`ვის მადარებთ _ კრიმინალსა და ნასამართლევ მერაბ ქარჩავას? ხომ არ გგონიათ, მისი სიძის მეშინია! რადგან შს მინისტრის მოადგილის გავლენით ზის სკამზე, ჩამოვიდეს მაშინ ეს კაცი და დააშოშმინოს თავისი სიმამრი~

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელი სხდომა გამორჩეულად ემოციური იყო, განსაკუთრებით დასკვნითი ნაწილი, ანუ ,,სხვადასხვა“.
პირველად ტრიბუნასთან გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ელენე იმნაძე მივიდა. საკითხი ეხებოდა ლანჩხუთის გამგეობის თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცებას. მოხსენების წაკითხვის შემდეგ, სიტყვა ითხოვა აცანის მაჟორიტარმა ემზარ თევდორაძემ, რომელმაც გაკვირვება გამოხატა, რომ შესაძლოა უსამსახუროდ დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები, ხოლო მათ, ვისაც გამგებელი მოისურვებს, ექნებათ მაღალი ხელფასები.
,,დიდი ბოდიში, მაგრამ რწმუნებულები აქციეს ფოსტალიონებად და ამაში მათ ვუხდით 900 ლარს, ეს არის ხმებისთვის ბრძოლა~ _ განაცხადა კახა ასკურავამ.
ჯუმბერ ბლაგიძის თქმით, სოფელი უნდა იყოს მეტად დაფასებული და არ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს იქ დანიშნული, რომელიც არ იცნობს ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლის სპეციფიკას. ბლაგიძეს გამბედაობა დაუწუნა ასკურავამ: ,,ჯუმბერ, პირდაპირ თქვი სათქმელი, ნუ იმართლებ თავს წინასწარ იმის გამო, რომ შემდეგ ხელის აწევა გიწევს. რწმუნებულს არაფერი სჭირდება, გარდა გამგებლის მხარდაჭერისა, მას არც სორბონის უნივერსტიტეტის დიპლომს მოთხოვს არავინ“.
დარეჯან ბურჭულაძემ თანაშემწეების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი არასამართლიან პოზიციაში ჩააყენეს, გაიარეს ტესტირებები, თუმცა მაინც ისინი დანიშნეს, ვინც გამგებელს სურდა. ია ჩხაიძის თქმით _ მერე რა მოხდა, ცოდნა და გამოცდილება მიიღესო.
დავით ჩხარტიშვილმა და გიორგი მორჩილაძემ რწმუნებულების დაუცველობაზე ისაუბრეს, ანუ როცა უნდათ, მაშინ რომ ხსნიან, მათი არაეფექტური მუშაობის მიზეზი სწორედ ესააო. ადამ ხუხუნაიშვილის განცხადებით, სოფლებს „საკონტროლო გასროლა“ გაუკეთეს მაშინ, როცა სოფლად არსებული საკრებულოები გააუქმეს. ელისო ჭიჭინაძემ რწმუნებულების უფლებამოსილების ვადაზე გაამახვილა ყურადღება, ალეკო სარიშვილმა _ სტატუსსა და ლეგიტიმაციაზე, ხოლო კახა ურუშაძეს, ტრადიციულად, „ნაციონალების“ მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები არ მოეწონა. აკაკი იმნაიშვილსაც სურდა სიტყვის თქმა, მაგრამ რატომღაც გოგი ხელაძემ არ მისცა ამის საშუალება. საბოლოო ჯამში, საკითხი მხარდაჭერილი იქნა.
ამის შემდეგ მომხსენებლის ადგილი ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ დაიკავა, რომელმაც ლანჩხუთის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თნამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ საკითხი წარმოადგინა. მსჯელობა არ შემდგარა, საკითხს ისე დაუჭირეს მხარი.
შემდეგ გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, გოგი ფაცურიას ჯერი დადგა. მომხსენებელმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის სერვისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი წარმოადგინა. კამათი ან მსჯელობა არც აქ შემდგარა. ასევე წყნარად გაიარა ,,ა(ა)იპ „საგარეო_ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრისთვის“ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ დაყენებულმა საკითხმა. გოგი ფაცურიამ ასევე წარმოადგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი. აქ გიორგი ჩახვაძე მივიდა მიკროფონთან და ჩიბათში გასაკეთებელ მინი-სტადიონზე ისაუბრა. მისი თქმით, მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ გაიყიდებოდა ჩიბათის თემში არსებული დამწვარი ადმინისტრაციული შენობა და შემოსული თანხით დასრულდებოდა მოედნის მშენებლობა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. რომან ბიწაძის თქმით, ამ შენობის გაყიდვით მიღებული თანხას მინი-სტადიონისთვის არავინ გაიმეტებს.
