გინდ დაიჯერეთ გინდ არა, არის ასეთი ქვეყანა

შეძლებისდაგვარად მინდა იმათ შეკითხვებს პასუხი გავცე, ვისაც საქართველოსათვის გული შესტკივა. მაგრამ ბატონებო, სანამ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს ვუპასუხებდე, ამ ჩემს სტატიას შესავალს გავუკეთებდი. მე, ეთერ კუკულაძე, მოვდივარ იმ დროიდან, რასაც ჰქვია 1941-45 წლები. ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია - ეს უსაშინლესი ისტორიული თარიღი კაცობრიობის ისტორიაში და აქ ზედმეტი კომენტარიც აღარ არის საჭირო.
იმ გაჭირვების დროს, 5 წლის განმავლობაში, სტალინის ბრძანებით 3-ჯერ მოხდა ჩამოფასება, როგორც სამრეწველო საქონელზე, ის პროდუქტზე და წამლებზე. ეს ჩემი თაობის ხალხმა ძალიან კარგად იცის. ხალხი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით იყო განმსჭვალული, ნდობით, მეგობრობით, მეზობლობით. ყველანაირი მკურნალობა იყო უფასო. ლანჩხუთში იყო ჩაის პლანტაციები, ტუნგო. ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები თავისი საერთო საცხოვრებლებით. იყო ხილის მიმღები პუნქტები, საკონსერვო ქარხანა, რძის ქარხანა, გემთმშენებელი ქარხანა, სადაც ასობით ადამიანი იყო დასაქმებული. მაშინდელი ადამიანების ცხოვრება იყო იმედიანი. ახლა ჩემი ცხოვრების ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას და ხმამაღლა გეტყვით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა სახელმწიფო, რასაც დღეს ვერ ვხედავ. 1979 წლის ნოემბრის თვეში დამეწყო თავის საშინელი ტკივილები ბათუმელმა ექიმებმა თბილისში გამამწესეს გამოსაკვლევად და სამკურნალოდ, რაზედაც უარი ვთქვი იმის გამო, რომ ბავშვებთან დამტოვებელი არავინ მყავდა. მაშინ აჭარის ჯანმრთელობის სამინისტრომ იზრუნა ჩემს ჯანმრთელობაზე. სურამის ბავშვთა სანატორიუმში გამომიყვეს 2-საგზური ჩემი ბავშვებისათვის. გამატანეს ექიმი, ბავშვები სურამში ჩავაბარეთ პიროვნებებს, მე კი მომათავსეს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში. (მაშინ მე საქ.რკინიგზაში ვმუშაობდი) იქ ყველაფერი უფასო იყო.
მკურნალობა, 3-ჯერადი კვება, შაბათ-კვირას ჰიგიენის დღე. (თეთრეულის გამოცვლა) თითქმის 35 დღე დავყავი იქ. გამოჯამრთელების შემდეგ, გამომიწერეს ბიულეტენი, რაც ხელფასის 90%-ით ამინაზღაურდა, წამოვიყვანე სურამიდან ჩემი კარგად მოვლილი შვილები და ჩავდექი მწყობრში. ეს იმდროინდელი ზღაპრული ცხოვრების ერთი წვეთია ზღვაში ახლანდელთან შედარებით. ამ სიმართლით იმას ვიტყვი, რომ ახლა ავადსახსენებელი კომუნისტების დროის ლოზუნგი იყო: ,,ვსიო დლია ბლაგა ჩელავეკა~. 26 წლის უკან კი შეიცვალა ეს ქართული ლოზუნგით: ,,ყველაფერი კარგი მდიდრებისთვის~.
ახლა კი ბატონ ომარ ხუციშვილის შეკითხვას ვუპასუხებ. თქვენ ამბობთ, რომ 25 წლის წინათ საამური იყო ცხოვრება, ახლა კი რა გვჭირს, რა დაგვემართა?... ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არ ვარ მზადო. თქვენ ყოფილი პარლამენტარი ბრძანდებით. ჩემი გადმოსახედიდან, თქვენ არ გინდათ ამ კითხვას პასუხი გასცეთ და ვინმეს აწყენინოთ. უბრალოდ, არ გინდათ აღიაროთ ის, რომ ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. თქვენ ამას კარგად ხედავთ, არადა ქვეყანა თავზე დაგვენგრა. აკაკი წერეთელი, პატარა ბავშვი იყო მაშინ და მაინც მიხვდა, რომ ბეღელს თაგვი ყავდა შესეული და ყველაზე დიდი თაგვი მოურავი იყო. ჩვენს ქვეყანას კი ვირთხები ჰყავს შესეული.
