რატომ იმყოფებოდა ლანჩხუთში ვეტერანთა სამსახურის დირექტორი

გუშინწინ, ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთელ ვეტერანებს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, იურისტი მიშა ხურციძე, პროტოკოლის უფროსი ეკატერინე ფაჩულია, რეგიონული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი, სამსახურის ადგილობრივი განყოფილების უფროსი შოთა ფირცხალაიშვილი. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე.
სტუმრები ვეტერანებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ და შეკითხვებზეც სათანადო პასუხები გასცენ.
ვლადიმერ იმნაძის თქმით, ჩამოსვლის მიზანი იმ სიახლეების გაცნობაა ვეტერანებისთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის გათვალისწინებული: „ეს ეხება საკანონმდებლო ინიციატივებიდან დაწყებული სხვა სოციალური პროექტებით გაგრძელებული. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას ჩვენი სტატისტიკის მიხედვით. ამისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს. მან ბევრი დახმარება გაუწია ვეტერანებს. ეს მე აღვნიშნე კიდეც მხარის გუბერნატორთან შეხვედრაზე, მთავრობის წევრებთან საუბრისას. დღეს 22 ლარიან დახმარებას იღებს ყველა ვეტერანი. გეთანხმებით, რომ ის მცირე თანხაა. სახელმწიფო იმდენს იძლევა, რამდენი საშუალებაც აქვს. ჩვენ ინდექსაცია გავაკეთეთ. ვფიქრობთ, ეს თანხა 60 ლარამდე გავზარდოთ. ავღანეთის კონფლიქტი მონაწილეებზეც უნდა ვთქვა. ისინი ამ 22 ლარსაც ვერ იღებენ. ეს იმიტომ მოხდა, როცა კანონი იწერებოდა ვიღაცას ეს ბიჭები გამორჩა. როცა ეს საკითხი მოგვარდება, შემდეგ უნდა ვიფიქროთ ყველასთვის თანხის მატებაზე. ასევე სერიოზულად ვფიქრობთ დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე. ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია. საქმე იმაშია, რომ დღეს ვეტერანთა ნაწილი 3000 ლარის ფარგლებში სარგებლობს ამ შეღავათით. ჩვენ გვინდა ის 6000 ლარამდე გავზარდოთ.“
დაუბეგრავი მინიმუმის თემას და არა მარტო მას ვეტერანების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა: „რა 6000-ზე საუბრობთ, როცა ის განუსაზღვრელი უნდა იყოსო. ვინ მოგვცა ჩვენ ვეტერანის მოწმობა?! ეს იმიტომ მივიღეთ, რომ სამშობლოს ვემსახურეთ. დღეს მეორე ჯგუფის ინვალიდები 100 ლარს ვიღებთ პენსიას, მადლობა ლანჩხუთის გამგებელს, რომ 50 ლარს გვიმატებს, სხვა ჩვენი პატრონი არავინაა. ჩემი სამშობლოსათვის დავიჭერი. დღეს ხეირიან სამედიცინო დახმარებასაც ვერ ვიღებთ. თბილისში იამანიძის ქუჩაზე იყო სამედიცინო ცენტრი, მაგრამ იქაც არაფერია დღეს. სად წავიდეთ, ვინ მივმართოთ?!“.
ვეტერანებმა ისიც თქვეს, რომ მილიონებია შეჭმული თავის დროზე და ამიტომაც არის ჯეროვან ყურადღებას რომ არ გვაქცევენო.
საკმაოდ ემოციური იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსლან წულაძის დედის, ლიდია წულაძის გამოსვლა: „მე ეროვნებით რუსი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ქართულად და ქართული ტრადიციების დაცვით აღვზარდე. ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს მთლიანობისთვის. ძნელია ჩემი ყოფა და ჩემნაირი დედების, მაგრამ ჩვენი შვილების უკვდავებისთვის ვცოცხლობთ. სამედიცინო დახმარება მჭირდება, ვიყავი სამხედრო ჰოსპიტალში, იქედან სხვაგან გამიშვეს, სადაც ფული არის გადასახდელი. როგორც ვიცი, ჩვენ გარკვეული შეღავათები უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენი შემოსავლებით კი ამას ვერ ვახერხებთ.“
ვეტერანთა სამსახურის დირექტორმა დასმულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. ქალბატონ ლიდიას უთხრა, რომ თუ ასეთი პრობლემაა წერილობით აუცილებლად მოგვმართეთ, მოგვიტანეთ ფორმა 100 და ანგარიშ-ფაქტურა, ჩვენს მას ავანაზღაურებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული ზღვარი ფინანსური კუთხით აქაც უნდა იყოს დაცული.
