რამე იღონეთ და გადაშენებას გადაგვარჩინეთ!..

...უკვე აღარ ვიცი, ვის მივმართო...
...უკვე აღარ ვიცი, გვეშველება თუ არა, ან არის კი რაიმე საშველი?!.
უწმინდესო და უნეტარესო, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა...
საქართველოს რომელ კუთხეს არ მოსწრებია რბევა და ნგრევა...
აჭარა კი ყოველთვის იყო და არის დამპრობელთაგან შევიწროებული...
მოგეხსენებათ, სტრატეგიულადაც საზღვრისპირა კუთხე ვართ და ამაშია ჩვენი სიმძიმე.
აჭარლები კი საზარბაზნე ხორცი ვიყავით ყოველთვის.
...მე ერთი ჩვეულებრივი აჭარელი ქალი ვარ. მთებში დაბადებული და მთის მტკიცე და ხისტ ხასიათზე გაზრდილი.საიდანაც ვიცი და მახსოვს ჩემი მთების ისტორია, გამუდმებით გოჯა მიწის დაცვაში ვიყავით. ეკონომიური სიდუხჭირისა და სტიქიური უბედურებების მიუხედავად არ დავტოვეთ აქაურობა და ის კერა არ გავაცივეთ, სადაც ჩვენს წინაპრებს, ვინ იცის რამდენი ღამე, ცეცხლის შუქზე, ათასი საგმირო ამბავი მოუყოლიათ და ისე გაუტაცნია შეიძლება ჩამონათვალს,რომ თავზეც ბევრჯერ დასთენებიათ.
...ჩვენ ის სამასწლიანი მონობის უღელქვეშ ნამყოფი კუთხე ვართ, რომელიც არაფრით შეეგუა გასხვისებას და ქისაში გამოკრული ალთუნივით მოიტანა ენა ქართული, გაუხრწნელი და შეუბღალავი სინდის-ნამუსი და ქართული ზნეჩვეულება. ჩვენ იმ კუთხის შვილები ვართ,რომელმაც უამრავი გმირი გაზარდა და დღესაც ამაყად დგას სამშობლოს სამსახურში...
თემა,რომელმაც ასე ძალიან შემაწუხა და გამაბედვინა საჯაროდ და ხმამაღლა მელაპარაკა, თითქმის ყველასათვის ნაცნობია, მაგრამ ერთეულები თუ ბედავენ ასე ხმამაღლა ლაპარაკს.
...სატკივარსა და საფიქრალს რა გამოულევს მთიელ კაცს, მაგრამ ამ შემთხვევაში უმთავრესით შემოვიფარგლები(რომელიც შეიძლება საშვილიშვილო პრობლემად იქცეს).
...რაც თავი მახსოვს,როგორც ჩემი სოფლის ყველა ოჯახში, ასევე ჩემს ოჯახშიც მუსულმანური ლოცვა მესმოდა, მაგრამ ამას ჩემს ქართველობაში და სამშობლოს სიყვარულში ხელი არასოდეს შეუშლია. დღეს კი დგას იმის საშიშროება, რომ ეჭქვეშ დადგეს ბევრი აჭარელის ქართველობა...
ახლავე მოგახსენებთ რატომაც. ბოლო წლებია, აჭარის ტერიტორიაზე, ეს დაბა იქნება თუ მთა, სოკოებივით მომრავლდა თურქული სკოლა-პანსიონები, სადაც ეგრედწოდებული ყურანკურსებია გახსნილი...
გაგიკვირდებათ და მე მუსულმანური აღმსარებლობის ოჯახში გავიზარდე უწმინდესო, მაგრამ გიმეორებთ, ჭეშმარიტი და გულანთებული პატრიოტი ვარ, თანაც მთიელი ქალი, რომელიც ,,მანდილით"იცავს კლდიდან დაგორებულ ქვის ნატეხსაც კი...
სეტყვასავით დაგვაყარა თურქულმა მხარემ რწმენას ამოფარებული სკოლა-პანსიონები, სადაც ახალგაზრდობას გონებას უწამლავენ და თურქულ იდეოლოგიას უნერგავენ...
ადრე თუ ხმლითა და ზარბაზნით გვიპყრობდა მტერი, დღეს ცივილური გზით ცდილობს დაგვიპყროს და ძალიან კარგადაც გამოსდის... იქნებ ვინმემ ცილი დამწამოს და მოძმე რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაფუჭებაც დამაბრალოს ამ წერილის შემხედვარე, მაგრამ უფრო უარესს ვიტყვი მათთვის, ჩემი ისტორიული და არამარტო ისტორიული მტერი ჩემი ძმა ვერასოდეს ვერ გახდება. იქეთ ერთი მონსტრი გვაჭრის ნაწილ-ნაწილ ტერიტორიებს, აქეთ მეორე მონსტრი გვართმევს მომავალს...
არ ვიცი, ჩვენი ,,ბედნიერი" ხელისუფლება რატომ არ თუ ვერ ხედავს ამ უდიდეს პრობლემას?!..