სულით ხორცამდე შემძრა, და არც თქვენ დაგტოვებდათ გულგრილს, ემიგრანტი, ახალგაზრდა ქართველი ქალის ჩანაწერები.
თქვენ, ახალგაზრდები ხართ, ასეთ რამეზე თვალებს ნუ დახუჭავთ. ამით ისარგებლებს ჩვენი გაუმაძღარი ხელისუფლება. იყავით პოზიტიურები. ძალიან ბევრ საპასუხისმგებლო ადგილზე არაკვალიფიციური, გაუნათლებელი კადრები ზის. ამათ შემხედვარე, არ გაგვიკვირდება, რომ საქართველო ახლო მომავალში არენიდან გაქრეს. ქართველებში არიან ნიჭიერნი, განათლებულნი.. ამ ფონზე ჩემი ბავშვობისდროინდელ წაკითხულ ლექსს შეგახსენებთ: ,,როს ევროპის ბევრმა ხალხმა არ იცოდა ანი, ბანი, მაშინ შოთამ დაამთავრა, მისი ვეფხვისტყაოსანი~ -როს კოლუმბი ულევ ზღვაში - ამერიკას დაეძებდა, მაშინ ვახტანგ მეფე ქართლში, კანონების კრებულს წერდა, როს მსოფლიოს მოევლინა, ფაშისტების შავი ჭირი, აქაც მხსნელად - ქართლის შვილი, იყო სოსო ჯუღაშვილი~. და კიდევ ერთს გეტყვით: ,,1961 წელს, როცა ბელორუს მამას, მუშაობის დროს კომბაინში შეუვარდა თავისი პატარა შვილი, კომბაინერის ბავშვს ორივე ფეხები მუხლებში გადასჭრა, და ეს ,,ამბავი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა~ - მაშინ ვინ გადაარჩინა ეს ბავშვი?.. მოსკოვში უნიჭიერესმა ქართველმა ქირურგმა, (თუ არ ვცდები - გვარად აბჟანდაძემ) 9 საათიანი მუშაობის შემდეგ, ოპერაცია წარმატებით დაამთავრა - (და მშობლების თხოვნით ეს ბავშვი მანვე მონათლა).
ახლა კი ბატონ ჯონი ცინცაძეს ვუპასუხებდი: დიახ, ბატონი ჯონი, იმ კარგი ცხოვრების შემდეგ, ამდენ ცუდს და უარყოფითს ვხედავთ, ამდენი ზიზღი და სიძულვილი, ერთმანეთის მიმართ ბოღმა და სპეციალურად დადგმული სპექტაკლები, გულს გაუხეთქავს ადამიანს. ჩვენი ტრადიცია და მენტალიტეტი სულ სხვაა. (ერთსქესიანი ქორწინება) - ასეთ რაღაცას თუ მოვისმენდი აღარ მეგონა. ვეღარ ვერკვევი ამ ხნის ქალი, ღმერთმა დაგვსაჯა თუ ხალხმა ერთმანეთი დასაჯა?.. სტალინის დროს ისე იყო ქვეყნის ჭიშკრები ჩაკეტილი, უნებართვოდ ჩიტიც კი ვერ შამოფრინდებოდა. ყველგან წესრიგი იყო.
ნიგვზიანიდან ჯემალ დოლიძეს კი ვუპასუხებდი საქართველოში ქართველობის უმცირესობის შესახებ. ბატონო ჯემალ, საქართველოში ქართველობის უმცირესობა თითქმის უკვე არის. ჩვენთან, ჩიბათისა და ლესის სოფლებში, ყოველი მესამე ჭიშკარი დაკეტილია. სიცოცხლე ჩამქრალია. გამრავლება აღარაა. ვაკვირდები, სამწუხაროდ ასეა ჩემი რაიონის სხვა სოფლებშიც. ახლა მორიდების დრო აღარ არის. სათქმელი ხმამაღლა უნდა ითქვას. თუ ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა _ გადადგეს. ეს სირცხვილი სულაც არ არის. დღეს ჩვენ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. ქვეყნისა და ხალხის შელოცვა-გამოლოცვა, ბატონო ომარ, ვეღარ გვიშველის. არის ერთი ქართული ანდაზა: ,,წერე დავთარში, იკითხე ზამთარშიო~. ჩვენს წერას, კითხვას, მოთხოვნებს ჩვენი მთავრობა არაფლად აგდებს, არ ხედავს, არ ესმის. მივმართავ საქართველოს ყველა გულშემატკივარს. მოქმედებაა საჭირო. დაიცავით ჩვენი ქვეყანა. ეს თქვენი მოვალეობაა. მე კი, ა საკოვანი ქალი, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ ჩემი ქვეყნისათვის.
ეთერი კუკულაძე

 

მოიწონეთ სტატია