„აქ ითქვა, რომ 100 ლარი მაქვს პენსია და ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდიო. ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. მე როგორც ვიცი, მეორე ჯგუფზე 250 ლარია პენსია. ჩემთან ერთად აქ არის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი და ის აუცილებლად დაგეხმარებათ სიმართლის დადგენაში. ჩვენს სამსახურში ყოველდღიურად 1200 ან 1300 წერილი შემოდის. ლანჩხუთიდან ერთი თუ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ან აქ გაქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, ან კიდევ უბრალოდ თქვენ ხელი გაქვთ ჩაქნეული, რომ არავინ არ მოგეხმარებათ. მეც ასე ვიყავი თავის დროზე. 2005 წელს როცა უმუშევარი დავრჩი, ბიჭებმა ძალით გამაკეთებინეს ვეტერანის მოწმობა, რომ რაღაც შეღავათით მესარგებლა. მანამდე არ დავინტერესებულვარ. ჩვენთან დღესაც დევს განცხადებები და ითხოვენ სტატუსს. ბევრია ასეთი, შეიძლება 2 ან 3 ათასიც,“ _ განაცხადა ბატონმა ვლადიმერმა.
დარბაზიდან ისევ ურეპლიკეს, ძნელია დღეს ვეტერანის მოწმობის აღება და ამიტომ ბევრმა ხელი ჩაიქნიაო.
„იცით, რატომ გვაქვს დღეს ის პრობლემები, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ? იმიტომ, რომ ერთად არ დავდექით. ვეტერანის მოწმობის აღებას სჭირდება ორი თანამებრძოლის დასტური და ოფიცრის ხელწერა. ნოტარიუსთან მიხვალთ და 10 ლარად გააკეთებთ ამას. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთან 73000 ბენეფიციალია. მიმდინარეობს მათი გადამოწმება. არის და ვადასტურებ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უკანონოდ აქვთ ეს სტატუსი მოპოვებული. ყველა მათგანი გამოაშკარავდება. ერთ მაგალითს გეტყვით, შვილმკვდარი დედა იღებს 1000 ლარიან დახმარებას ომში დაღუპულის გამო და ამ დროს მისი შვილი არა ფრონტის ხაზზე დაიღუპა, არამედ 5 წლის შემდეგ მოსკოვში მენინგიტით. მოდი, ასეთ ადამიანს უთხარი, ეს თანხა არ გეკუთვნისო. არადა, კანონით მართლაც არ ეკუთვნის,“ – განაცხადეს სტუმრებმა.
ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს არსებულ კანონზეც ისაუბრეს: „1995 წელს საბჭოთა კავშირიდან პირდაპირ გადმოწერეს კანონი და მიიღეს. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე კარგი კანონი, რომელიც ვეტერანების მიმართ მიღებულა, მაგრამ მაშინ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ის ვერ შესრულდა. შემდეგ, 1997 წელს ეს კანონი შეიცვალა და თუ იყო 20 გვერდიანი, გახდა 10-იანი, გაანახევრეს, ანუ იმ სიტუაციას მოარგეს, რომელიც მაშინ იყო ქვეყანაში შექმნილი. 2006 წელს კი 10 ფურცლიანი ისევ შეამცირეს და გახდა 6-იანი. ახლა წარმოიდგინეთ, ამ 6 ფურცელში რა იქნებოდა დაწერილი. მაშინ საერთოდ ვეტერანის სტატუსიც კი გათელეს. ჩვენ, დაკარგული გვაქვს 25 წელი, ამის მიზეზი ის არის, რომ ერთად არ ვიდექით.“
„რაც შეეხება ზემოთ თქმულ იამანიძეზე მდებარე საავადმყოფოს, სადაც თურმე ვეტერანების ნაწილი მკურნალობდა. იმ პირობებშია იქაურობა, ის არ ეკადრება საქართველოს ვეტერანს. გასული საუკუნის 60-იან წლებში გეგონება თავი. სტალინის დროინდელი რენტგენის აპარატია იქ. იამანიძეზე ვერანაირ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებდით. თუ იღებდით, ეს მხოლოდ პროფესიონალი ექიმების დამსახურებით. სხვაგან არის დაგეგმილი კარგი სამედიცინო ცენტრი გაკეთება და იმედია, ყველაფერი დროულად მოხერხდება,“ _ ითქვა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე იკითხეს, იმ ვეტერანების ბედზეც, რომელთა სახლების მეწყერსაშიშ ზონაშია.