ერთი ასეთი დასკვნა გამოვიტანე -კეთილმოწყობილ, მაღალსართულიან შენობებში გადანაწილებულ კაბინეტებიდან ძნელია ამის დანახვა. პრობლემის ეპიცენტრში უნდა იყო დღენიადაგ, რომ შეგაწუხოს და სიმწრის ცივ ოფლად დაგასხას სატკივარმა...
სამწუხაროდ, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა და ასეა დღესაც, ეკონომიურმა და სოციალურმა ფონმა განაპირობა, რომ ფულზე გაიყიდოს სული და იქნებადა ხორციც...
ადრე მეფის ძეებს ზრდიდნენ და საქართველოზე გეშავდნენ, ახლა უბრალო გლეხის შვილებს ყიდულობენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვშიშობ, ძალიან მალე დადგება დრო, როცა ჩვენივე შვილები, ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდებიან და წელზე ჯიჰადის ქამარშემორტყმულები, გვეახლებიან ქალაქებში, სოფლებსა თუ ოჯახებში...
...არაფერს ვაზვიადებ, (პირიქით იმის მეასედსაც ვერ გადმოვცემთ რა საშიშროების წინაშე დგას ჩემი ქვეყანა) იმ ღმერთს გეფიცებით, რომელი ღმერთის ანაბარად და იმედად ვართ, მხოლოდღა!..
...არ მინდა პოლიტიკური ელფერი მივცე წერილს (ეგ ცალკე პრობლემაა), მაგრამ, მაშინ როცა, ლოყებღაჟღაჟა, ღაბაბიანი ძიები წილებსა და სისხლით გაპოხილ სამშობლოს მიწას ვერ იყოფენ და აშკარა, მოურიდებელი ომი აქვთ გამოცხადებული რწმენის სახელით, ჩვენ სულიერად გვირყვნიან შვილებს.
...არავინ დაგაჯეროთ უნეტარესო, რომ ფოტოზე მოლას და მღვდლის გვერდიგვერდ გამოჩენით მოგვარებულია ყველაფერი, ან მართლაც ასეთი ჰარმონიული დამოკიდებულებაა...
რწმენის თავისუფლებააო, არავინ მოგატყუოთ უწმინდესო - შეპარვით ზეწოლაა, რომ მხოლოდ იმუსლიმანონ კი არადა, ქრისტიანობას შეურაცხყოფაც მიაყენონ... მაგალითისთვის მოგახსენებთ - ამ სკოლის მასწავლებელი რომ ბავშვებს ეტყვის - ყველა ქრისტიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებაო, რა დავარქვა ამას, თუ არა შეურაცხყოფა და შიშის სინდრომი იმისათვის,რომ არავინ გაბედოს და მოინათლოს?!.
...დავიჯერო, მუფთმა არ იცის რა ხდება სკოლებში? ან არ შეიძლება მთავრობის მხრიდან მონიტორინგი ჩატარდეს?... არა, არ უნდათ, გარკვეული კატეგორია ხელს ითბობს და რაში ადარდებს მისი გარდაცვალების შემდეგ, თუ გინდა ქვა ქვაზე არ დარჩენილა საქართველოში, მაპატიეთ და მთავარია დღეს ამოიყოროს გაუმაძღარი მუცელი...
....უწმინდესო და უნეტარესო, ამ წუთში, ჩემში თავმოყრილია, მრავალსაუკუნეგამოვლილი აჭარელი დედების დელგმა, ვარამი, ზღვა ცრემლი, დამცირება, შეურაცხყოფილი ქართველობა და ყველას სახელით მუხლმოყრილი გევედრებით, ღვთის სახელით და თქვენი ძალისხმევით რამე იღონეთ და გადაშენებას გადაგვარჩინეთ... ნუთუ დავიჯერო, არ არსებობს შეასაბამისი სამსახურები, რომლებიც ამ ყველაფერს გამოიძიებენ და იმ ამბის სისწორეს დაადასტურებენ, რომელმაც მე და ძალიან ბევრ ჩემნაირს მოსვენება დაგვიკარგა...
...იქნებ ეკლესიებზე შეწირული თანხით, ან ბიუჯეტით ანალოგიური სკოლა-პანსიონები გაგეხსნათ და ის სოციალური დაინტერესებით მიბრუნები მრევლი, აქეთობისკენ მოგვებრუნებინა...მაპატიეთ, რომ ამას გიბედავთ, რა ვქნა გამოსავალს ვეძებ უწმინდესო, აღარ მინდა გათათრება, ვეღარ ავიტან გაუცხოებას... ისედაც ბევრი გადავიტანეთ და ნუთუ აღარ დადგა დრო მშვიდად ვიცხოვროთ?!
...მე მტკივა-ქეთევან დედოფლის მოჭრილი მკერდი!
...მე მტკივა სელიმ ხიმშიაშვილის მოკვეთილი თავი!
...მე ცრემლად გადმომიდუღს-ჩემი წინაპრების სისხლით შეღებილი ჭოროხი!
...მე მეშინია არაქართველობის!!!
ნანა შაინიძე
პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, ამ წერილით ისლამს ვაყენებ შეურაცხყოფას, არავის არაფერს ვუხსნი. ღია კარის მტვრევას არ ვაპირებ!!!

მოიწონეთ სტატია