„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატი დაასახელა

1

4 ივლისს ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში „ევროპულმა საქართველომ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერად (თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ, სიტყვები „მუნიციპალიტეტის გამგებელი“ შეიცვალა „მუნიციპლიტეტის მერით“) ამირან გიგინეიშვილი წარადგინა. ამ მისიის შესასრულებლად ლანჩხუთს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეწვია. მან თავშეყრილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება საქართველოში - მოსახლეობამ საკუთარი, მართალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ვინმეს ზევიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა. მან თქვა - „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად შესაძლებელი გახდება ლანჩხუთელი პენსიონერებისთვის პენსიის თვეში 20 ლარით მატება. შეპირება რეალური უნდა იყოს და არა ისეთი, როცა გაზის ტარიფის შემცირებას შეჰპირდა მმართელი ძალა ხალხს და ამ დღეებში პირიქით, 12 თეთრით გააძვირა.
 
ამირან გიგინეიშვილთან დაკავშირებით ბატონმამა დავითმა განაცხადა, რომ იგი ლანჩხუთელია, აქვს თვითმმართველობის საქმიანობაში ძალიან დიდი ხნის გამოცდილება, არის ექსპერტი და ზუსტად იცის რა სჭირდება ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებს. შემდეგ სიტყვა გადასცა ამირან გიგინეიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართელობა არ არის გლობალური პოლიტიკის კეთების ადგილი. ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობაა დამოუკიდებლად მოაგვაროს ადგილობრივი პრობლემები, განახორციელოს ადგილობრივი პროგრამები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩეულმა მერმა თუ საკრებულომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოსახლეობა ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მერი არ არის დირექტორი და არა აქვს უფლება ყველაფერი ისე გადაწყვიტოს როგორც მას უნდა. იგი არც რაიკომის მდივანია, რომ მუდმივად ცეკას მითითებები და გადაწყვეტილებები ასრულოს. ამიტომ მისი არჩევის შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა იმ დასახლებაში, სადაც კი ამის სურვილი ექნება მოსახლეობას, ჩამოყალიბდება დასახლების საერთო კრებები, აირჩევა რჩეულები. სოფელმა ყველაზე კარგად იცის რა სჭირდება მას. მერთან აუცილებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, სადაც მიწვეული იქნებიან ავტორიტეტული ლანჩხუთელები, კრებების რჩეულები. მან თქვა, რომ მისი გზავნილი მოსახლეობისადმი არის - პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ერთგულება. პროფესიონალიზმი ნებისმიერი საქმის განხორციელების დროს, პატიოსნება, რომელიც გამორიცხავს 10%-ნ წილებს, ატკატებს, ნეპოტიზმს და ერთგულება ლანჩხუთელებისადმი, რომელთათვისაც არასოდეს უღალატია და ასეთივე ერთგული დარჩება ბოლომდე.
 
2
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაზუსტებულია „ევროპული საქართველოს“ პარტიული სია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც ასე გამოიყურება: „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბიულეტენში 2 ნომერი იქნება. სიის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ირაკლი მარშანიშვილი, 2. ამირან გიგინეიშვილი, 3. ავთანდილ სურმანიძე, 4. გოჩა ჯანაშია და 5. ირაკლი გორგაძე.

მოიწონეთ სტატია