სტუმრების განმარტებით შეფასებისას განსხვავება არ იყო და ვეტერანი პრივილეგიით ვერ სარგებლობდა, მაგრამ ქულების დათვლის პროცესში გარკვეული შეღავათი უკვე არის. სოზარ სუბართანაც, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, შედგა საუბარი და მისგანაც წამოვიდა დახმარების სურვილიო.
ლანჩხუთელმა დოდო გუგეშაშვილმა რამდენიმე შენიშვნაც გააკეთა დარბაზიდან წამოსული რეპლიკების გამო: „მე ვარ ლანჩხუთელი რაჭველი. ერთიც მიხარია და მეორეც. დღეს ვარ ჩემს მშობლიურ ლანჩხუთში და მადლობას ვუხდი აქაურ ხელმძღვანელობას ჩემი ბიჭების მიმართ გაწეული დახმარებისთვის. აქ გაიჟღერა, რომ იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ მილიონები სადღაც წავიდაო. არ არის ასე ბატონებო. იცით სად წავიდა ეს მილიონები, ახლავე გეტყვით: მაღალი დონის პროტეზები რომ აქვთ ჩვენს ვეტერანებს, სწორედ ამაში წავიდა ის მილიონები; 250 ლარს რომ ვაძლევთ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებს და ვეტერანთა სამსახური, კიდევ 500-ს რომ ამატებს, სწორედ ამაში წავიდა ის მილიონები. ფორმა 100-ს რომ წარადგეს ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად და დაგეხმარებიან, გინდ წამლებით, გინდაც უფასო ოპერაციით, სწორედ ამაში წავიდა ეს მილიონები. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ჩვენ ვცდილობთ ყველა ის გავითვალისწინეოთ, რაც თქვენ, ჩვენ გვტკივა. სამშობლოსათვის თავდადება ეს ძალიან დიდი რამ არის და ეს ყოველგვარ ფულზე და ანაზღაურებაზე მაღალია.“
ზაზა ურუშაძის თქმით, _ ვეტერანებს ის ბოლომდე დაუდგება გვერდში და რამდენიმე მაგალითიც ჩამოთვალა თუ რა ხდება ამ მხრივ მუნიციპალიტეტში: „სოციალურ სამსახურში ცალკე შტატი გვაქვს, რომელიც ემსახურება მარტო ვეტერანებს. გვაქვს რამდენიმე სოციალური პროგრამა, რომელიც ყოველთვიურად მუშაობს. სხვადასხვა ღირსშესანიშნავ დღეებში ვეტერანებისთვის გათვალისწინებული გვაქვს ერთჯერადი ფულადი დახმარებები. ჩვენთან იყო მემორიალები, რამდენიმე უკვე აღვადგინეთ. მისი დაშლა და განადგურება არ შეიძლება, ეს ჩვენი ისტორიაა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, შოთა ფირცხალაიშვილს, რომელიც მუდამ ვეტერანების გვერდით ტრიალებს და აქტიურ კავშირშია ჩვენთან.“
შოთა ფირცხალაიშვილმა სტუმრებს შუქრი ჭყონიას თემა შეახსენა, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად ეტლს არის მიჯაჭვული: „აქ მისი დედა იმყოფება. მას მოერიდა გამოსვლა, მე გეტყვით რას ფიქრობს ის. მადლობა, რომ ამ ოჯახს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეთ. ოჯახს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი განიცადა. აქვე იმასაც დავძენ, რომ ამ ბიჭზე ძალიან კარგი შედეგი არის, კიდევ სჭირდება დახმარება და გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ მიაქციოთ ყურადღება.“
ვლადიმერ იმნაძის თქმით, _ ის ძველი მეომარია და მეომრებს შუა გზაში ერთმანეთის მიტოვება არ სჩვევიათ:
„როგორც ვიცი, ეს ბიჭი იყო სომხეთში, სადაც გაიარა რეაბილიტაციის კურსი. რა თქმა უნდა დავეხმარებით. ჯანდაცვის სამინისტროშიც მქონდა ამ თემაზე საუბარი, მთავრობაშიც. მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ერთად თქვენი აქტიურობით ჩვენ ბევრს სასიკეთო საქმეს შევძლებთ“.

 

მოიწონეთ სტატია