - ქალს ქალობა დააკარგვინა, კაცს კაცურ თვისებებზე დაახოცვინა ფეხი და სწორედ ამიტომაც, უფრო მეტი ფასი დაედო იმ ნაღდ ქალურს, რის გამოც ქალს მანდილოსანი ჰქვია და იმ ნაღდ კაცურს, რის გამოც კაცს ვაჟკაცად მოიხსენიებენ.


მე ვარ ბედნიერი, რომ ვიცნობდი და ვმეგობრობდი ისეთ ვაჟკაცებთან, როგორებიც იყვნენ ჯამბულათ ხოფერია და დათო რამიშვილი. ისინი თავის მეგობრებთან ერთად სამშობლოს ერთიანობას შეეწირნენ.
დიახ, აღარ არიან ისინი ჩვენს სამყაროში, ჩვენს განზომილებაში, მაგრამ დარჩნენ სამარადჟამოდ ჩვენს ცნობიერებაში ვაჟკაცობის, გმირობის, ზნემაღლობის, წარსულთან კავშირის, ქართველობის სიმბოლოებად.
რეალობა, რბილად თუ ვიტყვით, არასასურველია. გააყიდულ ომებს შეწირულ ქართველთა ხვედრი გვახსენებს ამ რეალობას.
აქ კი, ჩვენს თვალწინ, ჩვენს ირგვლივ, ფულის მოყვარულ ქართველთა კეკლუცობას არა აქვს ბოლო.
და ასე გრძელდება და გრძელდება.
ის, სიამაყედ ქცეული სიმბოლოები კი არავის ახსოვს.
ზნეობრივი ღირებულებების მსხვრევას ადამიანის დაცემა ახლავს თან.
აი, ეს არის ყველაზე საშიში!
ნონა გიგინეიშვილი
2000 წელი


მოიწონეთ სტატია