„მართალია, გიორგი ჩახვაძე დაპირდა ახალგაზრდებს მოედანს და უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი, მაგრამ ტყუილს ნუ ვეტყვით, ვინაიდან ის თანხა, რომელიც შენობის გაყიდვით მიიღება, უბრალოდ, შევა ბიუჯეტში, მაგრამ ჩიბათს არ და ვერ მოხმარდება, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ 26%-ითაა შესრულებული“ _ განაცხადა გია გოგუაძემ.
შემდეგი საკითხიც გოგი ფაცურიამ წარმოადგინა _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ სიტყვა დაასრულა თუ არა, გოგი მორჩილაძემ ამ კუთხით აკეთის თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, აკაკი იმნაიშვილმა შუხუთის კულტურის სახლის შენობაზე იკითხა: „უკვე რვა თვეა გაურკვევლობაშია შუხუთის მოსახლეობა. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ხან ადამიანებიც შედიან, სანამ უბედურება მომხდარა, დროზე გადავწყვიტოთ ამ შენობის ბედი. ნაწილი მოსახლეობისა ფიქრობს, რომ უნდა დაიშალოს, ნაწილი კი _ პირიქით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავიშოროთ მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან და ექსპერტიზამ დადოს საბოლოო დასკვნა. არც ისეთი ძვირი არ ჯდება ექსპერტის მოწვევა“.
გოგი ფაცურიას თმით, ამ შენობასთან დაკავშირებით აუდიტმა დაწერა, რომ ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ახლა ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარებას, რათა საბოლოოდ დადგინდეს, მართლაც ასეა თუ არა. ,,კი, მაგრამ ამ ცდაში რა პასუხი გავცეთ შუხუთის მოსახლეობას“ _ წუხდა იმნაიშვილი.
მომდევნო გამომსვლელი ლანჩხუთის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია გახლდათ საკითხით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბატონმა როლანდმა „ტექ-სერვისისათვის“ თანხის მომატებაზე ისაუბრა, კახა ასკურავამ მას ჰკითხა: ,,ანუ რა გამოდის, „ტექ-სერვისმა“ ჯერ უარი თქვა თანხაზე, ახლა კი ითხოვს გაზრდას?“
„დიახ, ასე გამოვიდა“ _ იყო პასუხი.
,,კარგი, გასაგებია“ – ჩაიცინა ასკურავამ და სკამს დაუბრუნდა.
ბესო ტაბიძეც შეემატა მომხსენებელთა სიას, მან დეპუტატებს დასამტკიცებლად წარუდგინა ლანჩხუთის საკრებულოს მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხი, რასაც მხარი კამათის გარეშე დაუჭირეს.
ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო, ანუ ,,სხვადასხვა“. თემურ ალექსაიამ წარმოადგინა წერილი, რომლის ადრესატები იყვნენ როგორც გამგებელი, ასევე საკრებულოს წევრები. წერილში თემურ მიქაძე თხოვს შესაბამის სამსახურებს ა(ა)იპ „ლანჩხუთის გურია“ ჩაანაცვლონ შპს-თი. ამასთან დაკავშირებით, რომან ბიწაძემ განაცხადა, რომ რა აზრი აქვს აქ, საკრებულოში იმის განხილვას, რასაც ქმნის და წყვეტს გამგებელი, ეს ტყუილად დაკარგული დრო იქნებაო. გია გოგუაძის განცხადებით, მართლაც უპრიანი იქნება გამგებელმა იშუამდგომლოს ფეხბურთის ფედერაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ამით ლანჩხუთის ,,გურია“ არაფერს კარგავს, ხოლო ა(ა)იპ-ის რჩება ქონება, რომლის ადეკვატური გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე, დეპუტატების განცხადებით, აუცილებელია თავად წარმომადგენლის მოსვლა საკრებულოში.
ჯუმბერ ბლაგიძემ, ტრადიციულად, იაქტიურა ,,სხვადასხვაში“, მან დაგმო ჩინური კომპანიის უპასუხისმგემბლობა, რის გამოც სუფსელები საყანე ფართობებში ვერ შედიან. საკრებულოს თავკაცს რატომღაც არ მოეწონა ჩინელების კრიტიკა, თუმცა ბლაგიძემ უკან არ დაიხია. მან ასევე იკითხა ნაგვის ურნებზეც, ასე ბლომად რომ ჩამოვიდა, მაგრამ სუფსელებს ესეც არ ეღირსათო.
დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძემ მაწანწალა ძაღლებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე სასაფლაოს მოუწესრიგებელ შიდა გზებზე.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა გელა ზოიძე, რომლის თქმით, მისი ა(ა)იპ-ი არ არის ჭიაყელა, რომელიც გაიწელება და ყველაფერს შეძლებს: ,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შეწამვლის პროცედურები წარიმართოს მაღალ დონეზე, შესაბამისად, არც გვაქვს სერიოზული ექსცესები, მაგრამ ამასთან, არ გვაქვს არანაირი ფინანსური ხელშეწყობა. ჩვენი მანქანა, რომელიც ემსახურება ამ საქმეს, არის ძალიან ძველი, ახლაც ნინოშვილში აყენია გაფუჭებული. ჩვენი თანამშრომლები თავისით ახერხებენ იმას, რომ ვიფუნქციონიროთ, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვითხოვთ ხელფასების მომატებას, თუმცა ესეც პრობლემაა. ჩვენ გვინდა ტრანსპორტი იყოს მუშა მდგომარეობაში, აგრეთვე საწვავის პრობლემაც არ იდგეს. რამდენჯერ უნდა შევაკეთოთ ნისიად მანქანა. თუ გინდათ ცენტრმა საქმე გააკეთოს, მოგვხედეთ“.
ემზარ თევდორაძემ აცანის მკვიდრ ლოლა ჩხაიძის პრობლემის შესახებ ამცნო დამსწრე საზოგადოებას _ როგორც გაირკვა, ეს ქალბატონი სტიქიამ დააზარალა, შემდეგ კი განცხადება დაუგვიანდა, რამაც შექმნა პრობლემები, მას აგრეთვე ჰყავს ავადმყოფი შვილი და მისი დახმარება აუცილებელიაო.
სიტყვა მიეცა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ადელინა კილაძეს, რომელმაც, ალბათ, შემდეგ ინანა საერთოდ გამოსვლა. მან ვრცლად ისაუბრა კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მცირე ბიუჯეტზე, მომატებულ ხარჯზე. ისევ წამოდგა ემზარ თევდორაძე (საერთოდაც, ამ დღეს ის ყველაზე აქტიური იყო) და მიმართა კულტურის შეფს: ,,ალბათ, ყველაზე მწვავედ დგას აცანის კულტურის სახლის და მისი ფუნქციონირების პრობლემა, გინდ კადრები აიღეთ, გინდ სახელფასო განაკვეთები, თუნდაც ინფრასტრუქტურა. ამბობენ, რომ ყველა ჩვენი წინააღმდეგია, პარტია, სუსი და რა ვიცი. ის კი არადა, გაბედეს და ანსამბლ ,,აცაურას“ დახურვით დაემუქრნენ! თავი არ შერჩება მხრებზე, ვინც ამას ფიქრობს. ქალბატონო ადელინა, თუ მართავთ, თქვენ მართეთ კულტურის ცენტრი!“
დარეჯან ბურჭულაძემ ისაუბრა პარტიული ნიშნით თნამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, აკაკი იმნაიშვილმა ბიბლიოთეკა მოითხოვა შუხუთში. თუმცა ეს გამოსვლები არაფერია იმასთან შედარებიც, რაც შემდეგ მოხდა.
მიკროფონთან ვალოდია წულაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი მაია ჩხაიძე მივიდა: ,,მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მაგრამ აივსო მოთმინების ფიალა, კულტურის სახლის დირექტორად დანიშნეს კაცი, რომელიც არის პროფესიით ინჟინერი, მძიმე დანაშაულზე ნასამართლევი _ მერაბ ქარჩავა, რომელიც გამოირჩევა დისკრიმინაციული ქმედებებით. პირადად დამემუქრა, რომ კიტრივით წაგაცლი თავსო. როდესაც მე, ხელოვნების მაგისტრს მბლოკავენ, საინტერესოა, ასეთი კვალიფიკაციის და წარსულის მქონე ადამიანს რატომ აძლევენ ამხელა უფლებებს?! ხომ არ გგონიათ, მისი შს მინისტრის მოადგილე სიძის მეშინია!!!“
მან ასევე ისაუბრა დაბალ სახელფასო განაკვეთებზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, თუმცა მისი მთავარი რისხვა მაინც მერაბ ქარჩავას პერსონისკენ იყო მიმართული. თითქოს ჯაჭვის რგოლის შესაკრავად უმალ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, ნონა იმნაძის კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ხელისუფლებამ. ,,არანაირი ხელშეწყობა, მხოლოდ ტყუილი და ტყუილი, წიგნიც კი ვერ დაგვიბეჭდეს ლანჩხუთზე. თაგვის ბუდედაა ქცეული დღეს მუზეუმი. რა მრჯიდა, დღევანდელი გამგებლის მოყვანისთვის ვიკლავდი თავს, გია გოგუაძე გაცილებით ყურადღებით გვექცეოდა, მაგრამ არ ვაცალეთ _ ბოდიში მაქვს მოსახდელი, მისი გამგებლობისას მუზეუმი ოპოზიციის ბუდედ გვქონდა ქცეული“ _ თქვა იმნაძემ.
ლანჩხუთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ კომისიის ჩართვის აუცილებლობა დაინახა. დავით ჩხარტიშვილმა ნაცისტური რეჟიმის დროს დაწერილი გერმანელის წერილი გაიხსენა: ,,მე ვდუმდი, როდესაც ჩემს მეზობელს მიადგნენ, ვდუმდი ყოველთვის, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვსცადე! ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ხალხს ჩვენ მაინც უნდა მივხედოთ, თუნდაც კომისიის კომპეტენციის ფარგლებში“.
მას კახა ურუშაძემ ურეპლიკა _ ამისთვის კომისიის სხდომას უნდა დაესწროო!
მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა ლალი რამიშვილმაც დაგმო არსებული სიტუაცია და მხარდაჭერისკენ მოუწოდა ყველას. ,,თუ კი ჩემი საქმიანობა, მართლაც 212 ლარს ითვალისწინებს, მაშინ ჩვენი საქმე საქმე არ ყოფილა და ტყუილად ვირჯებით, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ მორიელების ბუდედ ქცეულ მუზეუმში~.
ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა სცადა ადელინა კილაძემ, მან დაამშვიდა აცანლები და უთხრა, რომ „აცაურა“ არ დაიშლება. ასევე დაპირდა მაია ჩხაიძეს, რომ მუზეუმს სკამებს შეუძენდნენ. ისაუბრა პრეზიდენტის პროექტზე ,,კომპიუტერი ყველა ბიბლიოთეკაში“, ასევე დაამატა, რომ ამან სერიოზული ფინანსური მომსახურება მოითხოვა. შემდეგ მიუბრუნდა მაია ჩხაიძეს: ,,მაიკო, მე შენთან პოლემიკაში არ შემოვდივარ, თუმცა გეტყვი, რომ სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავდე, საკუთარ თვალში დირე დაინახე!“ მყისვე მიიჭრა მიკროფონთან მაია ჩხაიძე და პასუხი მოსთხოვა კულტური შეფს: ,,დაკონკრეტდით, რას გულისხმობთ და ვის მადარებთ _ კრიმინალსა და ნასამართლევ ქარჩავას? შს მინისტრის მოადგილის გავლენით რადგან ზის ქარჩავა სკამზე, ჩამოვიდეს მაშინ ეს კაცი და დააშოშმინოს თავისი სიმამრი. თქვენ კი, ქალბატონო ადელინა, 60 წელი გალიეთ და პედაგოგის სტატუსს ვერ გასცდით, ხოლო მე ხელოვნების მაგისტრი ვარ! თქვენი სიტყვების გამო პასუხს აგებთ. მაგ სკამზეც რა გზით ხარ მოხვედრილი, ესეც საკითხავია!“
რა თქმა უნდა, მაია ჩხაიძე ამით არ დაკმაყოფილებულა და ვითარების განსამუხტად სხდომაც დამთავრებულად გამოცხადდა. ამ გაწამაწიაში ია ჩხაიძე და კახა ასკურავა დაეტაკნენ ერთმანეთს, წარსულს და აწმყოს ახსენებდნენ, თითქმის ყველა მაგიდასთან დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა. უკვე გარეთ გასულმა კახა ურუშაძემ მაია ჩხაიძეს უთხრა _ ადელინას ადგილზე რომ ვიყო, ყველას გაგანთავისუფლებდითო. აქ უკვე მაია ჩხაიძის შეჩერება შეუძლებელი გახდა და მისი კრიტიკა მთლიანად ადგილობრივ ხელისუფლებას დაატყდა თავს...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია