ტვირთი და დედამიწა

აქ დიდი ტვირთი დევს.
აქ დედამიწის ღერძია და ჩვენი დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ წონასწორობადაკარგულია. თითქოს დედამიწასაც უჭირს და ტვირთის ქვეშ იდრიკება, იჭნიხება, წვალობს...
რას აღარ უძლებს!.. ღვთის შვილთა ყველა განცდა, ემოცია, ტკივილი, სიხარულიც ხომ მასზე ირეკლება, მასში გადადის და დრტვინავს, დრტვინავს...
ღმერთო ჩვენო, როგორ ჰგავს მისი ყოფა ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას.
ნუთუ არ შეგინიშნავთ მისი მრისხანება ადამიანთა გაუთავებელი მრისხანებით რომ შეუკრებია.
მისი ტკივილი ჩვენი ტკივილებით არის ნასაზრდოები. მისი ნაღველი, ჩვენგან თითქოს სადინარებით ჩასდენია, ცრემლად ქცეული.
თითქოს ფერიც დაუკარგავს განათებული სახეების ვეღარმხილველს.
...პირქუში საუკუნე თითქოს დედამიწასაც ებრძვის, ისევე როგორც ჩვენ.
ადამიანთა ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, ვიცით, მაგრამ მაინც გვიკვირს რატომ ამდენი ვაივაგლახი?
აქ უზარმაზარი ტვირთი დევს პასუხგაუცემელი კითხვების, მოლოდინის...
და ტვირთის სიმძიმე იზრდება...
და თითქოს დედამიწაც წელში იდრიკება, ისევე როგორც ჩვენ...
მსახვრალ დროს მიაქვს ყოფა და თითქოს გვავიწყებს ამქვეყნიურ ღირებულებებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს.
იმდენად სწრაფად ტრიალებს დედამიწა თავისი ღერძის ირგვლივ, რომ ლამისაა ჩამოვცვივდეთ... როგორ არ მინდა რომ ჩამოვცვივდეთ...
მაინც მჯერა რომ არ ჩამოვცვივდებით...
დიახ, დედამიწა ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ მჯერა ღმერთი და ღვთის ნაბოძები ჩვენივე გონიერება დაგვიფარავს.
პ.ს. მე გადავწყვიტე განვაახლო ხმამაღალი ფიქრი, თქვენთან ერთად, იმის შესახებ როგორ არ ჩამოვცვივდეთ ჩვენი დედამიწიდან, ის ხომ ჩვენია, ვერავინ წაგვართმევს!..
ნონა გიგინეიშვილი

 

მოიწონეთ სტატია