ჩემს უძვირფასეს ლესის და ჩიბათის მოსახლეობას

2017 წლის 3 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტმა განიხილა მოსახლეობის ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად საჭირო ღონისძიებები.
მიიღო გადაწყვეტილება და გასცა განკარგულება პრემიერ მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით.
ეს განკარგულება გაზეთ ,,ახალი თაობის’’ მიერ ეცნობა მოსახლეობას, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ნომერში.
ჩვენი წერილი იმიტომ შეყოვნდა, რომ ჯერ არ გაგვაჩნდა ზემოთ აღნიშნული განკარგულების წერილობოთი ფორმა. ამჟამად ხელთ გვიპყრია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს განკარგულება. მის საფუძველზე, რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო [და არა კომპანია ,,სოკარი’’, რომელიც ზოგიერთს დღესაც ჰგონია, რომ ჩვენში გაზიფიკაციის სამუშაოებს ანხორციელებს] ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდინოს სოფლების: ლესის, ჩიბათის და ზემო ჩიბათისთვის საჭირო პროექტის დამტკიცება. ასევე, ევალება ფინანსთა სამინისტროს ამ სამუშაოებისათვის თანხების გამოყოფა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საქმეს თავის აქტივში ნუ მიიწერს რაიონის ხელმძღვანელობა. მიმდინარე წლის აპრილიდან ივლისის ბოლომდე ერთი დღითაც არ შეგვინელებია ბრძოლა ამ საქმისათვის.
ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში აღნიშნული სოფლების შეტანა განაპირობა მოსახლეობის აქტიურობამ. მათ გარგად ახსოვთ, როდესაც ენერგეტიკის აჟამინდელი მინისტრის, ბატონ კახა კალაძის სახელზე გაკეთებული წერილისათვის ხელმოწერებს როგორ ვაგროვებდით.
ამ საქმეში დაგვეხმარნენ სოფელ ლესის და ჩიბათის რწმუნებულები, ბატონები იოსებ გოგიჩაიშვილი და კობა კუნჭულია.
ყველაზე ცუდი თვისება უმადურობააო, ნათქვამია. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების საპარლამენტო დეპუტატის, ქალბატონ ნინო წილოსანის მისამართით, მადლობა უნდა ვუთხრათ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, კარგ ჩიბათელ კაცს გულივერ კუნჭულიას, განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო ენერგეტიკის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის,
დავით შარიქაძის გულისხმიერება.
აქვე მინდა გითხრათ 2017 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, საბოლოოდ არ გადაწყვეტილა ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიკაციის საკითხი. ახლა საუბარია ჩასატარებელი სამუშაოების დაპროექტება-დაფინანსებაზე.
მომავალ წელს არანაკლები თავდადება გვმართებს გაზიფიკაციის სამუშაოების დაფინანსების მეორე ტრანშის მისაღებად. მეორე ეტაპზე კვლავ თუ გავიმარჯვებთ, დიდი ალბათობით ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი საკუთარ სახლებში გვექნება, ასე გვითხრეს ენერგეტიკის სამინისტროში. ხოლო ბუნებრივი აირი მოსახლეობისათვის როგორი სიკეთეა, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.
პირობას გაძლევთ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად თავს არ დავზოგავ. თქვენს მხარში დგომაზე ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება.
პატივისცემით კოტე კუნჭულია
 

მოიწონეთ სტატია